პრო დე2 | ალანიას საოცარი დებიუტი

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და საფრანგეთის მეორე დივიზიონის ‘ორიაკის’ 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ, პრო დე2-ში თავისი სადებიუტო მატჩი გამარჯვების ლელოთი აღნიშნა.

2020/2021 წლების ჩემპიონატის მეოთხე ტურში, ქართველების ‘ორიაკი’ სტუმრად ‘მონტობანს’ ეთამაშებოდა. ალანია შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა, 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის 22-იდან ხელდახელ წამოღებულ შეტევას მიყვა და ბურთით ხელში დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. ლელო იმდენად ეფექტური იყო, რომ ფრანგმა ჟურნალისტებმა ‘ორიაკი’ „ოლ ბლექსს“ შეადარეს, თავად ალანია კი, ტურის სიმბოლურში მოხვდა. ამ ლელომ გუნდს 20:11 მოაგებინა.

‘ორიაკის’ ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა. თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.

‘ნევერმა’ ‘ანგულემს’ უმასპინძლა, 25:12 დაამარცხა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის, ბონუსიც ჩაიწერა. ‘ნევერის’ რიგებში დასკვნითი 15 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ, ხოლო ‘ანგულემის’ შემადგენლობაში ლუკა გოგინავა შეცვლაზე პირველი ტაიმის ბოლოს შევიდა.

https://youtu.be/3og16YbwxGg?t=188

‘რუანმა’ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში გამართა და ჯერჯერობით უქულოდაა. მე-4 ტურში მან ‘ბიარიცი’ მიიღო და 16:23 დამარცხდა. მასპინძელთა შორის მეორე ტაიმი ითამაშა კარლენ ასიეშვილმა და 67-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. ‘ბიარიცის’ ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი, რომელიც შესვენებისას გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა, ხოლო 43-ე წუთზე მოედანზე უშანგი ჭეიშვილიც გამოჩნდა, თუმცა 15 წუთში მოუდნის დატოვება მოუწია.

‘ვალანსი’ ‘ვანს’ ეწვია და 10:36 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო და მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი კაკაურიძემ, რომელიც შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა.

‘ოიონამ’ ‘პროვანსი’ მიიღო და მას წლევანდელ სეზონში პირველი მარცხი აგემა – 29:17, თავად კი ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება (3-იდან 3 მოგება). ‘ოიონას’ შემადგენლობაში დასკვნითი 11 წუთი გაატარა ბექა კაკაბაძემ, ხოლო ‘პროვანსის’ ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ქართული დაპირისპირება შედგა ‘კოლომიესა’ და ‘მონ-დე-მარსანის’ შეხვედრაში. ‘კოლომიემ’ მეტოქე 22:17 დაამარცხა და მის ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელმაც მოედანზე 56 წუთი გაატარა. ‘მონ-დე-მარსანის’ შემადგენლობაში მარცხენა ბურჯად დაიწყო თამაში ლაშა მაჭარაშვილმა. ის 33-ე წუთზე გელა მურუსიძემ შეცვალა.

პრო დე2-ში ერთი კვირა დასვენებაა და თამაშები 8 ოქტომბრიდან განახლდება.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე