პირველი ლიგა | პატარძეული დაწინაურდა

პირველი ლიგაში 2 გადადებული შეხვედრა გაიმართა. ოზურგეთში, ‘არწივებმა’ ‘ხვამლს’ უმასპინძლეს და გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. რთულ მეტეოლოგიურ პირობებში გამართული მატჩის პირველ ნახევარში მეტოქენი დაზავდნენ – 10:10 და რომ არა ორივე გაცუდებული გარდასხვა, მუხიანელები შესვენებაზე პოზიტიური შედეგით წავიდოდნენ.

დაცვაში გამკაცრებული თამაშისა და უკეთესი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე გურულებმა მეორე ნახევარში 18 უპასუხო ქულა აიღეს და მატჩი 28:10 მოიგეს. ‘არწივების’ მიჯრით მეორე გამარჯვებაში ლომის წილი ბახვა კობახიძემ დაიდო. გურულთა გამოცდილმა მგეზავმა ლელოს გატანაც მოახერხა, რასაც 2 გარდასახვა და 3 ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდის საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი, 18 ქულა დააგროვა. ‘არწივებმა’ 10 ქულას მოუყარა თავი და ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდნენ.

დამდეგი, მეოთხე ტურის გამორჩეული შეხვედრა გურულთა მონაწილეობით გაიმართება. ‘არწივები’ ვაზისუბანში, ელიტას საგზურის კიდევ ერთ მაძიებელ მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრებიან. ქვემო ქართლელები 9 ქულით ქუთაისის ‘ბაგრატთან’ ერთად ცხრილში მეოთხე-მეხუთე პოზიციას იყოფენ.

დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთ მთავარ მაძიებელ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უამინდობის გამო ქუთაისის ‘ბაგრატთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა რუსთავში მოუხდა. მართალია ‘ბაგრატმა’ მიჯრით მესამე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა რიონისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს, 3 ლელოს გატანაც მოახერხეს და გარე კახელებს დაგეგმილი ბონუსის აღების შესაძლებლობა არ მისცეს – 35:19.

შეხვედრის უმეტესი ნაწილი ‘ვეფხვები’ დომინირებდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და მთლიანობაში 4 ლელოს გატანაც მოახერხეს. კახელთა ფრთა ირაკლი ბუწანკალურმა თავის სადებიუტო შეხვედრაში წყვილი ლელოს დადება მოახერხა, შუამარბმა ლაშა ბრეგვაძემ კი გატანილ ლელოს, 3-3 რეალიზაცია, ჯარიმა დაურთო და შეხვედრის ყველაზე შედეგიან მოთამაშედაც იქცა. მეორე ნახევარში მასპინძელთა დაცვაში გაჩენილი ბზარით ‘ბაგრატმა’ კარგად ისარგებლა, ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა, თუმცა დროულად გამოფხიზლებულმა ზვიად ცუხიშვილის ბიჭებმა  რიონისპირელებს მატჩის შემოტრიალების შესაძლებლობა არ მისცეს.

სეზონში მოპოვებულმა მესამე გამარჯვებამ ‘ვეფხვები’ 14 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. ‘ვეფხვების’ მსგავსად, სეზონის სამივე შეხვედრა ‘არმიამაც’ მოიგო, თუმცა ბონუს-ქულათა გარეშე, რამაც ბექა სხულუხიას შეგირდები 12 ქულით მეორე პოზიციაზე განათავსა.

 

ფოტო: სოფიო ბილანიშვილი