პირველი ლიგა | ‘ხვამლმა’ შანსი ხელიდან არ გაუშვა

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის ‘ტაო’-ხვამლის’ დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მუხიანელებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად და 1/2-ში ‘არწივებთან’ გასამართი შეხვედრის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ხელს მხოლოდ ბონუსით მოგება აძლევდათ, მესხთათვის კი შეხვედრა ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა. დაბევებული მეოთხე ადგილით, ‘ტაო’ საჩემპიონო პლეი ოფის პირველ ეტაპზე სეზონის გამარჯვებულ ‘არმიას’ დედაქალაქში დაუპირისპირდება. მესხებმა პირველ ტაიმში  მუხიანელებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მეორე ნახევარში კი მეტად მოტივირებული სტუმრების ჟინმა და თავდადებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მატჩის დებიუტში ‘ტაო’, შუამარბ გიორგი ტალახაძისა და ფრთა დავით ვედიაკოვის ლელოთა წყალობით 2-ჯერ დაწინაურდა, თუმცა დავით ცხვედიანის შეგირდებს მატჩში გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებიათ, 3 ლელოს დადება მოახერხეს და ფულბეკ ზურა ქობელაშვილის ლელოთი შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში ‘ხვამლის’ უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმართა მხრიდან „დუბლით“ კვაჭი გიორგი ვარდოსანიძე გამოირჩა, ხოლო „ოქროს“ ფასის მქონე ბონუს-ქულის მომტანი ლელო მესხებს მხტომელმა ბექა არველაძემ დაუდო – 38:19 (ლელოები 6:3). მართალია, ‘ტაოს’ ერთ-ერთ ლიდერ გოშა შკინინს თამაში არ წაუვიდა, თუმცა 40 წელს მიტანებულმა ბორჯღალოსანმა ლელოს გატანა განვლილ შეხვედრაშიც მოახერხა.

‘ხვამლმა’ უკეთესი პირისპირ ბალანსით, ცხრილში ქულებით ტოლ-სწორად მყოფ ‘არწივებს’ გაუსწრო და რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე ჩაამთავრა, რამაც ცხვედიანის ბიჭებს ოზურგეთის ‘არწივებთან’ გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაში მოედნის უპირატესობა არგუნა.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘არმია’ თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ‘ჭადარს’ ესტუმრა, პირველობის აუტსაიდერ კახელებს 14 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 89:0 მოუგო. „არმიელთა“ ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. ფრთა გიორგი გელაშვილმა და ჰავბეკმა რამაზ ჯინაშვილმა კი „დუბლი“ შეასრულეს. გუნდის კაპიტანმა რამაზ ჯინაშვილმა პირად მონაგარს 8 ზუსტად შესრულებული რეალიზაციაც დაურთო. ბექა სხულუხიას შეგირდებმა სეზონის მანძილზე 16 მატჩი მოიგეს, 76 ქულით დამაჯერებლად იპირველეს და მდევრებს ცხრილში 5 ქულით გაუსწრეს.

რეგიონულ ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, ‘ჭადარის’ საკულტო დამრიგებელმა გია ჭუმბურიძემ ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკრა, რომლის მთავარ მიზანი მომავალ სეზონში პირველ ლიგაში უცილობელი დაბრუნება იქნება. აღსანიშნავია, რომ კახელთა შემადგენლობის ბირთვს ადგილობრივი, ახალგაზრდა პერსპექტიული მორაგბეები შეადგენენ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მდიდარი სათამაშო გამოცდილება მიიღეს და ოსტატობაც გვარიანად აიმაღლეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ჭადარმა’ თელავსა და მის შემოგარენში რაგბი მეტად პოპულარული გახადა, რასაც რაგბში ადგილობრივ მოზარდთა ჩართულობის მკვეთრი ზრდაც მიგვანიშნებს.

ოზურგეთის ‘არწივებმა’ კი „ხვამლი არენაზე“ ნომინალური მასპინძლის როლში მყოფ ‘ბორჯომთან’ სეზონის ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა. ერთ მატჩში ყველაზე მეტი – 120 ქულა აიღეს და ასევე ერთ შეხვედრაში რეკორდული 20 ლელოს გატანაც მოახერხეს – 120:21. თორელებთან შეხვედრაში შედეგიანობით გურულების სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები გამოირჩნენ. ფულბეკმა ჯაბულანი მკულვანმა 5 ლელო გაიტანა, ხოლო ფრთა ჯასტინ ნაუდემ პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

ვაზისუბანში, დიდი 10-ის ყოფილი ბინადრების ‘ვეფხვები’-‘არმაზის’ შეხვედრა  ლიგის მე-5 ადგილოსანს არკვევდა. აქაც გარე კახელები ნომინალური მასპინძლები გახლდნენ. შეხვედრა ქვემო ქართლელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ‘არმაზი’ კარგი მიყოლით, ხშირი ოფლოუდებითა და ხაზის მოთამაშეთა უნარიანი თამაშით გამოირჩა. მარნეულელებმა შესუსტებული შემადგენლობით მყოფ ‘ვეფხვებს’ 6 ლელო დაუდეს და მატჩი ბონუსით – 40:7 მოიგეს. მარქაფადან ჩართულმა ფრთა ლუკა მიშვიძემ „დუბლი“ შეასრულა. გარე კახელები კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან ბურჯ ნიკა ლაცაბიძის ბოლო წუთებზე გატანილმა ლელომ იხსნა. ‘არმაზმა’ ცხრილში მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა, ‘ვეფხვებმა’ კი ჩემპიონატი მე-7 ადგილზე ჩაამთავრეს.

‘ჭადარის’ მარცხის შემდეგ, ‘ბაგრატი’-ჯიქის’ შეხვედრის შედეგმა შიდა ქართლელთათვის მნიშვნელობა დაკარგა, რამეთუ ნიკო ჭავჭავაძის ბიჭებს მე-9 ადგილი განაღდებული ქონდათ და ლიგაზე დარჩენაზე დაპირისპირება რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან მოუწევთ. ქუთაისში კი მეტოქეებმა ლაღად იბურთავეს და ჯამში გატანილი 13 ლელოთი (8-5) შეხვედრა სანახაობრივ ასპარეზობად აქციეს.

‘ბაგრატი’ პირველ ნახევარში დომინირებდა და შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ‘ჯიქი’ არ შედრკა და მარბიელ ამირან სახელაშვილის შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ მატჩის მიწურულს ანგარიშში ჩამორჩენა 4-ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო წუთებზე რიონისპირელთა მარბიელმა თორნიკე იობიძემ სტუმრებს ოვალი ჩაუჭრა და თავისი მეორე გატანილი ლელოთი ‘ბაგრატის’ რთული გამარჯვება დააფიქსირა – 46:35. ‘ბაგრატს’ ბონუსით მოგებამ, პირველობაზე მე-6 ადგილის დაკავების შესაძლებლობა მისცა.

პირველი ლიგის საჩემპიონო ერთმატჩა ნახევარფინალებში ითამაშებენ:

არმია (1) – ტაო (4)

ხვამლი (2) – არწივები (3)