რაგბი ევროპამ ბესიკ ჩადუნელი 7-კაცა ტურნირებზე სამედიცინო დელეგატად მიავლინა

რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი, რაგბი ევროპის 7-კაცას კონფერენც დივიზიონში, სამედიცინო დელეგატად იყო მიწვეული.

ის ბელგრადში (სერბეთი), როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირზე წარმოადგენდა როგორც რაგბი ევროპას, ასევე საქართველოს რაგბის კავშირს, ხოლო 19-20 ივნისს, უკვე ხორვატიაში, ზაგრებში გასამართ 7-კაცასა და 7-ქალას „ალაფაზე“ იქნება – კვლავ სამედიცინო დელეგატის როლში.

რაგბი ევროპის ამ ახალ ამპლუაში, მის ფუნქციებში შედის ტურნირის მსვლელობისას მეთვალყურეობა გაუწიოს კოვიდ-უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზევე შეძლოს დარღვევების აღმოფხვრა. გარდა ამისა, დაეხმაროს ტურნირის ექიმს ტვინის შერყევის მართვაში.

„ეს რაგბი ევროპის მიერ შემოღებული სიახლეა და მიმართულია მოთამაშეთა კეთილდღეობისკენ. სამედიცინო დელეგატის მოვალეობაა ტურნიტრის სამედიცინო უზრუნველყოფა, ძირითადად კოვიდ-19-ის თვალსაზრისით. სასიხარულოა, რომ საქართველო ამ კუთხით წარმოდგენილია რაგბი ევროპის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში“.

„ეს იმ სამუშაოს გამოძახილია, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა სამედიცინო კუთხით, რადგან თავიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული რაგბი ევროპის სამედიცინო კომისიის დაარსებაში, შემდგომში კი მისი სამედიცინო განათლების კოორდინატორად დავინიშნე, ახლა კი, ახლად ჩამოყალიბებული მოთამაშეთა კეთილდღეობის სუბ-კომისიის წევრი ვარ. გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებული ყურადღება კოვიდ-უსაფრთხოებას და მის ფონზე თამაშში დაბრუნებას ეთმობა. ამ მხრივ შევიმუშავეთ რაგბი ევროპის რეგულაციები, როგორც რაგბი XV, ისე 7-კაცა რაგბისთვის“ – ამბობს ჩადუნელი.

ბესიკ ჩადუნელი რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსად 2017 წლის მიწურულს დაინიშნა და პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის შესაბამის სამსახურებთან.

2019 წელს ის ყაზანში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე (7-ქალაში) უკვე იყო რაგბი ევროპის სამედიცინო დელეგატად წარდგენილი, რის შემდეგაც ორი ქართველი ედუკატორი მიიწვიეს მსოფლიო რაგბის კურსების ჩასატარებლად მოსკოვში, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას, იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაში ჩადუნელი მოხსენებით წარსდგა მსოფლიო რაგბის სამედიცინო კონფერენციაზე განათლების განხრით (იხ.).

ორგანიზაციული თვალსაზრისით მომხდარი ცვლილებებიდან აღსანიშნავია, რომ გადამოწმდა და დაზუსტდა რაგბის კავშირის მონაცემთა ბაზა ექიმების, ფიზიოთერაპევტებისა და მასაჟისტებისთვის, ჩამოყალიბდა მათი სახელშეკრულებო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა სამედიცინო საშუალებების კონკრეტული ნუსხა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ ნაკრებისა თუ კლუბების ექიმებმა.

მსოფლიო რაგბის მოთხოვნის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა განათლების კუთხით. 2018 წლიდან, სამედიცინო ედუკატორის ხარისხი მიენიჭა ორ სპეციალისტს და დაიწყო მსოფლიო რაგბის ოფიციალური კურსების ქართულ ენაზე ჩატარება, რამაც განაპირობა ამ მიმართულების შემდგომი განვითარება. ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა შესაბამისი ონლაინ და დასწრებითი მოდულების ტექსტები და მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე, ქართულ ენაზე აიტვირთა ტვინის შერყევის მოდული, ასევე კოვიდ-რეგულაციები და დოპინგ-კონტროლის რეგულაციები კოვიდ-19 პანდემიის პირობებში.

განვითარების ჯგუფის ოთხმა მწვრთნელმა-ედუკატორმა გაიარა გადამზადება სამედიცინო მიმართულებით და მიიღო პირველადი დახმარების პირველი დონის ედუკატორის სერთიფიკატი. შედეგად, მათ უკვე შეუძლიათ მსოფლიო რაგბის პირველადი დახმარების კურსების ჩატარება და ოფიციალური სერთიფიკატის გაცემა. თავის მხრივ, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი მწვრთნელების მსოფლიო რაგბის სტანდარტებით გადამზადება ამ მიმართულებითაც.

2020 წელს საქართველოში, ქართულ ენაზე პირველად ჩატარდა მეორე დონის სემინარი, რაც ამასთან ბესიკ ჩადუნელისთვის სამედიცინო ტრეინერად გახდომის გამოცდასაც წარმოადგენდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ეს აკმაყოფილებს მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მოთხოვნას სამედიცინო განათლების სფეროში, რადგან სწორედ ტრეინერი კოორდინირებს სამედიცინო გადამზადების კურსებს და ამასთან, ამცირებს უცხოელი ტრეინერის ჩამოსაყვანად გასაწევ ხარჯებს, როგორც მსოფლიო რაგბისთვის, ისე საქართველოს რაგბის კავშირისთვის. ამავდროულად, ქართველ სპეციალისტებს მშობლიურ ენაზე შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ტვინის შერყევის მართვის და ტრავმების პრევენციის კუთხით, შეიქმნა ტრავმების აღრიცხვის ოქმი, რომლის შევსება მოედანზევე, მობილური აპლიკაციით შეიძლება და არ მოითხოვს სამედიცინო განათლებას. ჩატარდა სემინარები ექიმებისთვის, მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის, ხოლო ჭაბუკთა ლიგებში ამოქმედდა „ლურჯი ბარათის“ საპილოტე პროგრამა, რასაც თბილისსა და ქუთაისში წინ უძღოდა ქართველი მსაჯების გადამზადება ტვინის შერყევაში, ხანგრძლივი სამინარებისა და საკმაოდ მომთხოვნი გამოცდების მეშვეობით. ამ პროგრამით ხდება ტვინის შერყევის დროული დაფიქსირება და გართულებების პრევენცია (იხ.).

ასევე, ტვინის შერყევის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო ფრანგულ კომპანია „ვოგოსთან“ კავშირის დამყარება, მათი ჩამოყვანა ამ სისტემის „მოქმედებაში გამოსაცდელად“ ქუთაისში გამართულ საქართელო-გერმანიის მატჩზე და დიდ-10-ში მისი დანერგვის მცდელობა, თუმცა იმ პერიოდში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. სამაგიეროდ, რაგბი ევროპამ ამ სისტემის დიდი სარგებლის ნახვის მერე სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა მათთან და ამჟამად „ვოგოს“ გამოყენება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს რაგბი ევროპის ჩემპიონატებში.

2020 წლის მარტიდან კი კოვიდ-19 პანდემიამ ყველა დასახული გეგმა ჩაშალა. ძირითად მიზნად გადაიქცა შიდა ჩემპიონატების გამოცოცხლება და განახლება. პანდემიის გამოცხადებიდან სულ მოკლე ხანში, სპორტის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, მოხდა მსოფლიო რაგბისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა, რათა აღდგენილიყო იმ პერიოდისთვის შეწყვეტილი საქართველოს ჩემპიონატები. ამისათვის მსოფლიო რაგბის რეკომენდაციების მიხედვით დაინერგა კოვიდ-მენეჯერების ინსტიტუტი თითოეულ კლუბში, რომელთათვისაც გაიმართა არაერთი სემინარი. ჩამოყალიბდა ვარჯიშის განახლების სტანდარტები, შეიქმნა და გაკონტროლდა სიმპტომთა სკრინინგის ონლაინ ვერსია და სხვ. ყველაფერი ამის საშუალებით რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, განახლდა და დასასრულამდე მივიდა 2020-21 წლების ჩემპიონატები ყველა ლიგაში, რაც ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.