პირველი ლიგა | პირველი რაუნდი ‘გორმა’ მოიგო

პირველ ლიგაში ასვლა-დარჩენაზე, ‘გორი’-ბაგრატის’ ორმატჩა დაპირისპირების პირველი რკენა შიდა ქართლის დედაქალაქში, „რაგბი-ჭალას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა.

დიდი 10-ის ყოფილი ბინადარი ‘ბაგრატი’, არსებობის განმავლობაში რეგიონულ ლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე პირველად აღმოჩნდა. რიონისპირელებმა მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სეზონის მეორე ნახევარში შეძლეს. გუნდში რამდენიმე გამოცდილი მორაგბე დაბრუნდა და პირველი ლიგის დასკვნით ტურში წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ მოგებული შეხვედრის ხარჯზე, პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

‘გორს’ კი უშუალო კონკურენტ ‘ბორჯომთან’ სეზონის ერთადერთი მარცხი რეგიონული ლიგის ლიდერობისა და პირველი ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. გორის ‘გორი’ ქართული რაგბის საკლუბო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ახალბედა წარმომადგენელია. მართალია, ‘გორი’ დაარსებიდან სულ  მესამე კალენდარულ წელს ითვლის, თუმცა შიდა ქართლელები შორს მიმავალი, სერიოზული მიზნების განხორციელებას ამთავითვე ეშურებიან.

პირველი ლიგის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ‘გორის’ ხელნმძღვანელობა პრიორიტეტს რეგიონის მკვიდრი მოზარდი და ჭაბუკი ნიჭიერი მორაგბეების მოძიებასა და მათი შემდგომი დაოსტატების პროცესის სწორად წარმართვას ანიჭებს. გუნდს სათავეში კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტი ნიკო ჭავჭავაძე უდგას. ბორჯღალოსანთა ექს-დამრიგებელს ‘გორის’ წვრთნაში დახმარებას მოთამაშე-მწვრთნელი გიორგი კლიმიაშვილი და მიხეილ ორაგველიძე უწევენ. ‘გორის’ ახალგაზრდული შემადგენლობის 99 %-ს ადგილობრივი მორაგბეები შეადგენენ. ისიც აღსანიშნავია, რომ გორელებს მხარში შიდა ქართლის დედაქალაქის მუნიციპალიტეტიც უდგას და რაგბის კავშირის მიერ კლუბების დაფინანსების ზრდის პროცესი, ‘გორს’ პროფესიულ კლუბად ჩამოყალიბების კარგ პერსპექტივას უქადდის.

გუნდებმა მაქსიმალურად მოინდომეს და დიდი ბრძოლაც გააჩაღეს. თანმხლებმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა მატჩის სანახაობრივი მხარე ვერ დააკნინა. შეხვედრის დებიუტში მასპინძელთა მღელვარებით რიონისპირელებმა კარგად ისარგებლეს და ჰუქერ გიორგი გუდავას გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. გორს თამაშის დასალაგებლად დიდი დრო არ დაჭირვებია. შიდა ქართლელები უპირატესად სისწრაფეზე, ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ, რასაც გუნდის მარბიელი კაპიტნის, ნიკა შუბითიძის საპასუხო ლელო მოჰყვა. გორელთა დამრიგებლის ვაჟ გიორგი ჭავჭავაძის ზუსტი გარდასახვითა და ჯარიმით, მასპინძლებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ‘ბაგრატის’ ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კვესელავას დადებულმა ლელომ მეტოქეები პირველ ტაიმში დააზავა – 10:10.

მეორე ნახევარში გორელთა უპირატესობა გამოიკვეთა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მასპინძლები სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. ‘გორის’ მგეზავმა გიორგი ჭავჭავაძემ ქარიშხალის წინააღმდეგობა 2-გზის დაძლია და წყვილი გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდი 6 ქულით დააწინაურა. მატჩი გორელთა უპირატესობით გრძელდებოდა და შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ფრთა თორნიკე ფერსაშვილის დადებული ლელოთი დაგვირგვინდა – 21:10.

საპასუხო შეხვედრა ქუთაისში 16 მაისს გაიმართება. 2 მატჩის ჯამური შედეგის მიხედვით წარმატებული გუნდი მომავალ სეზონში პირველ ლიგაში იასპარეზებს.

 

ფოტო: გიორგი პაპიაშვილი