პირველი ლიგა | მოწინავე კვარტეტში გარე კახელებმა აინაცვლეს

პირველობის ლიდერ ოზურგეთის ‘არწივებს’ პირველი ადგილის დასაკავებლად და შესაბამისად, შესარჩევი ფინალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, დარჩენილ შეხვედრებში ხელს 1 ფრეც აძლევს. გურულებმა სეზონის 15-ივე მატჩი მოიგეს და ბონუსის აღება მხოლოდ 3 შეხვედრაში ვერ მოახერხეს. მეორე ადგილზე მყოფ ‘არმიას’ შესარჩევ ფინალში მოსახვედრად ასევე 2 ქულა აშორებს.

მარნეულის ‘არმაზმა’ ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა. პატარძეულის ‘ვეფხვებმა’  წლეულს ყველა შეხვედრა მოიგო და მიმდინარე სეზონში მოწინავე კვარტეტში პირველად აინაცვლა. სეზონში მეექვსე მარცხმა ‘ტაო’ მეხუთე პოზიციამდე დააქვეითა.

ცხრილის მეორე ნახევარში 1 მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ‘გორმა’ 1 ქულით  ‘იუნკერებს’ გადაასწრო და პლეი ოფის ზონაში, მეექვსე ადგილზე აინაცვლა. ცხრილის ბოლო 3 საფეხურზე მყოფი გუნდები უქულოდ დარჩნენ და შესაბამისად, მათ შორის არსებული ქულათა სხვაობა სრულად შენარჩუნდა. მერვე ადგილზე მყოფი ‘მათე’ პლეი აუტის ზონაში მყოფ ‘ბაგრატს’ 4 ქულით აღემატება. თავის მხრივ რიონისპირელები ბოლო ადგილოსან ‘ბორჯომს’ 14 ქულით უსწრებენ.

მე-15 ტურის გამორჩეული შეხვედრა ფოთში გაიმართა. ოზურგეთში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული მოედნის საფარის გამო, ‘არწივებმა’ პრინციპულ მეტოქე სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ კოლხეთში, „პარკი არენაზე“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ გურულებმა მეტოქეზე მთლიანობაში 5-ით მეტი, 7 ლელო გაიტანეს, საათის თავს, შუამარბ გიგა ჩაბაკაურისა და კვაჭ თამაზ კილაძის დადებული ლელოებით, რომელთა ზუსტ გარდასახვებს მგეზავმა გიორგი ჯღამაიამ 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო, ანგარიშში 3-ქულიან უპირატესობას მესხები ინარჩუნებდნენ.

მატჩის დასკვნითი ნაწილი ‘არწივების’ სრული უპირატესობით წარიმართა. გია ამირხანაშვილის ბიჭებმა სისწრაფეს უმატეს, ოვალი კარგად გაშალეს და თან მოლსა და რაქშიც იძალეს. გურულები ბურჯ ლუკა უნგიაძის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ‘არწივების’ ფრთა კინი ვოსაილენის დადებული წყვილი ლელო დაერთო. გურულების ახალწვეული ფიჯელი, ვინაც ძირითადში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა, შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე გახლდათ – 39:23.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-‘იუნკერების’ ქვემო ქართლური დერბი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 20:20 დასრულდა. ‘იუნკერებზე’ ახლახანს შეფობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა აიღო და გიორგი ნოზაძის შეგირდებიც ამიერიდან გარისელთა ღირსების დაცვაზე იზრუნებენ.

მატჩის დებიუტში ‘არმაზმა’ შუამარბ ნიკა გოგიასა და ფრთა საბა თეიმურაზიშვილის ლელოებით (გარდასახვები ზუსტად მგეზავმა ბახვა კობახიძემ შეასრულა) 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ‘იუნკერებმა’ შეხვედრაში გარდატეხა ორგანიზებული და ხელდახელ კარგი თამაშით შეიტანა. ფრთა ლაშა კაზალიკაშვილმა და კვაჭმა ლუკა ღოღობერიძემ საპასუხო ლელოები გაიტანეს, რომელთა ზუსტ გარდასახვებს, ‘იუნკერთა’ ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო, მატჩის საბოლოო ანგარიში მანვე დააფიქსირა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 2 ქულა მოუპოვა.

„ავჭალა არენაზე“, ‘არმიას’ ჭიათურას ‘მათემ’ ხისტი, ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირა და ფავორიტმა პირველი სამატჩო ქულები ფრთა ლადო მიმინოშვილის ლელოთი მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აიღო და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარში ლევან ობოლაძის შეგირდებმა ზემო იმერლებზე ზეწოლა გააძლიერეს. ‘არმია’ უპირატესობას სტატიკაში ფლობდა, რაქსა და მოლში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და სტუმრები შუამარბ ჯუმბერ ყვავაძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა. ‘არმიამ’ მეორე ნახევარში 3 ლელოს გატანა მოახერხა (კაპიტანი და ფრთა რამაზ ხარაზიშვილი, კვაჭი გიორგი თედორაძე, ფიჯელი მარბიელი კოლინიო თამანიტოაკულა) და მატჩიც დამაჯერებლად, პრემიალური ქულით მოიგო – 20:3.

მოედნის დაზიანებული საფარის გამო, პატარძეულის ‘ვეფხვებსაც’ საშინაო შეხვედრის გამართვა მეზობლად, რუსთავში, „ხარები არენაზე“ მოუხდა. გარე კახელებთან მატჩის დებიუტში პირველობის აუტსაიდერი ‘ბორჯომი’ მხტომელ თენგიზ ელიკაშვილის ლელოთი დაწინაურდა, თუმცა ზვიად ცუხიშვილის შეგირდებს უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებიათ და დარჩენილ დროში თორელებს 8 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘ვეფხვები’ სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას, ხელდახელ თამაშსაც კარგად უნაცვლებდა. გარე კახელთა კაპიტანმა და მარბიელმა ზაურ შაქარაშვილმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. წყვილი ლელო პირად აქტივს ასევე ‘ვეფხვების’ მღლეტელმა ირაკლი ტაბატაძემ შემატა – 50:5.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „აია არენაზე“ ‘ბაგრატმა’ ‘გორს’ უმასპინძლა. მეორე ტაიმის დებიუტში, ფულბეკ სერგო კვერნაძისა და კვაჭ ლაშა ჭელიძის გარდასახულ ლელოთა წყალობით ‘ბაგრატი’ 3-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა. დარჩენილ დროში ‘გორმა’ თამაში დაალაგა. სტუმრები დინამიკაში უკეთ ირჯებოდნენ, სწრაფად მოძრაობდნენ და მასპინძლებს კომბინაციურ სტილში 4 ლელო დაუდეს. გორელთა კვაჭ საბა ტყეშელაშვილის შესრულებულ „დუბლს“, ფულბეკ დავით თვარაძისა და მარბიელ ამირან სახელაშვილის გატანილი ლელობიც მოჰყვა, რამაც შიდა ქართლელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 32:14.