პრო დე2 | ქერდიყოშვილის დებიუტი საფრანგეთში

პრო დე2-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში მოედანზე ექვსი ქართველი გავიდა – სამი ‘ორიაკის’ და სამიც ‘გრენობლის’ შემადგენლობაში. ‘ორიაკი’ მასპინძელი იყო და მომხვდურს 21:16 აჯობა. მათ რიგებში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ, ხოლო გიორგი ქართველიშვილი და ლუკა ნიორაძე 54-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ბურჯებით დაიწყო თამაში ‘გრენობლმა’. ილია კაიკაციშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზურაბ ჟვანის ნაცვლად თამაშში ლუკა გოგინავა 55-ე წუთიდან ჩაერთო.

‘ოიონამ’ ‘კარკასონს’ უმასპინძლა და 23:6 დაამარცხა. მათ შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

‘კოლომიე’ ‘რუანს’ ეწვია და 24:19 დაამარცხა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. მასპინძელთა შორის თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო ხვიჩა ცოფურაშვილი. მან 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

სტუმრად ‘აჟენს’ 28:24 მოუგო ‘ბურგ-ან-ბრესმა’, რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ვაჟა კაპანაძემ, თუმცა 70-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. მასპინძელთა ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. ‘აჟენში’ და პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა მეორეხაზელ ბორჯღალოსან გრიგორ ქერდიყოშვილს. ის მარქაფაში იყო და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

‘მონტობანმა’ ‘ბეზიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 37:11 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ახალაძე.

ფრედ 23:23 დასრულდა ‘ბაიონისა’ ‘ნევერის’ შეხვედრა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მიმდინარე სეზონში ‘ნევერის’ რიგებში პირველად გამოჩნდა თორნიკე მატარაძე, რომელიც ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

 

ფოტო: HUW EVANS AGNECY