პირველი ლიგა | ‘ყაზბეგის’ რთული გამარჯვება

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს ‘ხვამლი’-‘არმიას’ ტურის გამორჩეულ შეხვედრასთან ერთად, კიდევ 2 მატჩის გადავადება მოუხდა. კოვიდ-ვირუსის გამო არმიელთა რამდენიმე მოთამაშეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დროულად და მშვიდობიანად მოგვარდა.

‘არმიამ’ უკვე სრული დატვირთვით განაახლა ვარჯიში და დიდი ალბათობით მორიგი ტურის შეხვედრის ჩატარებასაც შეძლებს. ‘ივერია-დინამოს’ დედაქალაქური დერბი კი ვარკეთილელთა რიგი მოთამაშეების ვირუსით დაინფიცირების გამო არ შედგა. მეშვიდე ტურმა ‘არწივები’-‘იმერეთის’ შეხვედრაც მოისაკლისა. ზემო იმერელთა რამდენიმე მორაგბე თვითიზოლაციაში იმყოფება.

ა ჯგუფი

ა ჯგუფში ზემოთხსენებული პრობლემების გამო მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოხერხდა. ქუთაისის ‘ბაგრატმა’ თელავის ‘ჭადარს’ უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქენი აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და გატანილ ლელოთა უმეტესობა მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგია.

‘ბაგრატმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატში პირველი გამარჯვებაც იზეიმა, რამაც რიონისპირელებს ჯგუფში ბოლო ადგილისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცოტნე კვესელავას უნარიანი და გააზრებული თამაში. ‘ბაგრატის’ 21 წლის შუამარბმა საკუთარი გუნდის სამივე დადებულ ლელოში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი სწორედ კვესელავას ლელოთი (ცოტნემ გარდასახვაც თავად შეასრულა) 7:0 მოიგეს.

მეორე ნახევარში თელავი გააქტიურდა, სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა და ჰუქერ შალვა ხუცაიძის ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გია ჭუმბურიძის შეგირდებბმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა კახელებმა ‘ბაგრატის’ მძლავრი მოლის შეკავება ვერ მოახერხეს და ბურჯ ოთარ ქემოკლიძის ლელოთი მასპინძლებმა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს. ‘ჭადარის’ მცირე დაბნევით კვესელავამ კარგად ისარგებლა და ალამთან ცოტნეს ეფექტურად გადაკიდებული ოვალი მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა მირიან ბელთაძემ ლელოდ აქცია. ‘ჭადარი’ აგრძელებდა შეტევებს და ბოლო წუთებზე მარბიელმა კოტე ნახუცრიშვილმა ლელოც გაიტანა, თუმცა კახელთა ვეტერან მგეზავსა და კაპიტან თენგიზ ცისკარიშვილს მეორე გარდასახვაც გაუცუდდა, რამაც კახელები ნუგეშის გარეშე დატოვა – 19:10. სეზონში მეოთხე მარცხმა ‘ჭადარს’  მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსი მინიმუმამდე შეუმცირა.

ბ ჯგუფი

ჯგუფის ლიდერსა და დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთ მთავარ მაძიებელ ‘ყაზბეგს’ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ორი შეხვედრის ჩატარება მოუხდა. მოხევეები ჯერ მეოთხე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ‘შევარდენზე’ ოზურგეთის ‘არწივებს’ დაუხვდნენ და გუნდის დისკვალიფიცირებული ლიდერის, მეკო კვირიკაშვილის არყოლის მიუხედავად, მატჩი დაგეგმილი პრემიით 33:13 მოიგეს.

‘ყაზბეგმა’ 5 გარდასახული ლელო მიითვალა. ჩვეული ოსტატობით ირჯებოდა ფულბეკის პოზიციაზე ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი, ვინაც ლელოს გატანა პირველივე ტაიმში მოახერხა. მეკოს არყოფნაში მოხევეებს კვლავ უნარიანად მოძღვრავდა მგეზავი გიორგი ასათიანი. ‘არწივების’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კახა მაჩიტიძის ბიჭებმა ფავორიტს მედგარი წინააღმდეგობა უწიეს და მეორე ტაიმში ფრთა მირზა შანიძის ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. ‘ყაზბეგს’ უპირატესობის დაბრუნება არ გაჭირვებია. მოხევეებმა დარჩენილ დროში ორი უპასუხო ლელო მიითვალეს. გურულების მარცხს წერტილი შეხვედრის მიწურულს შუამარბ ლევან ქუშაშვილის ლელომ დაუსვა.

მეშვიდე ტურის შეხვედრა კი ‘ყაზბეგმა’ სტუმრად ქუთაისში, წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ გამართა. სტუმართა რიგებში მეკოს კვალ, არც მეორე ვეტერენ ბორჯღალოსან ირაკლი ყიასაშვილს უთამაშია, რამაც გოჩა ჩქარეულის გუნდის შეტევა დააკნინა. მართალია ‘ყაზბეგმა’ ამჯერადაც მოიგო, თუმცა მოხევეებმა სეზონში ბონუსის აღება პირველად ვერ შეძლეს.

ძლიერი ქარის გამო, მეტოქენი იძულებით უპირატესობას ფეხით თამაშს ანიჭებდნენ.  ‘დინოზავრი’ ფავორიტს არაფერს უთმობდა და დებიუტში მგეზავ ოთარ ვარდანიძის გატანილი ჯარიმით ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხა. ჩქარეულის დროულმა მითითებებმა შეგირდთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. მარბიელ ბექა გუგეშაშვილისა და შუამარბ ლევან ქუშაშვილის ლელოებით ‘ყაზბეგმა’ 11-ქულით დაწინაურება შეძლო (გარდასახვები ზუსტად მგეზავმა გიორგი ასათიანმა შეასრულა), თუმცა იმერლები არ შედრკნენ და ოთარ ვარდანიძემ  მეორე ტაიმის შუაწელს დადებული ლელოთი, საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსიც დაუბრუნა. დარჩენილ დროში  ‘ყაზბეგმა’ გამოცდილებისა და მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მასპინძლებს გასაქანი არ მისცა, მარბიელ დათო ალიბეგაშვილის ლელოთი კი ზაზა ჩირგაძის ბიჭებს ნუგეშიც არ დაანება – 19:8.

‘დინოზავრი’ ცხრილში მესამე პოზიციაზე დარჩა, თუმცა იმერლები მდევარ ‘არწივებს’ სულ 1 ქულით უსწრებენ და თან მეტოქეზე 2 შეხვედრით მეტი აქვთ  ჩატარებული, რაც გურულებს მოწინავე სამეულში მოხვედრის უკეთეს პერსპექტივას უქადდის.

სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’, აუტსაიდერ და პირველობაზე ერთადერთ უქულოდ მყოფ ‘დევებს’ ნავთლუღში ესტუმრა და მატჩიც დაგეგმილი პრემიით, 71:7 მოიგო. მესხებმა სეზონში მეხუთე გამარჯვება გაიფორმეს და 22 ქულით ცხრილში ‘ყაზბეგის’ კვალ, მეორე პოზიცია გაიმყარეს.

ლიგის მონაწილეთა შორის ‘დევები’ ერთადერთი სამოყვარულო გუნდია. ზუკა შენგელიას შეგირდები წვრთნას უმეტესად ღამის საათებში ახერხებენ და პანდემიით შეზღუდული დროის გამო ბოლო 2 კვირის მანძილზე სულაც უვარჯიშებელნი დარჩნენ. აღნიშნულმა გარემოებამ კი თავი განსაკუთრებით მეორე ტაიმში იჩინა. ‘ტაომ’ 11 გატანილი ლელოდან 8, მეორე ნახევარში მიითვალა. მალხაზ ჭეიშვილის ბიჭები ძალაგამოლეულ ‘დევებს’ ხაზს იოლად უჭრიდნენ. მესხების ფულბეკმა ბექა ზუმბაძემ პირველ ტაიმში დადებულ წყვილ ლელოს, მეორე ნახევარში კიდევ 1 ლელო წაუმატა და მატჩიც ჰეთ-თრიკის შესრულებით ჩაამთავრა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე