რაგბი ევროპა | დაგეგმილი ბონუსით ამსტერდამში

ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი დაგეგმილი ბონუსით მოიგეს. მათ ამსტერდამში ნიდერლანდებს 12 ლელო გაუტანეს და 72:10 სძლიეს.

ყველაზე მეტი – 3 ლელო ოთარ გიორგაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მან ბორჯღალოსნების კვართით ლელოს გატანა პირველად მოახერხა; აკა ტაბუცაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და გიორგი ჭყოიძემ დუბლი გაახერხეს; ლუკა ჯაფარიძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და მირიან მოდებაძემ კი თითო ლელო მიითვალეს. თედო აბჟანდაძემ 6 გარდასახვა გამოიყენა.

ნიდერლანდებთან შედგა 18 წლის თორნიკე კახოიძის სანაკრებო დებიუტი. ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ლუკა ჯაფარიძემ და დავით მესხმა.

ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, გაუმჯობესებული იყო დერეფანში თამაში, რაც ძირითადი კვაჭის, შალვა მამუკაშვილის დაბრუნებას უკავშირდება. ანგარიში მე-8 წუთზე სწორედ დერეფანის შემდეგ გაიხსნა. მამუკაშვილმა და მიხელ ნარიაშვილმა ბურთი გაითამაშეს და ქართველ კვაჭს მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა მეორე დარტყმას ოთარ გიორგაძის ლელო მოყვა.

მე-14 წუთზე ჩვენს 5-მეტრიანთან მოლი დავაყენეთ, რომელსაც წინსვლა არ მოყოლია, თუმცა ვასილ ლობჟანიძემ მოულოდნელად შეუტია და წინ გაიჭრა, ოფლოუდის შემდეგ ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი და ბურთი ფეხით გაიგდო, მას აკა ტაბუცაძე მიყვა და ქართველთა მეორე ლელო გაიტანა. მიუხედავად კლასში უპირატესობისა, ბორჯღალოსნები შეცდომებს უშვებდნენ და მე-17 წუთზე გაშვებულ ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადავურჩით – 10:3.

25-ე წუთზე ხმალაძემ კარგი ხელდახელ შეტევა წამოიწყო, იერიში მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა, რის შემდეგაც ლუკა ჯაფარიძემ ხაზი გაჭრა, გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა. სამიოდე წუთში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა ტაბუცაძემ გამოასწორა, კონტრშეტევა წამოიწყო და ბურთი ლობჟანიძეს გაატანა, რომელიც სისწრაფეში ბოლო მბოჭავს გასცდა და სტუმართა მეოთხე ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ გარდასახა.

ტაიმის ბოლოს ხელდახელ სწრაფ შეტევას ტაბუცაძის მეორე ლელო მოყვა. გიორგი ცუცქირიძემ კარგად შეუტია, ტაბუცაძეს პასი არ დაუგვიანა და ცარიელ ზონაში შეიყვანა, მან კი თავისი მე-15 სანაკრებო ლელო გაიტანა, რაც მოქმედ ბორჯღალოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია – 29:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში, მასპინძელთა 22-ში გუნდებმა ორმხრივი შეცდომები დაუშვეს, თუმცა საბოლოოდ ამით სტუმრებმა იხეირეს და ოთარ გიორგაძემ ორმაგი ბოჭვის მიუხედავად დუბლი შეასრულა, აბჟანდაძემ კი გარდასახა. 49-ე წუთზე ორმაგი შეცდომები უკვე ჩვენს 22-ში დაფიქსირდა და ამჯერად ლელო ნიდერლანდებმა გაიტანა, გარდასახვა კი ძელის გავლით გავიდა. საპასუხო იერიშისას უკვე თორნიკე ჯალაღონიამ გაჭრა ხაზი, ორი მცველი ლამაზი მოძრაობებით ჩამოიცილა და ლელო გაიტანა. კიდევ ორ წუთში ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი ლობჟანიძემ გაჭრა და დუბლი გაიფორმა – 50:10.

დასკვნით 20 წუთში ლელოები მოლის შედეგად გავიდა. პირველ ჯერზე თავისი მესამე ლელო გიორგაძემ მიითვალა; 66-ე წუთზე მოლის ჩაქცევის შემდეგ ბურთი სწრაფად ჩათამაშდა ფრთაზე და იქ მას მირიან მოდებაძე დახვდა, რომელიც მარქაფაში ბოლო წამს, გიორგი ბაბუნაშვილის ნაცვლად გამოჩნდა; დასკვნით წუთებში ორი მოლი გიორგი ჭყოიძის ლელოებით დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 72:10.

ბორჯღალოსნები ამსტერდამიდან 5 საცხრილო ქულით ბრუნდებიან და მომდევნო თამაშს 27 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავენ. შეგახსენებთ, ეს ჩვენი გუნდისთვის საიუბილეო, 250-ე თამაშია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
II ტური. 12 თებერვალი. ამსტერდამი
საქართველო – ნიდერლანდები 72:10

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

12 ლელო: ოთარ გიორგაძე (3), აკა ტაბუცაძე (2), ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე (2), თორნიკე ჯალაღონია, მირიან მოდებაძე, გიორგი ჭყოიძე (2)

6 გარდასახვა: აბჟანდაძე

 

ფოტო: Rugbylicious Photography