პირველი ლიგა | რიონისპირული დრამა

ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პირველი ლიგის მე-14 ტურში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოხერხდა. ქუთაისში, ‘ბაგრატმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა. მართალია, შეხვედრის დიდ ნაწილს მესხები აკონტროლებდნენ, თუმცა მეორე ნახევრის შუაწელს სარაგბო ბუჰღალტერიის დარღვევამ მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებს ცუდი სამსახური გაუწია, რიონისპირელებს კი მატჩის ხსნის შესაძლებლობა მისცა.

წყვილში ფავორიტად მიჩნეული ‘ტაო’ პირველ ტაიმში დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, შეტევაში რაციონალურად ირჯებოდა და ოვალზე კონტროლსაც არ კარგავდა. მესხთა მგეზავმა ოთარ ტალახაძემ თავისივე დადებულ ლელოს გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენების წინ საკუთარ გუნდს 8-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა – 8:0.

მარცხის საშიშროებამ ‘ბაგრატი’ დროულად გამოაფხიზლა და მეორე ტაიმის დებიუტში მარქაფადან ჩართული მარბიელის, თორნიკე იობიძის ლელო ფულბეკმა საბა ხელაძემ გარდასახა, რითაც ანგარიშში მასპინძელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა. მესხებმა უპირატესობა დაიბრუნეს და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად უბერებელმა და ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა გოშა შკინინმა ამჯერზეც მოახერხა ლელოს გატანა, რომლის გარდასხვა პირველი ცდის მსგავსად ტალახაძემ კვლავ ვერ მოახერხა – 7:13.

‘ტაო’ აგრძელებდა შეტევებს და შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე მესხებმა ხელსაყრელი პოზიციიდან (40 მეტრიდან კარების პირდაპირ) დასარტყამი ჯარიმა მოულოდნელად აუტში გადაიტანეს, რასაც სტუმართათვის სასურველი შედეგი არ მოყოლია. ‘ბაგრატმა’ ბრძოლის შესაშური ჟინი გამოავლინა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე ჩინებული მოლი ააგორა, რომელიც შეცვლაზე შესულმა ბურჯმა ჯაბა ჭელიძემ ლელოთი დააგვირგვინა. გამარჯვების მომტანი გარდასხვის ზუსტად შესრულება კი ხელაძეს არ გაჭირვებია – 14:13.

სეზონში მოპოვებული მეშვიდე გამარჯვებითა და 35 ქულით ‘ბაგრატმა’ ცხრილში 2 საფეხურით, მეხუთე ადგილზე აინაცვლა. აღებულმა ნუგეშმა ‘ტაო’ მესამე ადგილზე მყოფ ოზურგეთის ‘არწივებს’ გაუტოლა, თუმცა გურულებს მესხებთან შედარებით 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და თან დაკარგული ქულებით პირველობის ლიდერ ‘არმიასაც’ უთანაბრდებიან.