რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნებს ნახევარფინალი საქართველოში მოაქვთ

ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ტორელავეგაში 7 უპასუხო ლელო გაუტანეს, 41:3 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგიზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 4, ან 5 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარი ქომაგის წინაშე გამართავენ.

ვინ იქნება საქართველოს მეტოქე დღეს, ლისაბონში გაირკვევა. „ბ“ ჯგუფის ლიდერები პორტუგალია და რუმინეთი ერთმანეთს პირველობისთვის ერკინებიან და დამარცხებულ გუნდს საქართველოში მოუწევს ჩამოსვლა. შეხვედრა ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება და მას ქართველი რეფერი, ნიკა ამაშუკელი განსჯის.

ესპანეთთან დიდი სხვაობით გამარჯვება სხვა კუთხითაც არის საინტერესო. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 თებერვლს, განახლებულ რეიტინგში საქართველო იტალიას გადაასწრებს და მე-12 პოზიციას დაიბრუნებს. ბორჯღალოსნებს ამისათვის 15 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდათ, გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და მათი სარეიტინგო მონაგარი 75,94 გახდება იტალიას კი 75,83 აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ესპანეთი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სხვაობით დაამარცხა, გასვლით შეხვედრაში კი, ამ მეტოქეს უფრო სოლიდური უპირატესობით მხოლოდ 2009 წელს მოუგო (55:11). შეხვედრის მიწურულს მსაჯს სანდრო თოდუას ლელო რომ არ გაეუქმებინა და ცენტრში ჯარიმა არ დაებრუნებინა, ეგებ გასვლით მატჩში სარეკორდო მოგებაც დაფიქსირებულიყო!

ლევან მაისაშვილის შეგირდები ესპანეთს ყველაფერში ჯაბნიდნენ. მათ მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში აჩვენეს და შედეგიც სახეზეა. 7 ლელო გაიტანეს და ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს დისციპლინაა – ბორჯღალოსნები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, ახლაც სამი ყვითელი ბარათი მიიღეს.

სრული უპირატესობით

პირველმა ტაიმმა საქართველოს სრული დომინაციით ჩაიარა და 40 წუთში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მართალია ანგარიშის გახსნის პირველი შანსი მასპინძლებმა მიიღეს, თუმცა გონსალო ვინუესას დარტყმა გაუცუდდა. პასუხად ბორჯღალოსნებმა სწრაფად, ხელდახელ შეუტია და ლამაზი ლელო გაიტანა. ეპიზოდი ბექა გიგაშვილის თერნოვერით დაიწყო, რომელმაც ბურთი რაქში ამოიღო, მარცხენა ფრთაზე სანდრო თოდუა გაიქცა, კარგად იმუშავა მიყოლამ, თედო აბჟანდაძემ ესპანელთა მოშიშვლებული ზურგი შენიშნა და ოვალი ფეხით 22-ი მარჯვენა ფრთაზე  გადაკიდა, სადაც აკა ტაბუცაძემ ყველას დაასწრო და ლელო გაიტანა.

ესპანელებმა შორეული ჯარიმით მალევე გვიპასუხეს, თუმცა თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი მოვიპოვეთ, სწრაფი რაქების შემდეგ მარჯვენა ფრთაზე სივრცე გაჩნდა, სადაც ტაბუცაძე კიდევ ერთხელ გაიქცა და 24-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. ამით ის ირაკლი მაჩხანელს გაუტოლდა და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, წინ კი მხოლოდ დავით კაჭარავა (25) და მამუკა გორგოძე (27) ყავს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ 25 წლის ტაბუცაძემ 24 ლელო 26 თამაშში გაიტანა, რაც ფანტასტიური შედეგია!

ესპანელებს მალე კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდათ, ტაიმის შუაში კი ვასილ ლობჟანიძემ მეტოქის 22-ში სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, თავად შეუტია და ლელოშიც შევიდა, თუმცა მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. მესამე ლელო მაინც გავიდა. 24-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ბექა გიგაშვილის 5 ქულით დასრულდა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და გააფთრებით შემოგვიტიეს, მაგრამ დაცვა მაგრად დადგა, 37-ე წუთზე კი, ლობჟანიძემ დავით ნინიაშვილი ორ მცველს შორის შეიყვანა, ის ფეხზე დარჩა და ლელოში ბურთი თედო აბჟანდაძეს შეაყოლა, რომელმაც კარის წინიდან გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 22:3.

კაცნაკლულებმაც ვაჯობეთ

მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი კვესელაძის კარგი შეტევა ნინიაშვილმა გააგრძელა და დაფარული გადაცემა სისწრაფეში შესულ მერაბ შარიქაძეს გაუკეთა. დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ხაზი სუფთად გაჭრა და მასპინძლებს მეხუთე ლელო გაუტანა, აბჟანდაძემ კი მეორე ზუსტი გარდასახვა შეასრულა.

მალე პირველად დავრჩით კაცნაკლულები – შალვა მამუკაშვილმა მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამას შეცვლებიც მოყვა და 64-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი დარჩა. მერე შერკინებიდან გამოსული ბურთი გელა აფრასიძემ მეტოქის ზურგში ფეხით გადაკიდა, მას თოდუა დაეუფლა და ლელო გაიტანა, ლუკა მატკავას გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. 4 წუთში ნინიაშვილმა შეუტია კარგად, ბოჭვის შემდეგ ბურთი სწრაფად გაათავისუფლა, მერე თავადვე აიტაცა და ლელო მორკინალის სტილში გაიტანა, მატკავას გარდასახვა კი ზუსტი იყო.

გელა აფრასიძის სინბინის შემდეგ, მოედანი მცირედი დაზიანების გამო შარიქაძემაც დატოვა, თუმცა 13-მა ბორჯღალოსანმა მაინც შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება. მატკავას ფინტებს ოფლოუდების სერია მოყვა და თოდუამ თავისი მეორე ლელო გაიფორმა, თუმცა საქმეში გვერდითი მსაჯი ჩაერთო, რომელმაც რეფერის მოედნის ცენტრში დარღვევა უკარნახა და მანაც სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, ლელო კი გააუქმა. მაგრამ საქართველომ ლელოს გაშვება არც 12 კაცით ისურვა, ესპანელთა ბოლო მიძალება მოიგერია და 41:3 გამარჯვებით, რუმინეთს ან პორტუგალიას თბილისში ვიზიტი გაუფორმა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
„ა“ ჯგუფი. მესამე ტური
18 თებერვალი. ტორელავეგა.
ესპანეთი საქართველო 3:41 (3:22)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. სერგო აბრამიშვილი 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

7 ლელო: ტაბუცაძე (2), გიგაშვილი, აბჟანდაძე, შარიქაძე, თოდუა, ნინიაშვილი

3 გარდასახვა: აბჟანდაძე (2), მატკავა

3 სინბინი: მამუკაშვილი, აფრასიძე, აბრამიშვილი

 

გუნდები თამაში მოგება ფრე წაგება +/- ქულები
საქართველო 3 3 0 0 156-23 15
ესპანეთი 3 2 0 1 63-75 9
ნიდერლანდები 3 1 0 2 61-97 4
გერმანია 3 0 0 3 55-140 1