რაგბი ევროპა | ხუთი ქულა ლისაბონიდან

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

მასპინძლებმა პირველ ნახევარში ჩვენი შეცდომებით და უდისციპლინობით ისარგებლეს და პირველი ნახევარი 3 ქულის სხვაობით მოიგეს. რადგან კარში დარტყმები არ წაგვივიდა, მეტოქე თამაშში ბოლომდე დარჩა, თუმცა მეორე ტაიმში ბორჯღალოსნები სრულად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და საბოლოოდ კომფორტული სხვაობა დააფიქსირეს.

საქართველომ მთავარი კოზირი – ძალისმიერი თამაში გამოიყენა და მოლსა თუ შერკინებაში ლობუშს პრობლემები შეუქმნა, რაც საბოლოოდ შედეგზე აისახა. პირველ ტაიმში ლელოები მირიან მოდებაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანეს, შესვენების შემდეგ კი თავი გიორგი მელიქიძემ, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს.

პირველი ტაიმი

ბორჯღალოსნებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და პირველსავე წუთზე მეტოქე დააჯარიმეს, მაგრამ გელა აფრასიძეს გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. მთლიანობაში, ამ შეხვედრაში საქართველოს ფეხით თამაში არ წაუვიდა და გასატანი პოზიციებიდან რამდენიმე დარტყმა გაგვიცუდდა, ორჯერ კი ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ.

სამაგიეროდ ფეხით კარგად თამაშობდა პორტუგალია და ჰაერში თამაშისას პრობლემებს გვიქმნიდა, რაც შესვენების შემდეგ გამოსწორდა. პრობლემები გვქონდა დისციპლინაშიც და საწყის 12 წუთში 4-ჯერ დავჯარიმდით, მთლიანობაში კი, ორი სინბინი მივიღეთ და მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით.

სამაგიეროდ, ძლიერად ვიდექით შერკინებაში, კარგი იყო დერეფანი და მოლი, რამაც საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველ ტაიმში იყო ორი ეპიზოდი, როდესაც ჩვენს 22-ში თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ და ხელით ვცადეთ ბურთის წამოღება, მაგრამ მეტოქემ ორივეჯერ შეძლო კონტრშეტევის შეჩერება.

ზემოთნახსენები უდისციპლინობით პორტუგალიამ კარგად ისარგებლა. 14 წუთში მათ 4-ჯერ დაარტყეს ჯარიმა კარში და ორი გაიტანეს, ერთი ძელმა აისხლიტა, ერთი კი მიზანს აცდა. ნელ-ნელა ძალისმიერ თამაშში ბორჯღალოსნების უპირატესობა გამოიკვეთა, პორტუგალია ჯერ შერკინებაში დაჯარიმდა, მერე მოლით დაახლოებით 15 მეტრი მოვიგეთ, რასაც ფორვარდების დარტყმა მოყვა, გელა აფრასიძემ ბურთი მარჯვენა ფრთაზე გაიტანა და ალამთან ლელო მირიან მოდებაძემ გაიტანა.

გაცუდებულ გარდასახვას მეტოქის აცილებული ჯარიმა მოყვა, 27-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი მოლი ააგორა და ამჯერად ლელო ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანა. რადგან აფრასიძეს კარში დარტყმები არ წაუვიდა, ბედი სოსო მათიაშვილმა სცადა, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა.

32-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ უბურთო მეტოქე შებოჭა, სინბინით დაისაჯა და მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. ჩვენს 22-ში ჯარიმის სწრაფად გათამაშებას დაცვა მოუმზადებელი დახვდა და როდრიგო მარტამ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო სამუელ მარკესმა რთული პოზიციიდან ორივე ძელის გავლით გარდასახა და ტაიმი ლობუშმა 13:10 მოიგო.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც რაქში დავჯარიმდით და მეტოქემ ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო, თუმცა ბორჯღალოსნებმა მალევე უპასუხეს. მასპინძლებმა საკუთარ 22-ში მოლის შეჩერება მოახერხეს, რაქიდან გიორგი მელიქიძემ შეუტია, რომელიც მეოთხედ იყო ძირითადში და ლელო გაიტანა. მათიაშვილის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო და საქართველო საბოლოოდ დაწინაურდა.

მალე ცვლილებების დრო დადგა და 53-ე წუთზე შეცვლაზე დებიუტანტი გია ხარაიშვილი, ხოლო მოგვიანებით ირაკლი ცხადაძე შევიდა. ორივე მათგანი აქტიურად ჩაერთო თამაშში, გიორგი ბაბუნაშვილს კი მოედანზე შესვლა არ მოუწია.

54-ე წუთზე მსაჯმა ყვითელი ბარათი გიორგი თხილაიშვილს აჩვენა და კვლავ კაცნაკლულები დავრჩით. პორტუგალიამ ჯარიმით სცადა უპირატესობის მოპოვება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და კაცნაკლულმა საქართველომ იქით შეუტია.

ამან შედეგი გამოიღო 63-ე წუთზე სინბინით მასპინძლები დაისაჯნენ. პოზიცია გასატანი იყო, თუმცა ბორჯღალოსნებმა ნაცად ხერხს მიმართეს, დერეფნიდან მოლი ააგორეს და შალვა მამუკაშვილმა, რომელიც მე-80-ე სანაკრებო მატჩს ატარებდა, თავისი მე-11 ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო პორტუგალია თამაშში ბოლომდე დარჩა, თუმცა ქულის აღების შანსი მეტჯერ აღარც მიეცა.

ბორჯღალოსნებმა დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს და ორჯერ შეეძლოთ ჯარიმით უსაფრთხო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ბოლომდე ლელოზე ითამაშეს, შეხვედრის მიწურულს თორნიკე ჯალაღონია მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი კარის გვერდით დაამიწა, მათიაშვილმა კი გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:16. ჯალაღონიასთვის ეს პირველი სანაკრებო ლელოა.

მატჩის შემდეგ

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბონუს-გამარჯვებით კმაყოფილი დარჩნენ, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ უკეთ თამაშიც შეიძლებოდა.

ლევან მაისაშვილი: „პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. შეცდომები გვქონდა. თამაშამდეც ვამბობდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავს უფლებას ვაძლევთ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რაც ყოველთვის ვერ ამართლებს. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, გვქონდა ცვლილებები შემადგენლობაში და ამავდროულად, დაგეგმილ მიზანსაც მივაღწიეთ“.

„მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის გადაწყობა და მართვა. გვქონდა ემოციური პრობლემები დისციპლინაში, დავრჩით კაცნაკლულები და შევცვალეთ ტაქტიკა. გადავედით ისეთ თამაშზე, რაშიც დომინანტები ვიყავით. თავდაჯერებულობა ანგარიშიდან მოდის და გაკეთდა აქცენტი იმაზე, რაც სასურველ შედეგს მოგვიტანდა“.

მერაბ შარიქაძე: „საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ“.

წინ ესპანეთია

დღესვე რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთმა რუმინეთი ჯარიმების წყალობით 18:13 დაამარცხა და თავად 4 საცხრილო ქულა მიიღო, ხოლო რუმინეთს მცირედი მარცხისთვის ბონუსი ერგო.

13 თებერვალს პორტუგალია რუმინეთს მასპინძლობს, ხოლო ბორჯღალოსნები მომავალ კვირაში ესპანეთში ჩავლენ და მადრიდში „ლომებს“ ერკინებიან, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

I ტური

6 მარტი. ლისაბონი

პორტუგალია – საქართველო 16:29

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. დავით გიგაური, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.

5 ლელო: მოდებაძე, ბრეგვაძე, მელიქიძე, მამუკაშვილი, ჯალაღონია

2 გარდასახვა: მათიაშვილი

2 სინბინი: კვესელაძე, თხილაიშვილი