რაგბი ევროპა | პორტუგალია 16:29 საქართველო

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ლისაბონში პორტუგალიას ხუთი ლელო გაუტანეს, 29:16 დაამარცხეს და ბონუს-ქულით გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, წლევანდელი (და 2022 წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი მოწინავე საფრანგეთის საგზურს მიიღებს.

პირველ ტაიმში ლელოები მირიან მოდებაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანეს, მაგრამ დამრტყმელებმა მიზანი ვერ გაისწორეს და 10:13 ჩამოვრჩით. მომდევნო 20 წუთში ლელოები გიორგი მელიქიძემ და შალვა მამუკაშვილმა მიითვალეს, თუმცა პორტუგალიამ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და ბოლომდე თამაშში დარჩა, მაგრამ დასკვნითი წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს და თორნიკე ჯალაღონიამ გამარჯვების წერტილი დასვა – 29:16.