პრეზიდენტი

სახელი და გვარი: იოსებ ტყემალაძე
დაბადებული: 25 დეკემბერი 1976
ეროვნება: ქართველი
მოქალაქეობა: საქართველო
რელიგია: მართლმადიდებელი
განათლება: უმაღლესი, ძირითადი მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მშობლები: მამა – ინჟინერ მშენებელი; დედა – ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბიოგრაფია

იოსებ ტყემალაძე ცხოვრობს საქართველოში – ქალაქ თბილისში. ის არის დიდი ოჯახის მზრუნველი მამა და მეუღლესთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვების აღზრდასა და განათლებას.

იოსებ ტყემალაძე ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო ბიზნესში. მას აქვს 22 წელზე მეტხნიანი გამოცდილება ნავთობის, გაზისა და ნავთობ-ქიმიკატების ინდუსტრიაში. როგორც ბიზნესმენი, იგი მონაწილეობდა საერთაშორისო ვაჭრობაში, საზღვაო პორტების განვითარებასა და მშენებლობაში, საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პროცესების ოპერირებაში, მათ შორის გემების მართვაში. ყველა ამ სფეროში ის უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს ცენტრალურ და შუა აზიაში, ცენტრალურ ევროპაში, ხმელთაშუაზღვის რეგიონში და აფრიკაში. ამ წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ძირითადად დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

ამჟამად იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ბიომრავალფეროვნების განვითარებაში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“–ს მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ტყის მართვას, დაცვასა და განვითარებას, ისევე როგორც, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების ჯიშების გამრავლებას.

2012 წლიდან მოყოლებული, იგი აქტიურად მონაწილეობდა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის წარმოდგენილია აგრეთვე სასტუმროების, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, ისევე როგორც სხვადასხვა საწარმოების მართვაში. გახლავთ რამდენიმე ინოვაციური სტარტაპის ავტორი, რაც ბოლო წლებში მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ასევე განახლებადი ენერგიების განვითარება, როგორიც არის ქარის და მზის მაღალტექნოლოგიური მიღწევები და შესაძლებლობები.

შთაგონებული იყო რა თავისი ქვეყნის სამსახურით და მისი ეკონომიკური განვითარების სურვილით, მან დაიწყო თანამშრომლობა საჯარო ინსტიტუტებთან და ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი წარმოდგენილია მრჩევლის რანგში. მის სახელს უკავშირდება უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და განაშენიანების სამუშაოები ისეთ ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტებზე, როგორებიც არის აბასთუმანი და წყალტუბო. მის მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ზემოთმოცემული მისი საქმიანობის ფართო სპექტრისა და ცხოვრებისეული გამოცდილების თანმხლებ, განუყოფელ და გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს 20 წელზე მეტხნიანი თანაცხოვრება სარაგბო თემთან, უმეტესწილად კლუბ „ლელო’-სთან (საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი) მოგვიანებით, 2012 წლიდან კი, აქტიურად არის ჩართული რაგბის კავშირის თანადგომისა და განვითარების პროცესებში. მისი ასეთი მჭიდრო შეკავშირება განპირობებულია მისი ხედვით – რაგბი არა მხოლოდ სპორტი, არამედ რაგბი, როგორც ეროვნული იარაღი და ბუნებრივი გამოხატულება ქართული გენისა და ისტორიის. მეტიც, რაგბის გამოარჩევს და აფასებს იმ იშვიათ თვისებაზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლებელს ხდის ისეთი ურთიერთსაპირისპირო კომპონენტების თავსებადობას როგორებიცაა – გუნდური სულისკვეთება და ინდივიდუალური გმირობები, ფიზიკური ძალისა და მაღალი ინტელექტუალური უნარების დემონსტრირება, საბრძოლო სულისკვეთება და ტაქტიკური გადანაწილება, მეტოქეობა და მოედნიდან ერთმანეთის ტაშით გაცილების უნარი, რაც გამარჯვებაზე და დამარცხებაზე უზენაესია. ყოველივე ეს აყალიბებს პიროვნებას, როგორც მისი ქვეყნის ფასდაუდებელ მეომარს, რომელიც ისტორიულად ასევე ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია.

მისი სულის საზრდოს წარმოადგენს და განსაკუთრებულ პატივისცემას ანიჭებს ქართულ ფოლკლორს და მრავალხმიანობას. იმავდროულად ოჯახის წევრების ჩართულობით რჩება ბუნებასთან და მშობლიურ მხარესთან მჭიდრო კავშირში.

ძირითადი ღირებულებები და შეხედულებები, რომელებიც განსაზღვრავენ მის პიროვნებას, ცხოვრებას და საქმიანობას:

ქართული გენის და მრწამსის დაცვა და გაღვივება ჯანმრთელი ცხოვრების წესი
ბუნების მრავალფეროვნების შენარჩუნება და განვითარება