პირველი ლიგა | პლეი ოფის ბოლო მონაწილეს დასკვნითი ტური გაარკვევს

შესარჩევი ფინალის მონაწილეთა ვინაობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაირკვა. დიდი ფინალის საგზურის პირველ მფლობელს ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა გაარკვევს. რეგულარული სეზონის მესამე ადგილოსანს კი დასკვნით ტურში ‘არმაზი’-‘ვეფხვების’ დაპირისპირება გამოავლენს, რომლის წარმატებული გუნდი მესამედ ფინალების ორივე ეტაპზე მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. პლეი ოფში ადგილგარანტირებულმა ‘ტაომ’ მეოთხე ადგილზე გასვლის მიზერული შანსი შეინარჩუნა.

პლეი ოფის დასკვნით, ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას 3 გუნდი (‘გორი’, ‘ბაგრატი’ და ‘იუნკერები’) აცხადებს. ხსენებული სამეულიდან პირველ ლიგაში ადგილი ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ქართლელებმა დაიბევეს. გორელები მდევრებს: ‘ბაგრატსა’ და ‘იუნკერებს’ შესაბამისად 1 და 2 ქულით უსწრებენ. პლეი აუტის ზონაში, მეცხრე ადგილზე მყოფ ჭიათურას ‘მათეს’ კი მხსნელ ზონაში მოსახვედრად, ‘ბაგრატთან’ საშინაო იმერული დერბის მოგება დიდი ალბათობით ბონუსით დაჭირდება.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ გორის ‘გორს’ საკუთარი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და უთანასწორო ბრძოლაში შიდა ქართლელებს – 75:5 მოუგო. გურულებმა 11 გატანილი ლელოდან ხელდახელ, კომბინაციურ სტილში მეტოქეს 10 ლელო დაუდეს. გია ამირხანაშვილის შეგირდთაგან „დუბლით“ მხტომელი კახა გაზაშვილი, ფულბეკი დავიან სვანეპოელი და ფრთა კინი ვოსაილანი გამოირჩნენ. ‘არწივების’ მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა კი გატანილ ლელოსთან ერთად, 10 გარდასახვა გამოიყენა. შიდა ქართლელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან ფრთა ბექა ბრეგვაძის მეორე ტაიმში გატანილმა ლელომ იხსნა. აღსანიშნავია, რომ ‘არწივებმა’ პირველობის 17-ივე შეხვედრა მოიგო და ბონუსის აღება მხოლოდ 3 შეხვედრაში ვერ მოახერხა.

„ავჭალა არენაზე“, ‘არმიამ’ თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ დიდი ბრძოლა გააჩაღა და სამართლიანი თამაშის პრინციპი სრულად დაიცვა. მთელი შეხვედრის მანძილზე მდევრის როლში მყოფმა გარისელებმა მეორე ტაიმის შუაწელს ფრთა გიორგი ვასაძის გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 9-ქულამდე შეამცირეს, რის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში სათამაშო უპირატესობასაც ინარჩუნებდნენ, თუმცა „არმიელთა“ დამრიგებლის ლევან ობოლაძის მიერ მოთამაშეთა და ტაქტიკურ ასპექტში განხორციელებულმა ცვლილებებმა მეტად მოტივირებულ ქვემო ქართლელებს შეხვედრის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება არ დაანება.

მატჩი დინამიური და თვალსასეირო გამოდგა. ‘არმიამ’ გარისელებზე 3-ით მეტი, მთლიანობაში 6 ლელო გაიტანა. გადამწყვეტ მომენტში ლელოს დადება მარქაფადან ჩართულებმა ფრთა გიორგი ხარშილაძემ და ბურჯმა დავით ბარბაქაძემ მოახერხეს. მატჩის ბოლო წუთზე ბარბაქაძის მოლით დადებული ლელო „არმიელთათვის“ პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა – 43:20.

„აია არენაზე“, ‘ბაგრატისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრამ მოსალოდნელისამებრ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. რიონისპირელები დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, ოვალზე კონტროლს მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ, რაქში რაციონალურად ირჯებოდნენ და მთლიანობაში სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ ნახევარში 3 ლელოს (მხტომელი გოგა ახალაძე, კვაჭი ლაშა ჭელიძე და ბურჯი რუსლან გიგაშვილი) გატანაც მოახერხეს, რასაც გარე კახელთა კვაჭმა გიორგი გოგუაძემ მხოლოდ 1 საპასუხო ლელო დაუპირისპირა.

მართალია, მეორე ნახევარში ‘ვეფხვები’ გააქტიურდა და მასპინძლები ფულბეკ ზვიად ოდიშარიას გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა, თუმცა რიონისპირელებმა მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვეს და გარე კახელებს მხოლოდ ნუგეშ-ქულის აღების შესაძლებლობა მისცეს. მარქაფადან ჩართული მხტომელის ლუკა მუჩიაშვილის დადებული ლელოთი სტუმრებმა 1 საცხრილო ქულა მოიპოვეს – 20:15.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზმა’ რეგიონულ ლიგაში დაქვეითებულ ‘ბორჯომს’ მატჩი ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. ქვემო ქართლელებმა აღნიშნულ პერიოდში 61 უპასუხო ქულა დააგროვეს. მინი-ბენეფისი მოიწყო ‘არმაზის’ შუამარბმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბრაგვაძემ, ვინაც „პენტა-თრიკის“ (5 ლელო) შესრულება მოახერხა. აუტსაიდერის მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული ფრთის საბა ეფრემიძის დადებულმა ლელომ დაუსვა. მასპინძლებმა თორელებს ჯამში 12 ლელო დაუდეს. ‘ბორჯომმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მეორე ტაიმში მარბიელ თორნიკე მოდებაძისა და მღლეტელ თენგიზ მახათაძის გატანილი ლელოთა წყალობით მოახერხა – 80:10.

მიჯრით 3 განცდილი მარცხის შემდეგ, ტაომ’ მეტად მოტივირებულ ჭიათურას ‘მათესთან’ საშინაო შეხვედრა აღმავლობით წარმართა. მესხები სისწრაფეზე, კომბინირებულად მოქმედებდნენ და გაშლილ თამაშში ზემო იმერლებს 6 ლელო გაუტანეს. „დუბლით“ ‘ტაოს’ ფიჯელი შუამარბი ლაისიასა ბოგიდრუა გამოირჩა. მატჩის ბოლო ლელოც მესხთა კიდევ ერთი ფიჯელი ლეგიონერის, მარბიელ რატუ ნაკიკას ანგარიშზეა. ‘მათემ’ კი მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის მიწურულს ჰავბეკ ზურა ლაბაძის დადებული ლელოთი იხეირა – 38:5.