პირველი ლიგა | ‘ყაზბეგი’ დიდ 10-ში აღზევდა

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა ‘არმიასა’ და ‘ყაზბეგს’ შორის ფინალის დარი გამოდგა. გამარჯვებული გუნდი დიდი 10-ის პირდაპირ საგზურის ეუფლებოდა.

‘არმიელებმა’ ზედა ექვსეულის ყველა შეხვედრაში იმარჯვეს, პირველ წრეში მოხევეები 23:20 დაამარცხეს, სატურნირო ცხრილში 2 ქულით გაუსწრეს და გადამწყვეტ მატჩს ლიდერის რანგში შეხვდნენ. ‘ყაზბეგმა’ არსებობის მანძილზე პირველ ლიგაში მხოლოდ მეორე სეზონი ჩაატარა (ისიც-არასრული, პანდემიის გამო წინა პირველობა შეწყდა და გაუქმდა) და წარმატების შემთხვევაში დიდ 10-ში პირველად ხვდებოდა, ‘არმია’ კი ელიტას 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებოდა. ქვეყნის ექს-ჩემპიონს (‘არმიამ’  2011 წელს იპირველა) დღემდე  5 პოდიუმი აქვს გახერხებული, რაც ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში მოპოვებული მედლების საერთო ოდენობით, მეექვსე რეზულტატს შეადგენს.

„ავჭალა-არენის“  ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოსალოდნელისამებრ ფიცხელი და უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა. ‘არმიას’ ზურგს გამოცდილება უმაგრებდა. ‘ყაზბეგის’ მთავარ ძალას კი ვეტერან ბორჯღალოსანთა დუეტი (კვირიკაშვილი-ყიასაშვილი)  წარმოადგენდა. სწორედ მეკოს აუღელვებელი და ბრძნული გარჯით მოახერხეს მოხევეებმა ურთულეს ვითარებაში მატჩის შემოტრიალება.

შეხვედრის პირველი ნახევარი ‘ყაზბეგს’ კარგს არაფერს უქადდა. ზურგქარში თამაშის მიუხედავად ‘არმიელები’ მეტოქეს სტატიკაში სრულად ჯაბნიდნენ. ლაშა აზალაძის შეგირდებმა მოლსა და რაქში მოპოვებულ უპირატესობასთან ერთად, მოწინააღმდეგის დერეფანიც რამდენჯერმე მოიგეს. ‘არმიელთა’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბახვა კობახიძემ თანაგუნდელი ფრთის ბექა მაჭარაშვილის საკუთარი 22-იანიდან სისწრაფეზე მოწყობილი გარღვევა ლელოდ აქცია, რასაც გამოცდილმა ფულბეკმა 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘არმიამ’ ტაიმი 11:0 მოიგო.

როგორც მოვლენათა შემდგომში განვითარებამ ცხადყო, მატჩში გარდამტეხი მეორე ტაიმის პირველი წუთი გამოდგა. ‘არმიას’ მეტად სახიფათო იერიში ვიდეროფერიმ შეაჩერა. ‘არმიელთა’ ბურჯი დავით ბარბაქაძე „შუბური“ ბოჭვის გამო წითელი ბარათით იქნა დასჯილი. მართალია, კაცნაკლული ‘არმიელები’ სათამაშო უპირატესობასთან ერთად, ანგარიშში ლიდერობას 65-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა ‘ყაზბეგმა’ დარჩენილ დროში თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება და რიცხობრივი უპირატესობის რეალიზება შეძლო, რაშიც ლომის წილი მეკო კვირიკაშვილს მიუძღვის.

პირველი ქართველი „ცენტურიონი“ მეტოქის დაცვაში შექმნილ ბზარს კარგად იყენებდა, ფეხით ეფექტურ და გააზრებულ დარტყმებთან ერთად, ოვალს კარგად შლიდა, რასაც მთლიანობაში ‘ყაზბეგის’ 4 გატანილი ლელო მოჰყვა (იაგო გელაძე, გურამ ყენია, ლუკა ჩქარეული, ირაკლი ყიასაშვილი). ‘არმიამ’ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ანგარიშში 5-ქულამდე ჩამორჩენა გიორგი ჩიტეიშვილმა მოახერხა. მსაჯის მიერ წამატებულ დროში კი ‘არმიელებმა’ მეტოქის 22-მეტრიანთან მოგებული დერეფანით მოლის დაყენება ვერ შეძლეს და დრამატული შეხვედრაც ‘ყაზბეგის’ გამარჯვებით დასრულდა – 26:21.

ქართული საკლუბო რაგბის ელიტამ ახალი წევრი იმატა. ‘ყაზბეგი’ დიდ 10-ში პირველად ითამაშებს. მოხევეთა მთავარ პრობლემად მშობლიურ მხარეში სტანდარტული სარაგბო არენის უქონლობა რჩება. გუნდის მთავარ მწვრთნელ გოჩა ჩქარეულის განცხადებით, ხევში  სათამაშო სპორტის სახეობათა შორის რაგბი აპრიორია და ‘ყაზბეგის’ საშინაო შეხვედრების სტეფანწმინდაში გამართვა ადგილობრივი მოზარდებისა და ჭაბუკების ინტერესს ოვალის მიმართ საგრძნობლად გაზრდის.

‘არმიას’ ელიტაში დაბრუნების შანსი არ დაუკარგავს. ‘არმიელები’ მაისში დიდ 10-ში ასვლაზე 2-რაუნდიან ორთაბრძოლაში ელიტაში მე-9 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე