რაგბი ევროპა 2020 | დინამოდან დინამომდე – განრიგი და სტადიონები

2020 წლის დასაწყისში ბორჯღალოსნები ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდებიან.

წელს ჩვენს გუნდს სამი თამაშის შინ ჩატარება მოუწევს, ესპანეთს და პორტუგალიას კი სტუმრად შეხვდება.

დინამოზე რუმინეთთან

5-თვიანი შესვენების შემდეგ, გულშემატკივარს ბორჯღალოსნების თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება 1 თებერვალს, თბილისში ექნება. ამ დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უმთავრეს კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს დინამო არენაზე ვერკინებით. 18 საათზე დაიწყება.

ქუთაისში ბელგიის წინააღმდეგ

მეორე ტურში 9 თებერვალს ესპანეთის ნაკრებს მადრიდში, „კამპო ცენტრალზე“ ვეთამაშებით და ეს შეხვედრა საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ბორჯღალოსნების ერთ თამაშს ქუთაისი უმასპინძლებს და 22 თებერვალს ბელგიის ნაკრებს 15 საათზე „აია არენაზე“ დავუხვდებით.

პორტუგალიას პარიზში ვეთამაშებით

3-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატს დაუბრუნდა პორტუგალიის ნაკრები, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ერთადერთი ნაკრებია ვისაც ეს ტურნირი მოუგია. პორტუგალიელები 7 მარტს გვიმასპინძლებენ, მაგრამ არა სამშობლოში, არამედ საფრანგეთში.

თამაში პარიზში, ‘სტად ფრანსეს’ საშინაო არენა „სტად ჟან ბუენზე“ ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. 1925 წელს აშენებულ არენას ბოლოს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა და ის 20 ათას მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ პარიზში პორტუგალიელი ემიგრანტები მრავლად ცხოვრობენ და ვარაუდობენ, რომ სტადიონი გაივსება.

მორიგი ტიტულისთვის დინამოზე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონს ბორჯღალოსნები დინამო არენაზე დააგვირგვინებენ. დასკვნით ტურში, რომელიც 14 მარტს გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს ერკინება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.