პრესკონფერენცია 2022 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან 49:15 მოგების შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ბორჯღალოსნებმა ამ გამარჯვებით მე-14-ედ მოიგეს ტიტული.

ლევან მაისაშვილი: „ფინალი ყოველთვის განსხვავებული თამაშია და რთული შეხვედრა რომ გველოდა თავიდანვე ვიცოდით. გარდა ამისა, წელს ესპანეთი სხვა გუნდებთან შედარებით აშკარა ფავორიტი იყო. თამაშის გარდასატეხად ორივე ტაიმში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა“.

„კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან კარგია და ხშირ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად მოტივაციასაც გვაძლევს, თუმცა ხშირი იყო დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც საწყენია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ გვექნება რთული თამაშები, რადგან ყველა ისე გვიყურებს, როგორც ფავორიტს და ცდილობენ მაქსიმალურად კარგად ითამაშონ. გარდა ამისა, ყველა გუნდმა თაობათა ცვლის პროცესი 4-5 წლის წინ გაიარა და ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდნენ, ჩვენ კი ამ პროცესს ახლა გავდივართ“.

„არის კიდევ ერთი მომენტი – ყოველთვის გვიჭირს ტურნირის დაწყება, რადგან მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და სანამ გუნდი აეწყობა, არის პრობლემები. თუ გავიხსენებთ პირველ თამაშს, მთელი კვირა ფორს-მაჟორში გავიარეთ. გუნდის 40%-ს, მწვრთნელიან მოთამაშეებიანად ომიკრონი შეხვდა და აბსოლიტურად მოუმზადებლები ვიყავით. მეორე თამაში კარგად ჩავატარეთ, რუმინეთთან სტუმრად თამაში კი მარტივი არასდროსაა. ბუქარესტში მოვიგეთ, მაგრამ ისეთი კრიტიკა მივიღეთ, მე და „ბუკა“ ერთმანეთს ვეკითხებოდით, ხომ არ წავაგეთთქო. დიახ, ესპანეთთან საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. დრო გვჭირდება სტაბილურობის მისაღწევად“.

„ბოლო წლებში მსოფლიო რაგბმა წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ შერკინებაში ერთპიროვნული დომინაცია ნებისმიერ გუნდს უჭირს. დინამიკა, ცვლილებები, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ აუცილებელი იყო ჩვენი თამაშის სტილის შეცვლა. გარდა ამისა, გუნდი დატოვა არაერთმა ძალიან ძლიერმა მორკინალმა, რომელთა ჩანაცვლება ასე მარტივი არ არის. ლოგიკურია, რომ ასეთ სიტუაციაში თამაშის სტილის შეცვლაზე უნდა გვეფიქრა. არის კიდევ ერთი მომენტი. ყველა გუნდი, ვინც ჩვენთან სათამაშოდ ემზადება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შერკინებაში თამაშს. ისედაც საჭირო იყო ბალანსი შერკინებასა და ხაზის თამაშში და ამ ყველაფერმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა. აქ თავისი წვლილი მიუძღვის ‘შავ ლომს’, სადაც ხაზის მოთამაშეების 80% გვყავს, მათთან მთელი წლის განმავლობაში მიდის მუშაობა და ეს დაგვეტყო როგორც ნოემბრის ტესტებზე, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ვაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით პრობლემები კიდევ უფრო შევამციროთ“.

მერაბ შარიქაძე: „კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო“.

„რაც ნაკრებში ვარ სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი – რა კარგია რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ ვიდრე მათ გონიათ“.

სანტიაგო სანტოსი (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „50 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, თუმცა მერე სადავეები ხელიდან გავუშვით და შედეგიც შესაბამისი დადგა. ანგარიშით რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. ვულოცავ საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას. დღეს ტრადიციული თამაში ვერ ვაჩვენეთ. ამინდმა ჩვენს გეგმებში კორექტივები შეიტანა და სანახაობრივი თამაში არ გამოგვივიდა“.

აფა ტაული: „საქართველოს ნაკრების გუნდურმა და ინდივიდუალურმა კლასმა თავი იჩინა და დასკვნით 30 წუთში ის თამაში ვეღარ ვაჩვენეთ, რაც მანამდე. ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოს და ესპანეთის ნაკრებში ბაზირებულ მორაგბეებს შორის დიდი სხვაობაა“.