რაგბი ევროპა | ერთი თასი შინ ბრუნდება, ესპანეთთან ფინალია

ბორჯღალოსნებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია და მასთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“ შეინარჩუნა, რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის კი, 20 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინება.

ამ გამარჯვებით საქართველომ 2023 წლის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის ადგილი დაიბევა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და ფლეი ოფის გამარჯვებულ გუნდებს შევხვდებით.

გარდა ამისა, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველო მინიმუმ ხვალამდე პირველ ადგილზე აღზევდა. ბორჯღალოსნებს 4 თამაშის შემდეგ 15 ქულა აქვს და ორით უსწრებს ესპანეთს, რომელიც მე-4 ტურის მატჩში ხვალ პორტუგალიას მასპინძლობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემპიონატის გამარჯვებული დასკვნით ტურში, სწორედ საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრაში გაირკვევა და გამარჯვებული თასს იქვე ჩაიბარებს.

„ანთიმოზ ივერიელის თასი“ მე-15-ედ

1998 წლიდან დღემდე, ეს ამ გუნდების 26-ე დაპირისპირება იყო და მეტოქე მე-16-ედ დავამარცხეთ – მიჯრით მეხუთედ. „სტეჟარს“ რეკონსტრუქციის შემდეგ პირველად ვეთამაშეთ „არკულზე“ და 2017 წლის ფეხის დაცდენისთვის რევანში ავიღეთ.

გარდა ამისა, რუმინეთს საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასისთვის“ 2002 წლიდან დღემდე 21-ედ ვერკინეთ და თასი მე-15-ედ მოვიპოვეთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბუქარესტში თამაში დაძაბული გამოდგა. ბორჯღალოსნები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრებმა შეძლეს ჩამორჩენის შემცირება და დასკვნით წუთებში გამარჯვების იმედიც გაუჩნდათ. ამის მიზეზი ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები იყო. დავთმეთ ორი დერეფანი, ბევრჯერ დავჯარიმდით და ორჯერ მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, თუმცა სწორედ კაცნაკლულებმა გავიტანეთ ორი ლელო.

ჯამში რუმინეთს გავუტანეთ 4 ლელო და მივიღეთ ორი, რის გამოც პრემიალური ქულა ვერ ავიღეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ოთხივე ლელო ხაზის მოთამაშეების ინგარიშზეა, მეტოქემ კი ორივეჯერ მოლით იხეირა.

მივიწყებული ლელოები

მიუხედავად იმისა, რომ მე-5 წუთზე უელსელმა რეფერიმ აკა ტაბუცაძეს ყვითელი ბარათი აჩვენა და 10 წუთით სინბინში გაუშვა, ანგარიშში საქართველო დაწინაურდა. თედო აბჟანდაძეს კარის წინ 38 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მე-9 წუთზე კი მეტოქის 22-ში, მოლში ბურთი დავკარგეთ, თუმცა ვასილ ლობჟანიძემ ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთს კიდესთან დაეუფლა და ლელო ალამთან გაიტანა. აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

ამას მოყვა ეპიზოდი, როდესაც აბჟანდაძემ ჩვენი 22-იდან ბურთი ცენტრამდე ამოიტანა, მაგრამ კონტრშეტევას გაგრძელება არ მოყვა და გარკვეული დროით ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ. დისციპლინარული პრობლემების ფონზე, იონელ მელინტემ ორი ჯარიმით გვიპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

გარდამტეხი 24-ე წუთი გამოდგა, როდესაც დავით ნინიაშვილმა მეტოქეს ბურთი ააცალა, ის ლობჟანიძემ ფეხით გადაკიდა და ტაბუცაძე მიყვა, მცველს კი ისღა დარჩენოდა ოვალიანად აუტში გადასულიყო. მართალია დერეფანს შედეგი არ მოყვა, მაგრამ 4 წუთში 5-მეტრიანი შერკინება მივიღეთ, იქიდან გამოსული ბურთი ტაბუცაძემ მერაბ შარიქაძეს გაატანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და 2019 წლის 10 მარტის შემდეგ, თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. ახლა გუნდის კაპიტნის ანგარიშზე 13 ლელოა.

34-ე წუთზე საქართველომ მესამე ლელო გაიტანა და ის კიდევ ერთ დამუშავებულ კომბინაციას მოყვა. ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ფრთაზე გაიშალა, ნინიაშვილმა სისწრაფეში ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში სანდრო თოდუა შეუშვა. ვეტერანი ბორჯღალოსნისთვის ეს 96-ე მატჩში გატანილი მე-14 ლელო იყო, პირველი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ (ავსტრალიასთან). აბჟანდაძე ორივე გარდასახვიდან ზუსტი იყო და სხვაობა 15 ქულამდე გაიზარდა.

ქართველი მორაგბეები პირველი დაკიდებული ბურთის აღებისას ცდებოდნენ და ტაიმის მიწურულს ამას ლელო მოყვა. რუმინელებმა ჯერ ჯარიმა გამოიმუშავეს, რასაც დერეფნიდან მოლი და ლელო მოყვა. გარდასახვა ზუსტი იყო – 21:13.

დაკიდებული ბურთი ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში ავიღეთ, თუმცა მეტოქეს კარგი დაცვით 20 მეტრი დავახევინეთ, მაგრამ რეფერიმ საუბრისთვის დაგვაჯარიმა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. მასპინძლებმა მძლავრად შემოგვიტიეს და რომ არა შარიქაძის იდეალური ბოჭვა, ანგარიშიც გათანაბრდებოდა, მაგრამ კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ტაიმის შუაში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და გასატან პოზიციაზე ორი ჯარიმა გამოვიმუშავეთ, თუმცა 5-მეტრიან დერეფანში ბურთი დავკარგეთ და უქულოდ დავრჩით. ამას ფეხით თამაშისას დაშვებული შეცდომა მოყვა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით წნეხში. 65-ე წუთზე გელა აფრასიძემ და გურამ გოგიჩაშვილმა კიდევ ერთი სახიფათო შეტევისგან გვიხსნეს, მაგრამ ეპოზიდს აფრასიძე სინბინით შეეწირა.

რუმინელთა მორიგი მიძალების მოგერიების შემდეგ, 40-მეტრიან წყვეტილთან ჩვენი შერკინება დაინიშნა. აბჟანდაძემ მარჯვენა ფრთაზე შეუტია და ნინიაშვილი მოძებნა, რომელმაც კიდევ უფრო მარჯვნივ ბურთი ტაბუცაძეს გაატანა და მანაც მე-16 სანაკრებო ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და დროც თითქმის აღარ რჩებოდა, მაგრამ „სტეჟარმა“ დერეფნიდან მოლით კიდევ ერთი ლელო გაიტანა, გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა და დასკვნით 3 წუთს დაძაბულობა დაუბრუნა.

რუმინეთი გაწითლებულ დროზე საკუთარი ნახევრიდან, შერკინებიდან გეგმავდა გადამწყვეტი შეტევის დაწყებას, თუმცა ქართველებმა შეძლეს მეტოქის დაჯარიმება. აბჟანდაძეს კარშიც შეეძლო დარტყმა, თუმცა გუნდმა თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო – 26:23. წინ ესპანეთია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | IV ტური
12 მარტი. ბუქარესტი
საქართველო – რუმინეთი 26:23 (21:13)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

 

ფოტო: Vasile Mihai-Antonio – Getty Images – World Rugby