რა შეგვიჩერა COVID-19-მა და როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის გამო, რომელმაც ევროპის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გარდა, სხვა ტურნირებზე იმოქმედა.

უკვე ცნობილია, რომ გადაიდო ყველა ის ტურნირი, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით 15 აპრილამდე უნდა გამართულიყო და არაა გამორიცხული ეს ვადა გახანგრძლივდეს. მათ შორისაა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც 12-18 აპრილს კალინინგრადს უნდა ემასპინძლა და სადაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ტიტულის დასაცავად უნდა ებრძოლა.

უმცროს ბორჯღალოსნებს ევროპის ჩემპიონატამდე დაგეგმილი ჰქონდათ ტურნე სამხრეთ აფრიკაში (20-30 მარტი), რომლის დროსაც 23-28 მარტს საერთაშორისო ტურნირში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ქართველი 18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში აღარ გაემგზავრებიან.

18 აპრილს ასევე სამხრეთ აფრიკაში უნდა გაემგზავროს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც იტალიაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთ აფრიკული ტურნე.

7-ქალა ნაკრებს აპრილის ბოლოს დაგეგმილი აქვს ბონის (გერმანია), ხოლო მაისში პარიზის ტურნირში მონაწილეობა, 7-კაცა ნაკრებს კი მაისის ბოლოს ბენიდორნის (ესპანეთის), ხოლო ივნისის დასაწყისში ტურის (საფრანგეთი) მოსამზადებელი ტურნირი ევროპის გრან პრისთვის.

მარტის ბოლომდე გადაიდო დიდი 10-ის მატჩები (ასევე რაგბის კავშირის ეგიდით მიმდინარე ყველა შეჯიბრი) და არაა გამორიცხული ეს პერიოდი გახანგრძლივდეს. რაგბის კავშირი აქტიურ კონტაქტშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ყველა გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების შესაბამისად იღებს, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მოთამაშეთა უსაფრთხოება და უნებლიეთ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

„ყოველდღიური და მრავალჯერადი კონტაქტი გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსთან, ქალბატონ ანა კასრაძესთან. ყოველ წუთას იცვლება სიტუაცია და მათთან შეთანხმებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ადრეულ ეტაპზე შევაჩერეთ ჭაბუკთა და საფესტივალო ტურნირები, მოგვიანებით კი კაცთა ლიგებიც, რათა ვირუსს არ მივცეთ გავრცელების შესაძლებლობა. ასევე ვაძლევთ რეკომენდაციას გუნდებს, რომ გარკვეული პერიოდით შეაჩერონ ვარჯიშები“.

„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის მატჩს, რაგბი ევროპასთან შეთანხმებით იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა ჩატარდებოდა მაყურებლის გარეშე და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, თუმცა რაგბი ევროპამ მისი ეგიდით მიმდინარე და ჩასატარებელი ტურნირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო“.

„გათვლა იმისა, თუ როდის ჩაივლის ვირუსის გავრცელების საფრთხე ევროპასა და საქართველოში, ამ ეტაპზე შეუძლებელია. ვაგრძელებთ აქტიურ კონტაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, რასაც გვიკარნახებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“ – არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ბესიკ ჩადუნელმა.