პრო დე2 | პირველ ტურში ცხრამ ითამაშა

საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დე2-ის 2021/2022 წლების სეზონის პირველ ტურში, 15 კლუბში გადანაწილებული 48 ქართველი ლეგიონერიდან ცხრამ ითამაშა.

უკვე ვწერდით, რომ გახსნით მატჩში კოტე მიქაუტაძემ ‘ბაიონის’ ‘აჟენთან’ გამარჯვებაში 30-წუთიანი წვლილი შეიტანა.

კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ‘ოიონა’ ‘გრენობლს’ ეწვია და 22:14 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ საათის თავზე სტუმრები 19:0 იგებდნენ და ორი ლელო დასკვნით მეოთხედშიღა გაუშვეს. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია, რომელსაც ‘გრენობლის’ რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. 48-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ლუკა გოგინავა გამოჩნდა, რომელმაც ‘გრენობლის’ რიგებში ასევე პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

‘ორიაკი’ ‘ბეზიეს’ ეწვია და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით ბონუს-ქულას გამორჩა – 19:22. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო. გიორგი ცუცქირიძემ მოედანზე 64, ხოლო გიორგი ქართველიშვილმა 54 წუთი გაატარა.

პრო დე2-ში დაბრუნებული ‘ბურგ-ან-ბრესი’ ‘მონტობანს’ დაუხვდა, 20:24 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვაჟა კაპანაძე, რომელიც 37-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მე-60-ზე მოედანზე დაბრუნდა და საფინალო სასტვენამდე ითამაშა.

‘კარკასონმა’ ‘რუანს’ უმასპინძლა და რომ არა მატჩის მიწურულს გაშვებული ლელო, ბონუსით მოიგებდა, ასე კი 4 ქულას დასჯერდა – 30:14. მასპინძელთა შორის დებიუტი ჰქონდა იოანე იაშაღაშვილს, რომელიც ახალ გუნდს ‘ბაიონიდან’ შეუერთდა და შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა. ელიტური დებიუტი ჰქონდა ბურჯ ხვიჩა ცოფურიშვილს, რომელიც ‘რუანში’ ‘სტად ფრანსეს’ ესპუარებიდან გადავიდა. ის შეცვლაზე 36-ე წუთზე შევიდა და 66-ეზე თავად შეცვალეს.

 

ფოტო: ledauphine