პირველი ლიგა | ცხრილის სათავეში ‘არწივები’ მოექცნენ

პირველი ლიგის მეხუთე ტური არასრული გამოდგა. ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრის 14-ე წუთზე (იმ მომენტისთვის ანგარიში – 7:7) მოთამაშეთა შორის ატეხილი კინკლაობა ლიანგურ ჩხუბში გადაიზარდა, რამაც უმართავი ხასიათი მიიღო და შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მომხდარზე სრკ-ს ტრიბუნალი უახლოესს დღეებში საგანგებოდ იმსჯელებს.

სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად სათავეში ‘არწივები’ ჩაუდგა და ყოფილ ერთ-ერთ თანალიდერ ‘არმიას’ 3 ქულით გაუსწრო. ‘ტაო’ ჯერჯერობით მესამე ადგილზე დარჩა. მარცხის მიუხედავად, ‘გორმა’ და ‘იუნკერებმა’ შესაბამისად მეოთხე და მეხუთე პოზიციები შეინარჩუნეს.

‘ვეფხვებმა’, ‘ბაგრატმა’ და ‘ბორჯომმა’ პირველ გამარჯვებას გაუსინჯეს გემო. გარე კახელები ‘მათეს’ გაუტოლდნენ, ცხრილში ზემო იმერლებთან მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებენ და ხსენებული დუეტის ჩამორჩენა ‘გორთან’ მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. რიონისპირელები და თორელები კი პირველ მოგებათა მიუხედავად 4-4 ქულით ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე რჩებიან.

მეხუთე ტური პატარძეულში, ‘ვეფხვები’-‘გორის’ აღმოსავლური დერბით დაიწყო. მოუგებლად მყოფმა გარე კახელებმა შიდა ქართლელებს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილეს და პირველი გამარჯვება პრემიალური ქულის თანხლებით გაიფორმეს – 56:15. ‘ვეფხვებმა’ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს, სტუმრები კინკილა ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 28 ქულა დააგროვეს. მასპინძელთა კვაჭმა გიორგი გოგუაძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. წყვილი ლელოს გატანა ‘ვეფხვების’ ბურჯმა ალექსი მუჩიაშვილმაც მოახერხა. ‘გორი’ ფარ-ხმალს არ ყრიდა და მეორე ტაიმში 2 ლელოს დადებაც შეძლო. მატჩის საბოლოო ანგარიში მარქაფადან ჩართულმა გორელთა შუამარბმა ლუკა ნაყეურმა დააფიქსირა, ვინაც თავისივე გატანილი ლელო ზუსტად გარდასახა.

„აია არენამ“, ‘ბაგრატი’-‘იუნკერების’ შეხვედრას უმასპინძლა. პირველ ტაიმში, თანაბარ ბრძოლაში მეტოქეთა მხრიდან 2-2 ლელო იქნა გატანილი და ანგარიშში მასპინძელთა მინიმალური უპირატესობა მგეზავ ზვიად ოდიშარიას ზუსტად შესრულებულმა გარდასახვებმა განაპირობა. მართალია, ‘იუნკერები’ ხელით უფრო ლაღად და სწრაფად ბურთაობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში რიონისპირელთა მიერ სტატიკაში მოპოვებულმა უპირატესობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

‘ბაგრატი’ მეორე ნახევარში დაცვაშიც უკეთ გაისარჯა, მეტოქეს სივრცე შუზღუდა, ბევრჯერ დააჯარიმა და გიორგი ნოზაძის ბიჭები ეულ გატანილ ჯარიმას დააჯერა. საკუთრივ კი ‘ბაგრატმა’ 2 უპასუხო ლელო გაიტანა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთა შუამარბმა რამაზ ხურციძემ „დუბლი“ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც მისმა მეორე ლელომ დააფიქსირა – 28:15. ზვიად ოდიშარიამ მთლიანობაში თანაგუნდელთა ოთხივე ლელოს გარდასახვა უზადოდ შეასრულა.

„რაგბი პლატოზე“, მატჩის ნომინალურმა მასპინძელმა ‘ბორჯომმა’ ჭიათურას ‘მათეს’ დიდი ბრძოლა გაუმართა და წყვილში ფავორიტთან სეზონის პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის დებიუტში ბურჯ თორნიკე სარალიძის ლელოთი ზემო იმერლები პირველად და როგორც შემდგომში გაირკვა ბოლოჯერ დაწინაურდნენ, იმის მიუხედავად რომ სტუმრებმა მთლიანობაში მასპინძლებზე 1-ით მეტი, 3 ლელოს გატანა მოახერხეს.

მხტომელ თენგო ელიკაშვილის, ფულბეკ გრიგოლ ჩახვაძის ლელოებისა და შუამარბ ილია ბეკურაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და 2 გატანილი ჯარიმის წყალობით თორელებმა მეორე ტაიმის შუაწელს 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, ‘მათეს’ ფრთა თეიმურაზ ვაშაძის ლელომ სტუმრები გამარჯვებას მიუახლოვა, თუმცა ზემო იმერელთა ფულბეკ ნიკა კობიაშვილს მახვილი კუთხიდან გადამწყვეტი გარდასახვა გაუცუდდა, რამაც გოგა კაკოვინის ბიჭები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 18:17.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ‘არწივები’-‘არმიას’ ლიდერთა შეხვედრა დრამატული, უხვქულიანი გამოდგა და დამსწრე სპეციალისტებმა გუნდებს ნაჩვენები თამაშის ხარისხიც შეუქეს. გურულები მეტოქეს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში აღემატებოდნენ და სივრცეზე მოპოვებული უპირატესობაც მაქსიმალურად გამოიყენეს. ‘არმიამ’ კი უპირატესად მასპინძელთა დაცვის შეცდომებით იხეირა და 3 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა მატჩის ბედი ‘არწივების’ 1-ით მეტმა დადებულმა ლელომ გადაწყვიტა – 28:24.

გურულთა რიგებში ფრთა ოთარ მჟავია გამოირჩა, ვინაც კიდესთან დაკიდებული ოვალი 2-გზის ლელოდ აქცია. მასპინძელთა აღებული ქულების დანარჩენი მონაგარი კი სამხეთ აფრიკელ ლეგიონერთა ანგარიშსზეა. ლელოს გატანა მარბიელმა ინისონი გალალამ და ფრთა ჯაბულანი მკულვანმა შეძლეს. გამარჯვების მომტანი ლელო რეაქტიული მკულვანის ანგარიშზეა. ოთხივე გარდასახვა კი მასპინძელთა აფრიკელმა მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა ზუსტად შეასრულა.

„არმიელები“ ანგარიშში უპირატესობას რამდენჯერმე ფლობდნენ. მატჩის დებიუტში ლევან ობოლაძის ბიჭებმა მიჯრით 10 უპასუხო ქულა აიღეს (ლელო – ჰავბეკი სანდრო ნახუცრიშვილი), მეორე ტაიმში კი მარბიელ გიორგი ნოდიასა და ფრთა თენგო გიგოლაშვილის ლელოთა წყალობით 3-ქულიან უპირატესობას კარგა ხნის მანძილზე ინარჩუნებდნენ (3-ივე გარდასახვა „არმიელთა“ კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა გამოიყენა), თუმცა ხსენებული პრობლემების გამო სტუმრებმა მხოლოდ ნუგეშ-ქულის მოპოვება მოახერხეს.