პირველი ლიგა | ‘ტაო’ ერთპიროვნულ ლიდერად იქცა

პირველი ლიგის 2 ტურის თავს ყველა შეხვედრის მოგება ‘ტაომ’, ‘არმიამ’, ‘არწივებმა’ და ‘არმაზმა’ მოახერხეს, თუმცა ხსენებული კვარტეტიდან ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მესხებმა დააგროვეს, რამაც მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებს ერთპიროვნულად გალიდერების შესაძლებლობა მისცა.

მეორე ტური ‘იუნკერებისა’ და გორის’ შეხვედრით დაიწყო. პირველობის დებიუტში ხელმოცარულმა გუნდებმა „ავჭალა არენაზე“ დიდი ბრძოლა გააჩაღეს და უხვქულიანი მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა.

პირველ ტაიმში უკეთ შიდა ქართლელები გამოიყურებოდნენ. ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებმა მეტოქეზე 2-ით მეტი, 4 ლელოს გატანა მოახერხეს, „დუბლით“-მარბიელი გელა ქავთარაძე გამოირჩა და შესვენებაზე ‘გორი’ 9-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში კიკეთელები გააქტიურდნენ, ტემპს უმატეს, უპირატესობა რაქშიც მოიპოვეს და სტუმრები ეულ ჯარიმას დააჯერეს. ‘იუნკერების’ ფულბეკმა არჩიალ იაშაღიშვილმა გატანილ წყვილ ჯარიმას, მატჩის მიწურულს საკუთრივ დადებული ლელოც დაურთო, თუმცა შეხვედრის ყველაზე შედეგიან მოთამაშეს (18 ქულა) რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა, რამაც გორელთა გამარჯვება დააფიქსირა – 29:28. ‘გორმა’ პირველი გამარჯვება მოიპოვა, კიკეთელებმა კი ნუგეშად, 1 საცხრილო ქულა აიღეს.

პირველობის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ საკუთარი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლეს და კოკისპირული წვიმისა და მოედნის დამძიმებული გრუნტის მიუხედავად, მატჩი ბონუსით – 33:5 მოიგო. გია ამირხანაშვილის ბიჭებმა სტატიკაში მოპოვებული საგრძნობი უპირატესობა 5 გატანილ ლელოში ასახეს. გურულების წარმატებას სათავე ბურჯების: გიგა მამაგელაშვილისა და კახა დარბაიძის ლელოებმა დაუდო, წერტილი კი მღლეტელ ზაურ ირემაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. რიონისპირელთაგან ერთადერთი ლელოს გატანა პირველ ნახევარში ფრთა ლუკა ბრეგაძემ მოახერხა.

ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი ‘არმია’, პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გორის ჭალის დასახლებაში დაუხვდა და ჰავბეკ სანდრო ნახუცრიშვილის ლელოთი, რომელიც გუნდის კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა, მატჩის დებიუტში 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. გარე კახელები არ შედრკნენ და გამომუშავებულ ტექნიკურ ლელოს გატანილი ჯარიმაც მიაყოლეს, რამაც ‘ვეფხვებს’ ტაიმის მოგების შესაძლებლობა მისცა – 10:7.

მეორე ტაიმში „არმიელებმა“ სტატიკაში იძალეს, საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და თან მეტოქე მრავალგზის დააჯარიმეს. ლევან ობოლაძის შეგირდთაგან ლელოს გატანა ფრთებმა: ლადო მიმინოშვილმა, ირაკლი ცაბაძემ და  კვაჭმა შაკო კეთილაძემ მოახერხეს. ცაბაძის ლელომ გარე კახელები სამატჩო ქულის (ნუგეშის) გარეშე დატოვა – 26:17.

ჭიათურას ‘მათემ’ პირველობის მეორე შეხვედრაც ზემო იმერეთში გამართა და ამჯერზე მეტოქედ მარნეულის ‘არმაზი’ ირგუნა. სადებიუტო გამარჯვებას გოგა კაკოვინის შეგირდებმა დიდძალი ფიზიკური და მორალური ძალა შეალიეს, რაც  ქვემო ქართლელებთან შეხვედრაში ცხადად გამოჩნდა. ‘მათე’, უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშევებდა, ხშირად ცდებოდა და თან დინამიურ თამაშში სტუმრებს ხაზს იოლად აჭრევინებდა. გარდა ამისა, ‘არმაზმა’ უპირატესობა ბოჭვებსა და ოფლოუდებშიც მოიპოვა. ‘არმაზმა’ მთლიანობაში მასპინძლებზე 4-ით მეტი, 6 ლელო გაიტანა და მატჩი ბონუსით – 30:17 მოიგო. სტუმართა კვაჭი  საბა კურატიშვილი კი შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშედ იქცა.

მეორე ტური, ასპინძაში რეგიონული დერბით, ‘ტაოსა’ და ‘ბორჯომის’ შეხვედრით დასრულდა. მესხები მატჩის დებიუტშივე საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და შევნებამდე 36 უპასუხო ქულაც აიღეს. მეორე ნახევარში თორელებმა მასპინძელთა მცირე მოდუნებით ისარგებლეს და 2 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘ტაომ’ კი ლაღ, გაშლილ თამაშში მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა და მატჩი დაგეგმილი პრემიით – 55:12 მოიგო. მასპინძელთა მხრიდან „დუბლით“ – კვაჭი თამაზ კილაძე და 40 წელს მიტანებული ლეგენდარული ბორჯღალოსანი გოშა შკინინი გამოირჩნენ. ‘ბაგრატის’ მსგავსად უქულოდ მყოფი ‘ბორჯომი’ ცხრილის ბოლო საფეხურებზე განთავსდა.

მომდევნო ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართება. მარნეულის ‘არმაზი’ ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლებს. პირველობის ერთპიროვნული ლიდერი ‘ტაო’ კი გასვლით შეხვედრას პატარძეულის ‘ვეფხვების’ წინააღმდეგ გამართავს.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე