პირველი ლიგა | სამხელისუფლებიანობა დამყარდა

პირველი ლიგის მესამე ტურის შემდეგ 14 ქულით სათავეში ‘ტაო’, ‘არმია’, და ‘არწივები’ უდგანან. ლიდერთა სამეულმა პირველობაზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა განვლილ ტურში ბონუსის გარეშე დარჩენილ მესხებს გურულები და „არმიელები“ გაუთანაბრდნენ. ‘იუნკერებმა’ პირველი გამარჯვება იზეიმეს. პირველობაზე პირველი საყაიმო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მოუგებლად ჯერჯერობით ‘ვეფხვები’, ‘ბაგრატი’ და ‘ბორჯომი’ იმყოფებიან. რიონისპირელები და თორელები უქულოდ არიან. საკმაოდ კარგი შემადგენლობის მყოლმა გარე კახელებმა კი სეზონის დებიუტში ლიდერთა სამეულთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს, თუმცა მხოლოდ 2 ნუგეშ-ქულის აღება მოახერხეს და კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინად რჩებიან.

პირველი ლიგის მესამე ტური გორში, ჭალის დასახლებაში ‘გორისა’ და ჭიათურას ‘მათეს’ შეხვედრით დაიწყო. მეტოქეებს თითო შეხვედრა ქონდათ მოგებული და წყვილში წარმატებული გუნდი ლიდერთა კვარტეტს მიუახლოვდებოდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის პირველი ნახევარი მასპინძლებმა ბურჯ ელდარ პატარაიას ლელოთი – 5:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ზემო იმერლები სხარტად ამოქმედნენ და დაცვაშიც ხარვეზი შეამცირეს. ‘მათეს’ შუამარბ მერაბ ცერცვაძის შესრულებული „დუბლით“ სტუმრებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა დროულად გამოფხიზლებულმ შიდა ქართლელთაგან ლელოს გატანა შუამარბმა გიორგი ფოცხვერაშვილმა მოახერხა. ‘გორის’ მთავარ მწვრთნელ ნიკო ჭავჭავაძის ვაჟის, გიორგი ჭავჭავაძის ზუსტმა გარდასახვამ ლიგაში პირველი ფრე დააფიქსირა – 12:12.

ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა ‘არმიამ’ სეზონის მესამე შეხვედრაც მოიგო. ლევან ობოლაძის შეგირდები ქუთაისში, ‘ბაგრატს’ სტუმრობდნენ. რიონისპირელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა კვაჭ ლაშა ჭელიძისა და ბურჯ რეზო ბაკურაძის ლელობში ასახეს, რამაც ნახევარი საათის თავს მასპინძლებს ანგარიშში 3-ქულით დაწინაურების შესაძლებლობა მისცათ.

‘არმიამ’ ტემპს უმატა და თან ‘ბაგრატს’ დაღლა დაეტყო. სტუმრებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმის მიწურულიდან მოყოლებული რიონისპირელებს 5 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი საშური პრემიით მოიგეს – 38:10. „არმიელთა“ რიგებში მხტომელი ნიკოლოზ წივწივაძე გამოირჩა, ვინაც მარქაფადან ჩართულმა მეორე ტაიმში „დუბლის“ შესრულება მოახერხა.

ასპინძაში, ‘ტაო’-‘ვეფხვების’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. ტაიმ-ნახევრის მანძილზე სათამაშო და ანგარიშში მცირე უპირატესობას გარე კახელები ფლობდნენ. ზვიად ცუხიშვილის შეგირდები მოლს მესხებზე უკეთ oყენებდნენ და მეტოქეს დერეფანშიც აღემატებოდნენ. ‘ტაომ’, ფრთა მირზა შაინიძის დადებული ლელოთი პირველი სამატჩო ქულები 10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ აიღო.

მეორე ნახევარში დაძაბულობამ იმატა და შესაბამისად ჯარიმებიც მოზღვავდა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებმა საკუთარ თამაშს ბოლო 20 წუთში მიაგნეს. სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშში ლელო ჯერ მესხთა მხტომელმა არჩილ ქავთარაძემ დადო, შემდეგ კი თავი მარქფადან ჩართულმა ‘ტაოს’ 18 წლის შუამარბმა გიგა ცაგურიამ გამოიჩინა, ვინაც ლიგაში სადებიუტო ლელოთი საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა – 23:16. მართალია, გოშა შკინინს ამჯერზე ლელო არ გაუტანია, თუმცა ლეგენდარული და უბერებელი ბორჯღალოსანი ‘ტაოს’ ყველა გამარჯვებაში დიდ როლს თამაშობს და ამ მხრივ არც აღნიშნული შეხვედრა გამოდგა გამონაკლისი.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქვემო ქართლელებს 2 ტრავმირებული საკვანძო ფიგურა: ბახვა კობახიძე და ბიძინა სამხარაძე აკლდათ, რამაც მასპინძელთა სისტემურ თამაშს სერიოზული დაღი დაასვა. პირველ ნახევარში ‘არმაზის’ მგეზავმა ოთარ მეტრეველმა მოახერხა ლელოს გატანა, რაც მასპინძელთათვის ერთადერთი შედეგიანი ქმედება გამოდგა.

‘არწივთა’ საგრძნობი უპირატესობა 7 გატანილ ლელოში აისახა. აღსანიშნავია, რომ გურულების ყველა ლელო სამხეთ აფრიკელ ლეგიონერთა ანგარიშზეა. ფულბეკმა სვანეპულმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა, ფრთა ჯაბულანი მკულვანმა კი „დუბლი“ შეასრულა – 55:7. მართალია, ‘არწივების’ აფრიკელი ლეგიონერები მაღალი სათამაშო დისციპლინით არ გამოირჩევიან, თუმცა ისეთ სისწრაფეს ავითარებენ, რომ სპეციალისტთა აზრით მათი შეჩერება ელიტას ბევრ გუნდსაც გაუჭირდება.

ტურის დასკვნითი შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი არენაზე“, მასპინძლის როლში მყოფი ‘ბორჯომი’ დიდი 10-ის ყოფილ ბინადარ ‘იუნკერებს’ დაუპირისპირდა. თორელები ფავორიტს მედგრად დაუხვდნენ და მეორე ნახევარში მოლის ჩაქცევისთვის ტექნიკური ლელოც გამოიმუშავეს. ქაოტურ თამაშში ‘იუნკერები’ უფრო რაციონალურად გაისარჯნენ. სწორი ტაქტიკური გათვლებისა და ფეხით კარგი თამაშის წყალობით 4 ლელოს გატანა მოახერხეს. „დუბლით“-ბურჯი გიორგი ტყეშელაშვილი გამოირჩა. ბონუსის მომტანი ლელო კი კიკეთელთა კვაჭმა ლუკა ღოღობერიძემ ბოლო წუთებზე გაიტანა – 26:7.