პირველი ლიგა | 2022/2023 წლების სეზონის ფინალი „ავჭალაზე“ გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების პირველი ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, ისევე, როგორც დიდი 10-ის, „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება.

პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ იწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფლეი ოფში გავა და ის ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს, ორი მოწინავე კი ისვენებს.

მეორე წრეში პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები წინასწარი ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ (შესარჩევი ფინალი). ამ ეტაპიდან ერთვებიან ფლეი ოფში ლიდერები და პირველადგილოსანი მეორეს მასპინძლობს, გამარჯვებული დიდი ფინალის საგზურს იღებს, ხოლო დამარცხებული დიდი ფინალის საგზურისთვის შესარჩევი ფინალის გამარჯვებულს ერკინება.

პირველი ლიგის ფინალური შეხვედრის მოგებული პირდაპირ მიიღებს 2023/2024 წლების დიდი 10-ის საგზურს, დამარცხებული კი ორრაუნდიან რკენას დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მე-9 ადგილოსანთან გამართავს.