პირველი ლიგა | ‘ტაო’ პლეი ოფს რეკორდების ცვენით მიუახლოვდა

პირველი ლიგის მე-16 ტური არასრული გამოდგა. დიდთოვლობისა და მოყინული მოედნის გამო ორგანიზატორებს ამჯერად ქუთაისში, ‘ბაგრატი’-ხვამლის’ შეხვედრის გადადება მოუხდათ. რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურია დარჩენილი და მანამდე, რეგლამენტით გათვალისწინებული 3-კვირიანი პაუზის პერიოდში სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი კალენდრის სრულად „გასწორებას“, ყველა გადადებული შეხვედრის ჩატარებას გეგმავს.

‘ხვამლის’ უთამაშებლობით ოზურგეთის ‘არწივებმა’ ისარგებლეს. გურულებმა  თელავის ‘ჭადარს’ რუსთავში (დიდთოვლობის გამო კახელებს საშინაო შეხვედრის გამართვა ქვემო ქართლის დედაქალაქში მოუხდათ) 11 უპასუხო ლელო დაუდეს და პირველობის აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით“ – 69:0 დაამარცხეს. ‘არწივებმა’ 57 ქულა დააგროვეს, ‘ხვამლს’ 1 ქულით გაუსწრეს და ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. როგორც მუხიანელებს, ასევე გურულებს რეგულარულ სეზონში 3-3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი.

ფავორიტი გურულები მატჩის პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და ლელოთა დიდი ნაწილი სწრაფ, კომბინაციურ სტილში გაიტანეს. ‘არწივების’ ლეგიონერმა ფულბეკმა ჯაბულან მკულვანმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ბურჯმა კახა დარბაიძემ კი „დუბლი“ მიითვალა. ჩვეული ოსტატობით ირჯებოდა გურულთა მგეზავი ბახვა კობახიძე, ვინაც უნარიან თამაშთან ერთად 6 გარდასახვაც გამოიყენა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ავჭალაში გაიმართა. პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უამინდობის გამო ლიდერ ‘არმიასთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა დედაქალაქში მოუხდათ. პირველ ნახევარში გარე კახელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქეს ხაზი რამდენჯერმე გაუჭრეს და 2 ლელოს (ფრთა შოთა შალვაშვილი და მღლეტელი მამუკა ბაქრაძე) დადებაც მოახერხეს, რამაც ‘ვეფხვებს’ შესვენების წინ 7-ქულიანი უპირატესობა არგუნა.

მარცხის საშიშროებამ „არმიელები“ დროულად გამოაფხიზლა. ბექა სხულუხიას შეგირდებმა ტემპს უმატეს და ხაზზე კარგად გაშლილი ოვალით გამოთავისუფლებული სივრცის უპირატესობის ხარჯზე მეორე ტაიმში 6 ლელოს (მატჩის საერთო ლელოები 7-3) გატანა და მატჩის ბონუსით მოგება მოახერხეს – 43:24. ‘ვეფხვებს’ ლიდერთან მეორე ნახევარში გამკლავება აშკარად გაუჭირდათ, რაზეც მრავალ აღებულ ჯარიმასთან ერთად, გარე კახელთა მიერ მიღებული 3 ყვითელი ბარათიც მეტყველებს.

„არმიელთა“ კვაჭმა შალვა კეთილაძემ მიჯრით წყვილი ლელო გაიტანა, მისმა თანაგუნდელმა ბურჯმა შალვა ზვიადაურმა ასევე „დუბლი“ შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘არმიას’ მგეზავ და კაპიტან რამაზ ჯინაშვილის ჩინებული თამაში. ჯინაშვილმა საკუთარი გუნდის შეტევები რაციონალურად მოაწყო, რასაც გატანილი ლელო და 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ‘არმიამ’ 62 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე დაბრუნებულ ‘არწივებთან’ 5-ქულიანი უპირატესობაც შეინარჩუნა. დარჩენილ შეხვედრებში მეტოქეთა სიძლიერის გათვალისწინებით (‘ჯიქი’, ‘ჭადარი’, ‘ბაგრატი’) „არმიელებს“ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე ჩამთავრება არ უნდა გაუჭირდეთ.

‘ბორჯომი-‘ტაოს’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ დერბის მუხიანის „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. ბორჯომელები საკუთარი სტადიონის უქონლობის გამო საშინაო შეხვედრებს უპირატესად დედაქალაქში მართავენ. კლასით მაღლად მდგომმა მესხებმა თორელები არ დაინდეს და მატჩი, სეზონის რამდენიმე რეკორდის თანხლებით მოიგეს – 106:5. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებმა 1 შეხვედრაში ყველაზე მეტი-16 ლელო გაიტანეს, ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა (101 ქულა) დააფიქსირეს და თან სამატჩო ქულათა მონაგარით სამნიშნა ციფრულ ზღვრულსაც სეზონში პირველებმა უწიეს.

‘ტაოს’ რიგებში კვლავ გამოირჩა უბერებელი და რეაქტიული გოშა შკინინი. 39 წლის ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა პირველი ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში 3 ლელო გაიტანა და მატჩი „პოკერის“ შესრულებით დაასრულა. უნარიანი და ეფექტური თამაშით ქომაგი მესხთა მგეზავმა საბა ხურცილავამ მოხიბლა. საბამ შესრულებულ „ჰეთ-თრიკს“, 13 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო და მეტოქის მარცხს წერტილი საკუთარი 10-მეტრიანიდან მოწყობილი ინდივიდუალური გარღვევითა და ულამაზესი ლელოთი დაუსვა. ‘ბორჯომი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან მარქაფადან ჩართული მარბიელის თენგო ელიკაშვილის მეორე ნახევრის დებიუტში გატანილმა ლელომ იხსნა.

‘ტაომ’ 51 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარა და თან სეზონში უკეთეს ადგილზე გასვლის შანსიც შეინარჩუნა. ბოლოადგილოსან ‘ჭადარის’ მდგომარეობა კი კიდევ უფრო გართულდა. თელაველებს პირველობის სამივე დარჩენილი შეხვედრის გამართვა მოწინავე კვარტეტში მყოფ გუნდებთან (‘ხვამლი’, ‘არმია’, ‘ტაო’) უწევთ, რაც გია ჭუმბურიძის ბიჭებს ლიგაში დარჩენის შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

დარჩენაზე მებრძოლმა გორის ‘ჯიქმა’ გასვლაზე, ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის პირველ ნახევარში გაუწია. ტაიმის შუაწელს შიდა ქართლელთა მარბიელ თენგო დოიჯაშვილის გარდასახული ლელოთი სტუმრებმა ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე შეამცირეს, რის შემდგომ ქვემო ქართლელებს უპირატესობის დაბრუნება არ გაჭირვებიათ.

მასპინძლები ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და უპირატესობას სტატიკაშიც ფლობდნენ. ‘არმაზმა’ გორელებს ტაიმებში 3-3 ლელო დაუდო და მათ შორის-4, ოვალის სწრაფი გათამაშებით იქნა გატანილი. ‘არმაზის’ კვაჭმა საბა კურატიშვილმა „დუბლი“ შეასრულა, მის ნაცვლად კი მარქაფადან თამაშში ჩართულმა ნიკა ცოფურაშვილმა ‘ჯიქის’ მარცხს წერტილი დაუსვა – 38:10.

‘არმაზი’ 37 ქულით ცხრილში ‘ვეფხვებსა’ და ‘ბაგრატს’ გაუტოლდა, 5-7 ადგილებს ინაწილებს და თან მეტოქეებზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.