პირველი ლიგა | ლიგაში ‘ბაგრატი’ დარჩა

პირველ ლიგაში ასვლა-დარჩენაზე ‘ბაგრატი’- გორის’ ორრაუნდიანი დაპირისპირების გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. რიონისპირელები ლიგიდან დაქვეითების საშიშროების წინაშე თავიანთი არსებობის მანძილზე პირველად აღმოჩნდნენ. ‘ბაგრატს’ პირველი შეხვედრა შიდა ქართლში 10:21 ქონდა წაგებული და საერთო წარმატების მისაღწევად 12-ქულიანი სხვაობით მოგებას საჭიროებდა.

‘ბაგრატის’ დამრიგებელმა შალვა კიკვაძემ პირველი მატჩის შემდეგ თამაშის ტაქტიკა შეცვალა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რაც მასპინძელთა თამაშის ხარისხსა და შედეგზეც ნათლად აისახა.

‘ბაგრატი’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა. კიკვაძის ბიჭები სტატიკაში მძლავრობდნენ და შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შექმნილ სივრცეს ხაზის მოთამაშეებიც კარგად იყენებდნენ. მარბიელ ბექა თათვიძისა და ფულბეკ საბა ხელაძის დადებულ ლელოთა წყალობით მასპინძლები შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ‘ბაგრატმა’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რასაც მღლეტელ რუსლან გიგაშვილისა და შუამარბ გია ცნობილაძის ლელოები მოჰყვა. ‘გორმა’ გაიბრძოლა და ფრთა დავით კალაიჩევის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 15-ქულამდე შეამცირა. მატჩის დასკვნითი მონაკვეთი კვლავ რიონისპირელთა კარნახით წარიმართა. შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ფრთა ბექა ჩხობაძის  ლელომ ‘ბაგრატის’ დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა- 30:7.

მარცხის მიუხედავად გორელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. 2 წლის შექმნილი გუნდის კვალობაზე ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებმა საგრძნობი სათამაშო პროგრესი განიცადეს და გორელთა ახალბედა, იმედისმომცემი კოლექტივი მომავალ სეზონში პირველი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

‘ბაგრატმა’ ლიგაში ადგილი უპირატესად გამოცდილებისა და ძალთა დროული კონცენტრაციის ხარჯზე შეინარჩუნა. სეზონის უმძიმესი დებიუტის შემდეგ რიონისპირელებმა წლეულს,  რეგულარული სეზონის დარჩენილი  9 შეხვედრიდან  8  მატჩი მოიგეს და თან გადამყვეტ ეტაპზე ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრაც მოახერხეს.

 

ფოტო: გიორგი პაპიაშვილი