რაგბი ევროპა | საუკეთესო თამაში და 5 ქულა კალინინგრადიდან

ბორჯღალოსნებმა წელს გამართული მატჩებიდან კალინინგრადში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთი 25-ე რკენში 23-ედ, აქედან ზედიზედ მე-20-ედ დაამაცხეს – 23:6.

დაახლოებით თვენახევრის წინ, თბილისში ტაიმის 0:0 დასრულების და უწინდელზე მცირე სხვაობით (7:16) წაგების შემდეგ, მეტოქე საკუთარ კედლებში მათთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას იმედოვნებდა. არენად კალინინგრადი შეირჩა, სადაც ამ გუნდებს აქამდე არასდროს ეთამაშათ, მაგრამ ადგილის მონაცვლეობამ ტრადიცია ვერ შეცვალა.

თებერვლის დასაწყისში რუსეთთან გამართული გადადებული (2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის) მატჩის შემდეგ, „დათვებს“ წარმატების იმედს ისიც აძლევდა, რომ პორტუგალიასთან და ესპანეთთან ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი სასურველისგან ძალიან შორს იყო. ამას ემატებოდა მუდმივი გადაფრენები, ასევე ტრავმირებული მორაგბეების დიდი სია, რომლითაც ახალი გუნდის დაყენება შეიძლება და ისიც, რომ რუმინეთთან გამარჯვებულ რუსეთს (პირველ ტურში 18:13), დასასვენებლად და მოსამზდებლად ბევრად მეტი დრო ჰქონდა.

მაგრამ მათი გათვლები ფუჭი აღმონდა. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, გუნდი დაბალანსებული რაგბი ათამაშა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ძალისმიერ თამაშს ხელდახელ ბურთაობა შეუსაბამა და საქართველომ მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, სამივე ხაზის მოთამაშეებმა. ჩვენი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დამდგარა. ეს იყო ბორჯღალოსნების საუკეთესო მატჩი 2021 წელს და შედეგიც შესაბამისი დადგა – 23:6!

საქართველო წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, სამი თამაშიდან 14 ქულით (15 შესაძლებლიდან) ერთპიროვნულად ლიდერობს!

სრული დომინაციით

საქართველოს შეცდომები ამ თამაშშიც ჰქონდა, მაგრამ ხარისხი იყო წინა შეხვედრებზე ბევრად უკეთესი, რაც შედეგზეც ლოგიკურად აისახა. თამაშში ბურთი საქართველომ შეიყვანა, მეტოქე თავიდანვე წნეხში მოაქცია, მის 22-ში დერეფნის უფლება მოიპოვა, ფორვარდების დარტყმის შემდეგ გელა აფრასიძემ იერიში მარჯვენა ფრთაზე დააბრუნა, სადაც აკა ტაბუცაძისა და გიორგი ჭყოიძის ოფლოუდების შემდეგ, მიხეილ გაჩეჩილაძემ ლელო გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერია და ლელო უნებლიე თამაშგარისთვის გააუქმა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა და თედო აბჟანდაძემ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა.

ამის შემდეგ გუნდებს შორეული ჯარიმები გაუცუდდათ. შეხვედრა საქართველოს დომინირებით გაგრძელდა, ფაზურ შეტევას კიდევ ერთი ჯარიმა მოყვა და თედომ 21-ე წუთზე მეორე ზუსტი დარტყმა შეასრულა. ნახევარი საათის თავზე ბორჯღალოსნებმა მოედნის ცენტრში მოლი დააყენეს და დაახლოებით 25-30 მეტრი მოიგეს, მერე ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, დავით ნინიაშვილმა მცველი აიყვანა და ალამთან ტაბუცაძე დაგეზა, რომელმაც კარგი შეტევა ლელოთი დაასრულა. გარდასახვა მიზანს აცდა.

გარკვეული პერიოდით რუსეთმა შეძლო სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ბორჯღალოსნებს დაცვაში დიდი გარჯა მოუწიათ. ერთხელ ლელოს ხაზიც გადაიკვეთა, მაგრამ მცველებმა მომხვდურს დამიწების საშუალება არ მისცეს, მერე 18 წლის ფულბეკმა (ნინიაშვილი), რომელიც დღეს უდაოდ ერთ-ერთ გამორჩეული იყო, დომინანტური ბოჭვა შეასრულა, მორიგი მიძალება გიორგი კვესელაძემ და სანდრო თოდუამ ერთობლივად შეაჩერეს და რუსეთმა ჯარიმით მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხა.

პასუხმა არ დააყოვნა. ტაიმის მიწრულს აბჟანდაძე ორ მცველს შორის გაძვრა და ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და ტაიმი 16:3 დასრულდა.

დამაჯერებელი მეორე ტაიმი

მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში მასპინძლებმა გაიბრძოლეს, თუმცა ისეთ დაცვას წააწყდნენ, მხოლოდ ჯარიმიდან აღებულ 3 ქულას დასჯერდნენ.

მე-60-ე წუთზე ფორვარდებმა მცველები ჩაითრიეს და ფრთაზე სივრცეები გაჩნდა, აფრასიძემ მყისიერად შეუტია და შეტევაში აბჟანდაძე ჩართო, რომელმაც თავის მხრივ ბოლო მცველი აიყვანა და ნინიაშვილმა პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. თავად თედომ ამჯერად ზუსტად გარდასახა – 23:6.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა საქართველო თავდაჯერებულად თამაშობდა და მინიმუმ ერთი ლელოს გატანის შანსი კიდევ იყო. 68-ე წუთზე შეცვლაზე გიორგი ბაბუნაშვილი შევიდა, ქუთაისის ‘აიას’ მგეზავი, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. მალე საფინალო სასტვენი გაისმა და ბორჯღალოსნები 3-კვირიანი ევროპული ტურნედან, შინ ქულათა თითქმის მაქსიმუმით ბრუნდებიან!

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩში, 28 მარტს რუმინეთს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

გიორგი ლომთაძის ხსოვნის საპატივცემულოდ

ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ბორჯღალოსნების სახელით მიუსამძიმრა აშშ-ში გარდაცვლილი ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მას ეძღვნებოდა:

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა… ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს…“

„რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით“.

შედეგით, თამაშით და დებიუტანტებით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. ესპანეთის შემდეგ რთული კვირა გვქონდა, რადგან ფაქტობრივად სულ მგზავრობაში ვიყავით და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს“.

„როგროც მატჩის წინ ავღნიშნე, მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბაბუნაშვილს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. მან ბევრი იშრომა ამ შანსისთვის და ეს სრულებით დაიმსახურა“.

„ისე, როგორც ექვსი კვირის წინ, რუსეთმა დღესაც კარგად დაიწყო, მწვრთნელებს აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში რუსეთი ბევრად უკეთესი იქნება. ექვსი კვირის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი, ჩვენთვის პირველი იყო შემადგენლობის და შეკრების კუთხით. ახლა უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

III ტური

20 მარტი. კალინინგრადი

რუსეთი – საქართველო 6:23

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი.

3 ლელო: ტაბუცაძე, აბჟანდაძე, ნინიაშვილი

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

 

რუმინეთი – ესპანეთი 22:16

 

საქართველო  3  3  0  0  77-41  14

რუმინეთი       3  2  0  1  63-61  9

რუსეთი           2  1  0  1  24-36  4

ესპანეთი         2  0  0  2  35-47  2

პორტუგალია 2  0  0  2  43-57  1

ბელგ/ნიდერ  0  0  0  0   0-0    0