რაგბი ევროპა | რუმინეთი თასს კაცნაკლულებმაც არ გავაკარეთ

რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“ საქართველოში ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-14-ედ გამოიზამთრებს.

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში, მეტოქეს 28:17 სძლიეს და „ანთიმოზის თასი“ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნეს, რაგბი ევროპის ჩემპიონობას კი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

იმისათვის, რომ ჩემპიონობა ოფიციალურად გავიფორმოთ, დასკვნით ტურში შინ უნდა ვძლიოთ ბელგიასა და ნიდერლანდისგან ერთ-ერთს, რომელიც 29 მაისს ფლეი ოფში გაიმარჯვებს. საქართველო თასს 12-ჯერ, ხოლო რუმინეთი 5-ჯერ ფლობდა. ბოლო 10 წელიწადში საქართველო თასს 9-ჯერ დაეუფლა (გამონაკლისი – 2017).

გარდა ამისა, ბორჯღალოსნები მარტში გამართული ოთხი მატჩიდან ოთხი მოგებით, ჯამში 18 ქულით (20 შესაძლებლიდან) ლიდერობენ 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორწლიან ციკლს (2021-2022) მოიცავს. მეორე ადგილზე 9 ქულით რუმინეთია, რომელსაც მთელი საათით კაცნაკლულად მოთამაშე ბორჯღალოსნებმა 28:17 მოუგეს.

რომ არა მე-20 წუთზე მიღებული წითელი ბარათი, შეიქმნა შთაბეჭდილება რომ საქართველო შეხვედრას დიდი სხვაობით გამარჯვებით და ბონუსით დაასრულებდა. ასე კი, კაცნაკლულმა მასპინძლებმა, არაერთი ტექნიკური წუნის მიუხედავად, თამაშის უმეტესი დრო დომინანტის რანგში გაატარეს, დებიუტში ერთი, ხოლო კაცნაკლულებმა ორი ლელო გაიტანეს და თამაშიც დამაჯერებლად მოიგეს.

დასაწყისი და წითელი

ისევე, როგორც რუსეთთან მატჩი, მორაგბეებმა მატჩი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, 27 წლის მორაგბის, გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს.

გულშემატკივრების მხარდაჭერით გახარებულმა ბორჯღალოსნებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და სტუმრები წნეხში მოაქციეს. რუმინელები 5-მეტრიან შერკინებაში ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ, ალექსანდრუ სავინი სინბინით დაკარგეს, მაგრამ ვერც შემდეგ მიძალებას გაუმკლავდნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

საქართველო აგრესიული დაცვით მალე ახერხებდა შეცდომის გამო დაკარგული ბურთის დაბრუნებას, მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 10:0 გახდა. განახლდა თამაში თუ არა, შალვა მამუკაშვილს კონტრშეტევის შესრულებისას მაღალი ბოჭვა მოუვიდა და წითელი ბარათით დაისაჯა. კაცნაკლულად დარჩენილმა მასპინძლებმა, გარკვეული დროით დალაგება ვერ მოახერხეს. ამით მეტოქემ იხეირა, მოლი დააყენა და ლელო ანდრეი გორჩოაია-გორენმა ლელო, ხოლო დანიელ პლაიმ გარდასახვა გაქვითა.

თამაში დამძიმდა, ფორვარდების დარტყმები და ფეხით თამაში გახშირდა, რაშიც არაფერი დავთმეთ და ნერვებმა იმძლავრა. გაწევ-გამოწევის შემდეგ, საქართველომ კვლავ ხელდახელ შეუტია. მეტოქეს რაქში ბურთი ჯერ გიორგი კვესელაძემ მოუგო, კონტრშეტევისას კი ბურთი ბექა გიგაშვილმა წამოიღო. მეტოქე დაჯარიმდა, თუმცა აბჟანდაძის დარტყმული მიზანს ასცდა. ტაიმის ბოლოს ფაზები კიდევ აიკინძა, რასაც რუმინეთმა უხეშობით უპასუხა და აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა – 13:7.

დალაგებული შეტევებით

მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინელებმა ჩამორჩენა ფლორინ ვლაიკუს ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ საქართველომ მალევე დაიბრუნა ბურთზე კონტროლი, სწრაფი შეტევებით ფრთაზე რამდენჯერმე შექმნეს უპირატესობა, მაგრამ დერეფანში ჩვენი მოწოდება ვერ მოვიგეთ.

ეს შეტევა 51-ე წუთზე მაინც ლელოთი დასრულდა. იერიში ცენტრალური ხაზიდან გიგაშვილმა დაიწყო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე მერაბ შარიქაძე გაიქცა და ბურთი ბექა საღინაძეს გაატანა, მან ჯერ ერთი მცველი ჩამოიცილა, მეორე თან გაიყოლა, მესამეც მიიზიდა და გიგაშვილს ლამაზი ლელო გაატანინა. აბჟანდაძემ გარდასახა.

ტაიმის შუაში რუმინეთმა შეძლო თამაშში დაბრუნება. მათ ფრთაზე რამდენჯერმე შექმნეს რიცხობრივი უპირატესობა, თუმცა დავგანწირული დაცვით მათი შეჩერება მოვახერხეთ. გადამწყვეტი ბოჭვა ფრთაზე ტაბუცაძემ შეასრულა. 61-ე წუთზე სტუმრებმა შეძლეს მძლავრი მოლის დაყენება და ეუჯენ კეპეცინას ლელო ვლაიკუმ გარდასახა.

ბორჯღალოსნებმა თამაში კიდევ ერთხელ ააჩქარეს და რუმინელებს პრობლემები შეუქმნეს. მეტოქეს ისღა დარჩა, რომ ერთი მეორეს მიყოლებით დაჯარიმებულიყო, 69-ე წუთზე გელა აფრასიძემ ასეთი ჯარიმა 22-ის ხაზთან სწრაფად გაათამაშა, შეტევაში მარჯვნიდან ტაბუცაძე ჩაერთო და ალამთან ლელოში შეცურდა. გიორგი ბაბუნაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და პირველი სანაკრებო ქულების აღება გადაუვადდა.

ბორჯღალოსნებმა დარჩენილი წუთებიც მეტოქის ნახევარზე გაატარეს, დაცვაში აფრასიძემ ზედიზედ რამდენიმე მაგარი ბოჭვა შეასრულა, ბოლოს კი, ბაბუნაშვილმა არეკნი ძელებსშუა გააძვრინა, თავად პირველი სანაკრებო ქულები მოიპოვა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა -28:17.

ეს იყო საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, აქედან ოთხი წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. საფინალო სასტვენის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გიორგი ლომთაძის ხსოვნას, მერე კი „ანთიმოზ ივერიელის თასი“ ჩაიბარეს.

პრესკონფერენცია

ნამატჩევს რუმინელთა ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ვიყავით ეფექტურები, მაგრამ სიზუსტემ გვიმუხთლა. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ვინაიდან ეს ვერ შევძელით, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წითელი ბარათი სამართლიანად იყო გაცემული. ამ ეპიზოდის შედეგად, ჩვენ ერთ-ერთი კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ“.

„ჩემგან დადებითი შეფასება ეკუთვნის საქართველოს. ვინაიდან მისი შეტევა იყო საკმაოდ ეფექტური. მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მათი შეტევა ბევრად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ტემპი და თანმიმდევრობა. ასევე უნდა ავღნიშნო თქვენი 9 ნომერი (გელა აფრასიძე), რომლის რითმი ფასდაუდებელი იყო საქართველოს შეტევაში. ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა“.

ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსნების თამაშით და პროგრესით კმაყოფილი იყო:

„თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით“.

„მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. „შემოდგომის ერთა თასიდან“ დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ“.

მერაბ შარიქაძემ ქომაგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც კაცნაკლულად თამაშმა შექმნა:

„ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარში დაგვიდგა და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა. ძალიან დიდი მუხტი მოაქვს გულშემატკივარს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ წინაშე თამაში. რაც შეეხება შეხვედრას, ურთულესია 14 კაცით მთელი თამაშის ჩატარება. ორმაგად გიწევს მუშაობა, ტაქტიკა უნდა შეცვალო, კომბინაციები ირევა… მაგრამ სირთულეებს თავი გავართვით. რუმინეთმა ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობების გამოყენება მოახერხა, თუმცა თამაშის მართვის და შესრულების კუთხით, ჩვენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გვქონდა. გამოსასწორებელი ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და შრომა, გამოცდილება და ანალიზი ჭირდება“.

 

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

IV ტური

28 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო – რუმინეთი 28:17 (13:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი.

3 ლელო: საჯარიმო, გიგაშვილი, ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ბაბუნაშვილი

წითელი ბარათი: მამუკაშვილი (20)

 

პორტუგალია – ესპანეთი 43:28

 

საქართველო            4          4          0          0          105-58             18

რუმინეთი                 4          2          0          2          80-89               9

პორტუგალია           3          1          0          2          86-85               5

რუსეთი                     2          1          0          1          24-36               4

ესპანეთი                   3          0          0          3          63-90               2

ბელგ/ნიდერ             0          0          0          0          0-0                   0

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, თამუნა ყულუმბეგაშვილი