პირველი ლიგა | მოწინავე კვარტეტში მდგომარეობა უცვლელია

პირველი ლიგის მე-15 ტური არასრული გამოდგა. უხვმა ნალექმა „ავჭალა არენას“ ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააზიანა, რის გამოც ორგანოზატორებს ‘არმია’-‘არმაზის’ შეხვედრის გადადება მოუხდათ. უთამაშებლობის მიუხედავად არმიელები სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩნენ. ‘არმაზი’ მეშვიდე ადგილზე რჩება და თან ქვემო ქართლელებს ორი გადადებული შეხვედრა დაუგროვდათ.

თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ‘ჭადარისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრის გამართვა დიდთოვლობამ შეუძლებელი გახადა. ტექნიკის სრული მობილიზებისა და მასპინძელთა 2-დღიანი თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მესხები ასპინძაში გაწბილებულნი დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მეტოქეთა ოფიციალურ შეხვედრებში ერეკლე ბატონიშვილის პრესტიჟული საცილო თასიც თამაშდება. აღსანიშნავია, რომ ‘ვეფხვებისა’ და ‘ბაგრატის’ მორიგი წაფორხილების შემდეგ ‘ტაოს’ პლეი ოფამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს.

ლიდერის მდევარმა ‘ხვამლმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ „ხვამლი არენაზე“ უმასპინძლა. ფავორიტი მუხიანელები მატჩის პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და ხელდახელ თამაშით გარე კახელებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს. ‘ხვამლის’ მარბიელმა და კაპიტანმა საბა კურტანიძემ „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა და შეხვედრის პირველი და ბოლო ლელოს ავტორადაც შეიქნა.

დავით ცხვედიანის ბიჭები უკეთ ხელით თამაშის გარდა, კარგი მიყოლითა და ბევრი ოფლოუდით გამოირჩნენ. ‘ვეფხვებმა’ პირველი სამატჩო ქულების აღება და ლელოს გატანა მეორე ტაიმის შუაწელსღა მოახერხეს – 38:12. ‘ხვამლმა’ აღებული ბონუსით ცხრილში ლიდერ ‘არმიასთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე, 1 ქულამდე შეამცირა. მართალია, ‘ვეფხვებს’ ცხრილში ‘ბაგრატი’ გაუთანაბრდა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე გარე კახელებმა მეხუთე პოზიცია შეინარჩუნეს.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა ოზურგეთის ‘არწივებმა’  ქუთაისის ‘ბაგრატთან’ საშინაო შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ გამართა. რიონისპირელებმა ფავორიტ გურულებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

მართალია, ‘არწივები’ პირველივე წუთებიდან სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გადამეტებულმა მღელვარებამ გია ამირხანაშვილის ბიჭებს პირველ ნახევარში ცუდი სამსახური გაუწია, რაც ხშირ ტექნიკურ წუნსა და რამდენიმე გაცუდებულ ხელსაყრელ მომენტში გამოიხატა. ‘ბაგრატმა’ კონტრშეტევებზე ააგო თამაში, კარგად დაიცვა თავი და შუამარბ გიორგი გობეჯიშვილის ლელოს, სტუმართა ფულბეკ საბა ხელაძის გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც დაერთო. იმერლები შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 0:13.

მეორე ნახევარში ‘არწივები’ გააქტიურდა. შერკინებაში არსებულ უპირატესობას, გურულების უკეთ ხელდახელ თამაშიც დაერთო. ამირხანაშვილმა შეცვლებიც გამოიცნო და ‘არწივების’ დადებული ორივე ლელო მარქაფადან ჩართული მოთამაშეების (ფრთა ოთარ მჟავია და კვაჭი გიორგი ბეჟანიძე) ანგარიშზეა. გურულების გამოცდილმა მგეზავმა ბახვა კობახიძემ მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანა – 15:13 და მეტოქე ოდენ ნუგეშს დააჯერა. ‘არწივები’ ცხრილში მესამე ადგილზე რჩებიან და ლიდერ ‘არმიას’ 5 ქულით ჩამორჩებიან.

გორის ‘ჯიქმა’ ცხრილის ბოლო საფეხურსა და გასავარდნ ადგილს თავი დააღწია. შიდა ქართლელებმა სეზონში მეორე გამარჯვება მეზობელ თორელებთან შეხვედრაში მოიპოვეს, თუმცა აღებული ნუგეშით მერვე ადგილზე მყოფი ‘ბორჯომი’ მდევარ ‘ჯიქთან’ 5-ქულიან უპირატესობასა და უკეთეს პირისპირ ბალანსს ინარჩუნებს (თორელებმა პირველ წრეში ‘ჯიქს’ 10-ქულიანი სხვაობით მოუგეს). თავის მხრივ ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებმა ბოლო ადგილზე ჩანაცვლებულ თელავის ‘ჭადარს’ 3 ქულით გაუსწრეს. კახელთა მდგომარეობას დარჩენილ შეხვედრათა ურთულესი კალენდარიც ამძიმებს.

პირველ ნახევარში ‘ჯიქი’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მასპინძელ მორკინალთა აქტიურობა 3 გატანილ ლელოში (კვაჭი ჯაბა ციყელაშვილი, მარბიელი ამირან სახელაშვილი და ფრთა შალვა ჩქარეული) აისახა. თორელები კი მგეზავ ლადო ეფხოშვილის წყვილ ჯარიმას დაჯერდნენ და ტაიმი – 17:6 დათმეს.

მეორე ტაიმში ‘ბორჯომმა’ დაცვაში თამაში დაალაგა და მასპინძლებს მხოლოდ 1 ჯარიმის გატანის შესაძლებლობა მისცა (შუამარბი გიორგი ჭავჭავაძე). წინა ტურის მსგავსად, თორელთა რიგებში გამორჩეულმა ეფხოშვილმა ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც თავად გარდასახა და მორიგი ზუსტად შესრულებული ჯარიმით ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა – 20:16. ბოლო წუთებმა უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა მეტოქეთა დიდი მცდელობის მიუხედავად საბოლოო ანგარიში უცვლელი დარჩა.