პირველი ლიგა | მოხევეების შეჩერება მუხიანელებმაც ვერ შეძლეს

ზედა ექვსეულის მეორე ტური ავჭალაში, ‘არმიასა’ და ‘ტაოს’ შეხვედრით დაიწყო. მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობა მატჩის შედეგზე სრულად აისახა. ‘არმიამ’ იოლად და თან „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 75:0.

„არმიელებმა“ პირველ ნახევარში 41 ქულა დააგროვეს და მთლიანობაში მესხებს 13 ლელო დაუდეს. აღსანიშნავია, რომ ხელდახელ თამაშთან ერთად ლაშა აზალაძის ბიჭები სტატიკასაც დიდ ყურადღებას უთმოდნენ და ლელოთა გარკვეული ნაწილი მოლით იქნა გატანილი. მღლეტელი შალვა დიდუბელიძე ჰეთ-თრიკით გამოირჩა. მარბიელმა გიორგი ქუთათელაძემ და შუამარბმა რამაზ ჯინაშვილმა კი დუბლის შესრულება მოახერხეს.

ტურის საკულტო შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ხვამლმა’ პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ ‘ყაზბეგს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 20:26  დამარცხდა. მატჩის კულმინაციამ მეორე ტაიმის შუაწელს უწია. მუხიანელთა მგეზავ ბესიკ თაყნიაშვილს გარდასახვაში ქარმა შეუშალა ხელი, რამაც ‘ხვამლს’ ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა არ მისცა.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული და საამო საცქერი გამოდგა. მეტოქეებმა მაღალი ტემპი მატჩის მიწურულამდე შეინარჩუნეს და ქომაგმა მთლიანობაში 6 გატანილი ლელოც იხილა. ‘ყაზბეგი’ სტატიკასა და დინამიკაში მცირე უპირატესობას ფლობდა. სანაცვლოდ, დერეფანში არსებულმა პრობლემებმა მოხევეთა დამრიგებელ გოჩა ჩქარეულს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. მოხეევებმა მასპინძლებზე ორით მეტი, 4 ლელო გაიტანეს.

დუბლით ბოლო ხანს შედეგიანობის იშტაზე მყოფი ‘ყაზბეგის’ მარბიელი გელა ელოშვილი გამოირჩა. ლიდერის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნარიანი თამაშით ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა მერაბ კვირიკაშვილმა და ირაკლი ყიასაშვილმაც შეიტანეს. მეკომ სამი გარდასხვა გამოიყენა, ყიასაშვილმა კი მეორე ნახევარში ლელოს დადება მოახერხა. ‘ყაზბეგმა’ მიჯრით მეექვსე გამარჯვება გაიფორმა, 29 საცხრილო ქულა დააგროვა და მდევარ ‘არმიას’  3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში საყოველთაო ყურადღების ცენტრში სწორედ ლიდერთა დაპირისპირება იქნება.

თელავში, ადგილობრივი ‘ჭადარისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა პრინციპულ ხასიათს ატარებდა. კახელები ზედა ექვსეულში პირველ გამარჯვებას და ქულებს ეშურებოდნენ, გურულები კი საპატიო მეოთხე ადგილის დაკავებას ლამობენ. ტრავმებით შემადგენლობა განახევრებულმა კახელებმა მედგრად იბრძოლეს, თუმცა პოზიტიური შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხეს. გურულებმა ბონუსით, 26:7 მოიგეს და 9 ქულით ცხრილში სასურველ მეოთხე პოზიციაზე აინაცვლეს.

შეხვედრის დებიუტში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. ‘არწივების’ ფრთა მირზა შაინიძის ლელოს, ‘ჭადარის’ იმავე ამპლიუს მოთამაშე ლუკა ღოღელიშვილის საპასუხო ლელო მოჰყვა, რის შემდგომ უმეტესად სტატიკაში არსებული უპირატესობის ხარჯზე გურულებს გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ. დარჩენილ დროში ‘არწივებმა’ 19 უპასუხო ქულა მიითვალეს. პრემიის მომტანი ლელოც მირზა შაინიძის ანგარიშსზეა.

ქვედა ექვსეული

წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ქვედა ექვსეულში პირველი მარცხი განიცადა, რამაც ზაზა ჩირგაძის შეგირდებს ლიდერობა დააკარგინა. ‘დინოზავრი’, „შევარდენზე“ ‘ივერია ვარკეთილს’ სტუმრობდა და მატჩი 12:26 დათმო.

პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სტუმრები თავიანთი კაპიტნის გიორგი გოგიძის გატანილი წყვილი ლელოთი, ‘ივერიას’ ანგარიშში ოდენ გაცუდებული გარდასახვით ჩამორჩნენ 12:14. მეორე  ტაიმი კი სრულად ვარკეთილელთა კარნახით წარიმართა, რაც ‘ივერიას’ მხრიდან ფრთა ლუკა მიშვიძის შესრულებულ დუბლსა და 14 უპასუხო ქულაში აისახა. ‘ივერიამ’ 19 ქულას მოუყარა თავი, ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა და ლიგაში დარჩენის გარკვეული შანსიც შეინარჩუნა.

წყალტუბოელთა წაფორხილებით უმალ ‘ბაგრატმა’ ისარგებლა. რიონისპირელებმა უქულოდ მყოფ ‘დევებს’ ქუთაისში 9 ლელო დაუდეს და მატჩიც დაგეგმილი პრემიით 57:12  მოიგეს. მასპინძელთა ჰუქერი ლაშა ჭელიძე ჰეთ-თრიკით გამოირჩა, მარბიელმა რუსლან გიგაშვილმა კი პირად აქტივს დუბლი შემატა. ‘ბაგრატი’ სატურნირო ცხრილში 25 ქულით დაწინაურდა და ყოფილ ლიდერ ‘დინოზავრს’ 2 ქულით გაუსწრო. მომდევნო ტურში, ‘დინოზავრი’-‘ბაგრატის’ იმერული დერბი ქვედა ექვსეულის უდაოდ გამორჩეული შეხვედრა იქნება.

„შევარდენზე“ ‘დინამო’-‘იმერეთის’ შეხვედრაც ფიცხელი ბრძოლით აღინიშნა. ქართული რაგბის უხნესი გუნდი ახლოს იყო სეზონის პირველ გამარჯვებასთან, თუმცა რამდენიმე ხელსაყრელ მომენტში მიღებულმა ნაჩქარევმა გადაწყვეტიელებებმა სერგო რამიშვილის შეგირდები მხოლოდ ნუგეშ-ქულას დააჯერა – 19:26. ‘დინამომ’ პირველი ნახევარი მოიგო და ანგარიშში მცირე უპირატესობას მეორე ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდა, თუმცა ზემო იმერლები თამაშის უკეთესი ორგანიზაციით გამოირჩეოდნენ და სწორედ სტუმართა უკეთესმა გუნდურმა თამაშმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. გამარჯვების მომტანი ლელო მარქაფადან ჩართულმა ჭიათურელთა ჰავბეკმა ლუკა მაჭარაშვილმა შეხვედრის მიწურულს გაიტანა. „ზახარიჩის“ ბიჭებმა სეზონში მესამე გამარჯვება გაიფორმეს და 14 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზე რჩებიან.