რაგბი ევროპა | ნაცნობი მეტოქე ახალი მწვრთნელით

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ბორჯღალოსნები სამ დღეში, 1 თებერვალს 18 საათზე გამართავენ. ჩვენი გუნდი ტიტულის დაცვას ტრადიციულ მეტოქე რუმინეთთან, „დინამო არენაზე“ იწყებს.

ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სამშაბათიდან სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

რაც შეეხება მეტოქეს, ის მომავალ თამაშს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. „სტეჟარის“ მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ენდი რობინსონი დაინიშნა. 55 წლის ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა, ასევე წვრთნიდა ინგლისულ ‘ბათს’ და ‘ბრისტოლს’, შოტლანდიურ ‘ედინბურგს’ და შოტლანდიის „ა“ ნაკრებს. რუმინეთის ნაკრებში ენდის ასისტენტია ლაშა თავართქილაძე, რომელიც „სტეჟარის“ შერკინებას უკვე ერთი წელია ავარჯიშებს.

რობინსონმა გუნდი შეკრებაზე თითქმის სამი კვირის წინ შეიყვანა, 22 იანვრიდან კი მზადებას საქართველოში, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე განაგრძობს. გაფართოებულ, 33-კაციან შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერია – სამი საფრანგეთიდან და ერთი პრო 14-ის იტალიურ კლუბ ‘ზებრედან’.

გამოძახებული იყვნენ მაგრამ დაშავდნენ და თბილისში ვერ ითამაშებენ მარიუს ანტონესკუ, იონელ ბადიუ და ალექსანდრუ გორდასი, ხოლო მიხაი მაკოვეი ნაკრებს პირადი პრობლემების გამო დააკლდება.

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ენდი რობინსონი ამბობს:

„საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მასთან მძიმე შეხვედრა გველის. კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ ერთიანები და დაუღალავად ვიშრომოთ. ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას რთულ სიტუაციებში იძენს. უნდა მოვახდინოთ იმ უნარების რეალიზება, რომლებზეც ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყურადღება უნდა მივაქციოთ დისციპლინას და დავტკბეთ იმ შესანიშნავი გამოცდილებით, რასაც საქართველოსთან თბილისში თამაში ქვია“.

1998 წლიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე). ბორჯღალოსნებმა მოიგეს 13 შეხვედრა და ერთი ფრედ დაასრულეს. 2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და „სტეჟარს“ (მუხები) შორის თამაშდება „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“ (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ჩვენს გუნდს 12-ჯერ აქვს მოპოვებული.

 

რუმინეთის ნაკრები

ბურჯები: იულიან ხარტიგ (ბაია მარე), კონსტანტინ პრისტავიცა (ბაია მარე), ხორაციუ პუნჯია (ტიმიშოარა-სარასენსი), კოსმინ მანოლე (დინამო), ალეკსანდრუ ცერუშ (ზებრე, იტალია);

კვაჭები: ოვიდიუ კოჟოკარუ (ბაია მარე), ეუჯენ კეპეცინა (ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორ ბუტნარიუ (სტიაუა);

მეორე ხაზი: იონუც მურეშან (ტიმიშოარა-სარასენსი), იოჰან ფან ჰირდენი (დინამო), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა-სარასენსი), ადრიან მოცოკ (აჟენი, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: კრისტი კირიკა (ბაია მარე), ვლად ნეკულაე (ტიმიშოარა-სარასენსი), დრაგოშ სერ (სტიაუა), ადრიან იონ (ტომიტანი), კამილ სობოტა (ტომიტანი);

9: გაბრიელ რუპანუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო);

10: ტუდორ ბოლდორი (სტიაუა), დანიელ პლაი (სტიაუა);

11-14: რობერტ ნიაგუ (სტიაუა), მარიუს სიმიონესკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ნიკოლას ონუტუ (ვიენი, საფრანგეთი), იონუც დუმიტრუ (სტიაუა);

ცენტრები: ვლადუც პოპა (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ალეკსანდრუ ბუკურ (ბაია მარე), თეილორ გონტინეაკი (კლერმონი, საფრანგეთი);

15: პაულ პოპოაია (ბაია მარე), იონელ მელინტე (ტიმიშოარა-სარასენსი).