რაგბი ევროპამ რუსეთი და ბელარუსი მოკვეთა

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ფონზე, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციები ერთხმად დაამტკიცა.

მის თანახმად, რაგბი ევროპამ სრულად გაიზიარა მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება და რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები თავისი რიგებიდან მოკვეთა. ორივე ქვეყნის ყველა ასაკობრივ გუნდს, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.

რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები გარიცხეს რაგბი ევროპის ყველა მმართველი ორგანოდან და კომიტეტიდან. რაგბი ევროპა განიხილავს იმ ტურნირების სსხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობებს, რომლებისთვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა.

ესენია: 2022 წლის ევროპის ჩემპიონატები თოვლისა და ქვიშის რაგბში; 7-კაცა და 7-ქალა ევროპის ჩემპიონატების მოსკოვის ეტაპები; 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი; 7-კაცა რაგბში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი.

რაგბი ევროპა განაგრძობს კონსულტაციებს მსოფლიო რაგბთან შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად. რაგბი ევროპა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის მიმართ და მას მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდებს.