რაგბი – ქალთა და გოგონათა გაძლიერებისთვის

რაგბში ქალების მიმართ ძალადობის შეტყობინება და რეაგირება სისტემურად მოხდება; ასეთი სისტემის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრაზე, რომელსაც ვან დერ პლასი, რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორი და კაორი იშიკავა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. შეხვედრა სპორტის საშუალებით ქალთა და გოგონათა გაძლიერების გლობალური კამპანიის ფარგლებში წარიმართა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მსოფლიოში უნდა მოიხსნას ყველა ფსიქო-სოციალური ბარიერი, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს რაგბის სათამაშო მოედნისა თუ ტრიბუნებისკენ გზას უღობავს, უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი რომ რაგბი მხოლოდ კაცების სფეროა.

“რატომ ირჩევს ამ გზას რაგბის სამყარო – ცხადია იმიტომაც, რომ ეს თანამედროვე ლიბერალურ ღირებულებებს პასუხობს, თუმცა არის ძალიან პრაქტიკული მიზეზიც – კვლევები აჩვენებს, რომ რაგბის განვითარებისთვის შემოსავლების მოსაზიდად ქალების მეტი ჩართულობა არის გადამწყვეტი – როგორც არენაზე, ასევე ტრიბუნებზე” – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

“მაქსიმალურ ძალისხმევას გავწევთ რაგბიში ქალების მეტი ჩართულობის მისაღწევად, დავნერგავთ ყველა საჭირო მექანიზმს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ეს ქალთა გაძლიერებასთან ერთად გაზრდის როგორც რაგბის ეკონომიკას, ასევე ქვეყნის კეთილდღეობას” – განაცხადა ნონო ანდღულაძემ,  რაგბის კავშირის სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მემორანდუმის მნიშვნელობაც, რომელსაც საქართველოს სპორტის და განათლების სამინისტროებმა, ფონდმა ქართუმ და რაგბის კავშირმა მოაწერეს ხელი და მის შედეგად საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლაში დაინერგება რაგბი მსოფლიოს პროგრამა “ჩაერთე რაგბიში”, – რაგბის ადაპტირებული, არაკონტაქტური ვერსია, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტრავმას და რომელსაც გოგონებიდა ბიჭები ერთ გუნდად, თანასწორად თამაშობენ.

“ამჟამად ნაკრებს გარდა ქალთა 4 გუნდი გვყავს. ჩვენი მორაგბე ქალები მონაწილეობენ დუბაის საერთაშორისო და ევროპის რეგიონულ ტურნირებში. მეტი მორაგბე ქალი ამ ასპარეზის გაფართოების საშუალებას მოგვცემს” – თქვა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, – “ რაგბის თამაშთან ერთად, გოგონები დასაქმებულები არიან კომისრებად, მსაჯებად, 6 მათგანი ამჟამად  სამწვრთნელო კურსს გადის, რომლის შემდეგ შეძლებენ, როგორც ქალთა ასევე კაცთა გუნდების მწვრთნელობას, – საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც” – დასძინა მან.

საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის პარტნიორობა 12 წლის წინათ საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებით დაიწყო და მას შემდეგ არ შეჩერებულა, – ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიეძღვნა, 2021 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგო ამშვენებდა.

საქართველოში ამჟამად 45 მორაგბე ქალია და რაგბის კავშირის მიზანია უკვე მომავალ წელს მათი რაოდენობა გაორმაგდეს. მსოფლიოში კი რაგბს 3 მილიონამდე ქალი თამაშობს და მსოფლიო რაგბის შეფასებით ეს რიცხვი 2025 წლისთვის  5 მილიონს მიაღწევს.