პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველო ‘სპრინგბოკსს’ 2 ივლისს პრეტორიაშია, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში ეთამაშება. ორივე შეხვედრა ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით.

ლევან მაისაშვილი: „ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა“.

სამხრეთ აფრიკის თავკაცმა ჟაკ ნიენაბერმა, რომლისთვისაც 2 ივლისის მატჩი სადებიუტო იქნება ‘ბოკეს’ მთავარი მწვრთნელის რანგში, შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, რომლებიც ეროვნული გუნდის კვართით, ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებენ:

„გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. ‘ბოკე’ მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა“.

ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა მაისაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც ის ამბობს:

„დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით“.

შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ფორვარდების სიძლიერეზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მარქაფაში ექვსი მორკინალია:

„სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდები ყავს, რაც 2019 წელს იაპონიაშიც დაამტკიცა. ისინი გამოირჩევიან ზომით, საშემსრულებლო ოსტატობით და მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ სიძლიერეს. ერასმუსის ხელში ‘ბოკე’ საშუალო გუნდიდან დაუმარცხებლად იქცა. მან სწორად შეაფასა საკუთარი შეგირდების ძლიერი მხარეები და ამ პროგრესში ლომის წვლილი ფორვარდებს მიუძღვით“.

„ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვყავს ახალგაზრდა მორკინალები, რომლებიც დიახ, ტოპ-გუნდებში თამაშობენ, თუმცა ასაკით და გამოცდილებით მეტოქეს ჩამოუვარდებიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. თუ გსურს, რომ მოედანზე იყო და უძლიერესების წინააღმდეგ ითამაშო, არ შეიძლება შეეგუო წაგებას და ბოლომდე უნდა დაიხარჯო“.

„რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებს და შევჯერდით, რომ შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფრიკელებთან ჭიდილში ამ კომპონენტში ძალიან დიდ ენერგიას დავხარჯავთ. ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე ვართ. აქ აფრიკელები თავს კარგად გრძნობენ და ამ მოკლე დროში, მნიშვნელოვანია გავანაწილოთ ენერგია“.

მაისურაძეს 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში არაერთხელ უთამაშია აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ. ის ფიქრობს, რომ გარკვეულწილად, იქ მიღებული გამოცდილება გამოადგება, თუმცა იქნება სიახლეებიც:

„სამხრეთ აფრიკის განვითარების სტრატეგია ისეა აწყობილი, რომ ასაკობრივი ნაკრებები იმავე პოლიტიკას მისდევენ, რასაც ეროვნული. მათ დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ საკუთარი სტილი და მას არ ღალატობენ. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული მორაგბეები არიან, განსხვავდება მწვრთნელების ხედვა შერკინებაში, დერეფანში, მოლში და ყველაფრის ერთი-ერთში გადატანა არ ხდება. ამიტიმ ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება“.

პრესკონფერენციის დასასრულს ილია მაისურაძემ უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც სტელენბოშში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში თამაშობენ, რასთან დაკავშირებითაც მის შეფასებას ცალკე მოგაწვდით.