პირველი ლიგა | ლიგის გამარჯვებულს დასკვნითი ტური გაარკვევს

პირველობის ლიდერი ‘არმია’ ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ესტუმრა და იოლი გამარჯვება მოიპოვა (67:5). აღსანიშნავია, რომ არმიელთა 11 გატანილი ლელოდან, ხელდახელ თამაშით 10 ლელო დაიდო. არმიამ 40 ქულით ცხრილში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა და ელიტას საგზურის მოსაპოვებლად, დასკვნით ტურში უშუალო კონკურენტ ‘ყაზბეგთან’ ხელს ფრეც აძლევს.

‘არმია’ მატჩის პირველივე წუთებიდანვე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და სტატიკას, ხელდახელ თამაშს კარგად უთავსებდა. შუამარბმა ბექა მაჭარაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. ფრთა გიორგი გელაშვილმა კი პირად აქტივს წყვილი ლელო შემატა. მესხები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისგან ვანო კაპანაძის მატჩის ბოლო წუთზე დადებულმა ლელომ იხსნა. მარქაფადან ჩართულმა ‘ტაოს’ 18 წლის ფრთამ ლიგაში თავისი დებიუტი გატანილი ლელოთი აღნიშნა. ბოლო ტურის მიუხედავად, მესხები პირველობას მეხუთე ადგილზე დაასრულებენ.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ავჭალაში გაიმართა. ‘ყაზბეგის’ 7 ქულაზე მეტი სხვაობით ძლევის შემთხვევაში, ‘ხვამლი’ დიდი 10-ის საგზურის მოპოვების ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებდა. თვალსასეირო და ზედრამატული შეხვედრა მოხევეთა გამარჯვებით დასრულდა –  21:20. მართალია ცხრილში ‘ყაზბეგი’ ლიდერ ‘არმიას’ 2 ქულით ჩამორჩა, თუმცა დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად გოჩა ჩქარეულის შეგირდებს უშუალო კონკურენტთან ხელს ნებისმიერი სხვაობით მოგება აძლევთ. ‘ხვამლს’ კი ნუგეშად მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონი და დებიუტანტის კვალობაზე დაკავებული პრესტიჟული მესამე ადგილი ერგო.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ‘ყაზბეგის’ უპირატესობით წარიმართა. მოხევეები 2 გატანილი ლელოს წყალობით 12-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.  მუხიანელებს მხსნელად უნიჭიერესი დათო ნინიაშვილი მოევლინა. ტაიმის მიწურულს ქართული რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ლელოს გატანა მოახერხა. მთლიანობაში 18 წლის ჭაბუკმა 2-2 გარდასახვითა და ჯარიმით 15 სამატჩო ქულა დააგროვა. ნინიაშვილი ჩვეულ, მაღალ სისწრაფეზე ტექნიკურად მოქმედებდა, ხაზსს იოლად ჭრიდა და მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ‘ხვამლი’ ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა. შეხვედრის მიწურულს ‘ყაზბეგის’ ბორჯღალოსანმა ლიდერმა მერაბ კვირიკაშვილმა მართალია ჯარიმა ძელს გაარტყა, თუმცა „გაწითლებულ“ დროში პირველმა ქართველმა „ცენტურიონმა“ ჯარიმა ლამის მოედნის ცენტრიდან და თან მახვილი კუთხიდან ძელებს შუა ზუსტად გაატარა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. მეკოსთან ერთად აღსანიშნავია მოხევეთა კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანის ირაკლი ყიასაშვილის კარგი და გააზრებული თამაში.

ოზურგეთში, ‘არწივებმა’ ექვსეულის აუტსაიდერ თელავის ‘ჭადარს’ უმასპინძლეს და 26:6 იმარჯვეს, რამაც გურულებს საპატიო მეოთხე ადგილი პირველობის დასკვნით ტურამდე გაანაღდებინა. კახელებს მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად დასკვნით ტურში ასპინძაში, ‘ტაოსთან’ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. ისიც აღსანიშნავია, რომ დამდეგ შეხვედრაში მეტოქეები საცილო და პრესტიჟულ ერეკლე მეორეს თასსაც გაითამაშებენ.

მატჩის დებიუტში კახელები თავიანთი უბერებელი მგეზავის თენგიზ ცისკარიშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. ცისკარიშვილმა პირველ ნახევარში კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რაც გია ჭუმბურიძის შეგირდთა ბოლო მონაგარი გამოდგა. ‘არწივებმა’ უპირატესობა მეთოდურად იგდეს ხელთ და სტუმრებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილეს. მეორე ნახევარში შუამარბ ლაშა პაპიძისა და ფრთა გოჩა ჯიქიას ლელოთა წყალობით გურულებმა კახელები პირველობის მეორე დაპირისპირებაშიც  პრემიით დაამარცხეს.

ქვედა ექვსეული

ქვედა ექვსეულის ლიდერმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ დედაქალაქურ ‘ივერიას’ ქუთაისში უმასპინძლა და 26:16 იმარჯვა, თუმცა ბონუსის აღება ვერ მოახერხა, რაც წყალტუბოელებს ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ.

პირველ ნახევარში სტუმართა 2 გატანილ ჯარიმას, წყალტუბომ 2 გარდასახული ლელოთი უპასუხა. ‘დინოზავრის’ მარბიელმა ბორის ხუსკივაძემ და ფრთა გოგა ნემსიწვერიძემ ვარკეთილელთა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და დაკიდებული ოვალები ლელოდ აქციეს. ზუსტ გარდასახვებს, წყალტუბოს მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე მასპინძლები 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ივერია გააქტიურდა, 2 ლელოს დადება და ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე მოახერხა, თუმცა მატჩის მიწურულს ოდიშარიას გატანილმა მორიგმა ჯარიმამ სტუმრებს მატჩის ხსნის იმედი გადაუწურა.

ლიგაში დარჩენაზე კიდევ ერთი მებრძოლი ქუთაისის ‘ბაგრატი’ „შევარდენზე“ აუტსაიდერ ‘დევებს’ ესტუმრა და გამარჯვების ნაადრევის რწმენის გამო კინაღამ პრემიის გარეშე დარჩა.

პირველი ტაიმი სრულად რიონისპირელთა კარნახით წარიმართა. ‘ბაგრატის’ მარბიელმა რუსლან გიგაშვილმა „პოკერის“ შესრულება მოახერხა და სტუმრები შესვენებაზე 5 უპასუხო ლელოს წყალობით 31-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ ‘დევებს’ აშკარად დაეტყოთ ახალი მოთამაშე-მწვრთნელის გიორგი კაჭარავას ხელი. კაჭარავა თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაეთო და მის გააზრებულ თამაშს ‘დევების’ ჰუქერ რეზო ჯაფარაშვილის „დუბლი“ მოჰყვა. მატჩის მიწურულს ‘დევებს’ კიდევ ქონდათ ლელოს გატანის შანსი, თუმცა ‘ბაგრატმა’ საკუთარ 5-მეტრიანში თავი კარგად დაიცვა და სასურველი უპირატესობაც შეინარჩუნა 31:12.

რიონისპირელები 35 საცხრილო ქულით წყალტუბოს’ დინოზავრს გაუტოლდნენ და ლიგაში დასარჩენ პლეი აუტის მონაწილის ვინაობას დასკვნით ტურში ქუთაისში გასამართი იმერული დერბი გაარკვევს. უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘დინოზავრს’ გადამწყვეტ შეხვედრაში ხელს ფრეც აძლევს.

ჭიათურაში, ადგილობრივი ‘იმერეთისა’ და ‘დინამოს’ შეხვედრა უხვქულიანი და სანახაობრივი გამოდგა. თანაბარ ბრძოლაში მასპინძლებმა უკეთესი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე  მეტოქეზე ერთით მეტი, 5 ლელო გაიტანეს და მატჩი  38:26  მოიგეს. მატჩის საბოლოო ანგარიში იმერელთა შუამარბ მერაბ ცერცვაძის ლელომ დააფიქსირა.

‘იმერეთს’  მეორე ეტაპზე მთლიანობაში 5 მოგება და 22 ქულა დაუგროვდა, რამაც ზურაბ ხარშილაძის ბიჭებს ექვსეულში მესამე პოზიციის დაკავების შანსი დაუტოვა. საწადელის მისაღწევად, ზემო იმერლებს დასკვნით ტურში უშუალო კონკურენტ ‘ივერიას’ ძლევა ნებისმიერი სხვაობით აწყობთ.