პირველი ლიგა | ფავორიტები უდანაკარგოდ იბრძვიან

COVID-19-თან დაკავშირებული, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ლიგამ მეექვსე ტურში ორი შეხვედრა მოისაკლისა. ‘ა’ ჯგუფში, ‘ბაგრატი’-‘ივერია’, ‘ბ’ ჯგუფში კი- ‘არწივები’- ‘დევები’. ‘დევების’ ორი მოთამაშის ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი დააფიქსირა, ‘ბაგრატის’ რამდენიმე მორაგბეს კი თვითიზოლაციაში გადასვლა მოუხდა.

‘ა’ ჯგუფი

ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ‘არმიამ’ მეორე წრეც დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა სტუმარი ‘ჭადარი’ მრისხანე მეტოქეს არ შეეპუა,  პირველ ტაიმში ღირსეული ბრძოლაც გაუმართა და შესვენების წინ ‘არმიელები’ ოდენ 10-ქულიან უპირატესობას დააჯერა – 19:9.

გია ჭუმბურიძის შეგირდებმა პირველ ტაიმში ანგარიშში დაწინაურება 2-ჯერ მოახერხეს. თელაველთა მგეზავმა, კაპიტანმა და მოთამაშე-მწვრთნელმა თენგიზ ცისკარიშვილმა საკუთარი გუნდის მონაგარი, პირველ ტაიმში ჯარიმებით მოპოვებული ცხრავე ქულა, პირად აქტივში მიითვალა.

‘არმიამ’ სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მიღებული ტერიტორიული სივრცე კარგად გამოიყენა და რამდენიმე ლელო სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშით გაიტანა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფულბეკ ბექა მაჭარაშვილის კარგი თამაში. ეფექტურ ქმედებებთან ერთად მაჭარაშვილმა ‘დუბლი’ შეასრულა. მატჩის პირველი ლელოს ავტორმა, ‘არმიელთა’ შუამარბმა სანდრო მერკვილიშვილმა ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. ლაშა აზალაძის შეგირდებმა მთლიანობაში ‘ჭადარს’ 8 ლელო დაუდეს და შეხვედრაც დაგეგმილი პრემიით – 52:9 მოიგეს. ‘არმიამ’ პირველობის ექვსივე შეხვედრა პრემიით მოიგო, და მაქსიმალური შედეგით, 30 ქულით საკუთარ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.

მარცხის მიუხედავად, კახელებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ‘ჭადარს’ აშკარად ეტყობა ზეკვალიფიციური დამრიგებლის ხელი. სარაგბო ბატალიებში გამობრძმედილი გია ჭუმბურიძე მიმდინარე სეზონში უპირატესად ბიჭების შეთამაშებაზე, მათ სათამაშო პოტენციის ამაღლებასა და ყველა სათამაშო რგოლის დაბალანსებაზე ზრუნავს, რათა მომავალ პირველობაზე თელაველებმა გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ. არსებული რესურსით ‘ჭადარს’ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

‘დინამო’-‘ხვამლის’ დედაქალაქურ დერბის მუხიანის არენამ უმასპინძლა. ქართული რაგბის უხნესი გუნდი შეხვედრის ნომინალური მასპინძელი გახლდათ. ლევან რამიშვილის შეგირდებმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა 25 წუთი უწიეს, აღნიშნულ პერიოდში მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ‘ხვამლის’ უკეთესმა ფიზიკურმა კონდიციებმა და შემადგენლობამ შემდგომში მატჩის მსვლელობა კარდინალურად შეცვალა.

‘ხვამლი’ ხელდახელ თამაშს ეძალებოდა, მაღალ სისჩქარეზე მოქმედებდა და დავით ცხვედიანის შეგირდთა დადებული 12-ივე ლელო ბეკების ანგარიშზეა. ფრთა საბა ინალიშვილმა პირველ ტაიმში გატანილ წყვილ გოლს, მეორე ნახევარშიც 2 ლელო დაურთო. ‘პოკერი’ ასევე შუამარბმა ზურა ლუტიძემაც გაახერხა. ფულბეკი გიორგი ჯობავა კი ‘ჰეთ-თრიკით’ გამოირჩა. მუხიანელებმა სეზონში ყველაზე სოლიდური სხვაობით – 82:0 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერ ‘არმიას’ კვლავ 6 ქულით ჩამორჩებიან. მორიგ ტურში ცხვედიანის ბიჭებს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ‘ხვამლი’ საკუთარ არენაზე ‘არმიას’ დაუხვდება.

‘ბ’ ჯგუფი

ტურში, ჯგუფის გამორჩეული შეხვედრა ასპინძაში გაიმართა. მოწინავე სამუელში ადგილის მოსაპოვებლად მებრძოლი მეტოქეების, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ შეხვედრა მეტად დაძაბული და კარგი საცქერიც გამოდგა. იმერლებმა მეტად მოინდომეს, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, სეზონის სადებიუტო შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის ღირსეული რევანშიც აიღეს და სანუკვარ  სამეულში მოხვედრის შანსიც შეინარჩუნეს.

‘დინოზავრი’ პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც ფრთა შალვა შაშიაშვილის, შუამარბ ვასილ უბილავასა და მარბიელ გიორგი გოგიძის 3 უპასუხო ლელოში აისახა. ზაზა ჩირგაძის შეგირდები შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში მესხებმა გაიბრძოლეს და საჯარიმო ლელოს, ბურჯ ალექსი მელიქიძის ლელოც დაურთეს, თუმცა ‘დინოზავრის’ ბურჯი იონა ფირცხალავა კარგად გაერკვა თამაშის ეპიზოდში. მოგებული დერეფანიდან, მეტოქეს ცრუ მოძრაობით დაუსხლტა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 29:14  დააფიქსირა.

წყალტუბომ ‘არწივებს’ 1 ქულით გადაასწრო, ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა და თან ‘ტაოსთან’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე ადგილზე დაქვეითებულ გურულებს, ორივე უშუალო კონკურენტზე (‘ტაო’, ‘დინოზავრი’) 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.მესხებს კი თავის მხრივ, მიჯრით მეორე საშინაო მარცხი ჯგუფის ლიდერის სტატუსის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებს ერთგვარი კრიზისის ხანა დაუდგათ.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი სტეფანწმინდას ‘ყაზბეგი’  საშინაო შეხვედრებს კვლავ დედაქალაქში მართავს და გოჩა ჩქარეულის შეგირდები ჭიათურის ‘იმერეთს’ ნავთლუღში, ‘შევარდენზე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ‘ყაზბეგმა’ თავისი ლიდერები მეკო კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი დაასვენა, მოხევეებს უპირატესობის მოპოვება და იოლი გამარჯვება არ გაჭირვებიათ – 78:8.

‘ყაზბეგი’ უპირატესად დამუშავებული კომბინაციების სრულყოფაზე ზრუნავდა და ლელოთა დიდი ნაწილი სწორედ დინამიკაში, სხვადასხვა ხერხით დაიდო. ლელოს გატანა მოხევეთა ერთბაშად 11-მა მორაგბემ მოახერხა. მეკოს არყოფნაში უნარიანად და ეფექტურად ირჯებოდა მგეზავის პოზიციაზე გიორგი ასათიანი, ვინაც 9 გარდასახვა გამოიყენა. ერთადერთი ‘დუბლის’ ავტორი კი მარბიელი ლუკა ჩქარეულია. მეტოქეთა კლასში არსებული საგრძნობი სხვაობის მიუხედავად, ‘იმერეთმა’ ბოლომდე იბრძოლა. პირველ ტაიმში  ჯარიმა ფულბეკმა ლევან ბარკავამ  გაიტანა, მეორე ნახევარში კი პრესტიჟის ლელოს დადება  მოხევეების თვისტომმა, ზემო იმერელთა მგეზავმა ნიკა კობიაშვილმა მოახერხა. ‘ყაზბეგმა’ მეოთხე მატჩიც პრემიით მოიგო და 2 გადადებული შეხვედრის ქონის მიუხედავად, 20 ქულით ცხრილში ჯგუფის სათავეს დაუბრუნდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე