პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში

COVID-19-ის პანდემიამ საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის მე-6 ტური სამი მატჩით დაამოკლა. გადაიდო ‘მონტობანის’ და ‘პროვანსის’, ‘კარკასონის’ და ‘მონ-დე-მარსანის’, ასევე ‘ოიონასა’ და ‘ბიარიცის’ შეხვედრები.

მიუხედავად ამისა, ხუთივე ჩატარებულ მატჩში ჯამში 10-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. საკუთარი გუნდების ძირითად შემადგენლობებში პირველად გამოჩნდნენ დუდუ ქუბრიაშვილი და მიხეილ ალანია.

პრო დე2-ის მეექვსე ტური ქართველი ბურჯების დაპირისპირებით დაიწყო. თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის ‘ნევერმა’ დუდუ ქუბრიაშვილის ‘პერპინიენს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 22:25 დამარცხდა. მასპინძლები დებიუტში 13:0 დაწინაურდნენ და 66-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში ქულაც ვერ აიღეს და მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ. სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ქუბრიაშვილმა 63, პაპიძემ 61, ხოლო მატარაძემ 54 წუთი ითამაშა. ‘პერპინიენმა’ პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და 21 ქულით პირველ ადგილზეა.

21 ქულა აქვს ‘ვანსაც’, რომელმაც ‘რუანი’ სტუმრად 23:19 დაამარცხა. პირველი ტაიმის 6:6 დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს – დასკვნით 12 წუთში ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვეს. ‘რუანის’ რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა კახა ასიეშვილმა.

‘ანგულემი’ ‘კოლომიეს’ ეწვია და 11:53 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ლუკა გოგინავამ.

ქართველების ‘ორიაკი’ ‘ბეზიეს’ ეწვია და 3:19 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ. სამი ტურია ის სათამაშო დროს ზრდის და ამჯერად მოედანზე 58 წუთი გაატარა. ძირითადში იყო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც 55-ე წუთზე ჯემალ შათირიშვილმა შეცვალა.

ტურის დასკვნით მატჩში ‘გრენობლმა’ ‘ვალანსი’ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 28:25 სძლია. ორივე გუნდის ძირითადში ქართველმა ბურჯმა ითამაშა. მასპინძელთა შორის 55 წუთი გაისარჯა ილია კაიკაციშვილი, ხოლო სტუმართა შორის 50 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა.

პრო დე2-ის მომდევნო ტური 22-24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

ფოტო: stade-aurillacois