პირველი ლიგა | ‘ივერიამ’ სამეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა

პირველი ლიგის ‘ა’ ჯგუფის  გადადებულ შეხვედრებს თელავმა და დედაქალაქმა უმასპინძლა. ‘ხვამლმა’ დაგეგმილი პრემიით იმარჯვა და ჯგუფის ლიდერ ‘არმიასთან’ ცხრილში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ‘ივერიამ’ კი სეზონში მესამე გამარჯვებით, მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთი მაძიებელი ‘ხვამლი’, თელავის ‘ჭადარს’ ‘კავკასიონი რაგბი არენაზე’ ესტუმრა და მატჩი დამაჯერებლად, ბონუსის თანხლებით 36:18  მოიგო. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებს გაფართოებულ სანაკრებო შეკრებაზე მივლინებული, უნიჭიერეს დავით ნინიაშვილთან ერთად, რამდენიმე მოთამაშე აკლდათ. ამის მიუხედავად, დათო ცხვედიანის შეგირდები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ, რამაც ‘ხვამლის’ დამრიგებელს მეორე ტაიმში მარქაფას სრულად საქმეში ხილვის შესაძლებლობაც მისცა.

კახელებს უთამაშებლობა ეტყობოდათ (წლეულს პირველ შეხვედრას ატარებდნენ) და ფავორიტს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ნახევარში გაუწიეს. გია ჭუმბურიძის გუნდში 35 წლის მგეზავი თენგიზ ცისკარიშვილი გამოირჩა. ‘ჭადარის’ უბერებელმა ლიდერმა ლელოს გატანაც მოახერხა, გარდასახვითა და 2 გატანილი ჯარიმით პირად მონაგარს 13 ქულა შემატა. ‘ხვამლი’ მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდა, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა და 6 ლელოდან, უმეტესობა დინამიკაში, კომბინაციურ სტილში იქნა დადებული. დავით ნინიაშვილის შემცვლელმა, ფულბეკმა საბა ინალიშვილმა ‘დუბლი’ გაახერხა. სეზონში მეექვსე მარცხის შემდეგ ‘ჭადარს’ მოწინავე სამეულში მოხვედრის თეორიული შანსიღა შერჩა.

ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ ქართული რაგბის უხნესი გუნდების ‘ივერიასა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირება მოსალოდნელისამებრ უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. ‘დინამო’ სეზონში პირველ გამარჯვებას ეშურებოდა, ივერიას’ კი ლიდერთა სამეულში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა.

უღიმღამო ტაიმისა და ნულოვანი ფრის შემდეგ, მეორე ნახევარში გუნდებმა მეტი მოინდომეს და ტემპსაც უმატეს. ‘ივერია’ მცირე უპირატესობას ფლობდა და ფულბეკ ლაშა სირაძის ჯარიმით დაწინაურდა. ვარკეთილელთა ჰავბეკმა ლუკა მიშვიძემ კი ეფექტური მოძრაობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და შეხვედრის ერთადერთი ლელოს ავტორადაც იქცა. მატჩის ბოლო 20 წუთი ‘დინამოს’ კარნახით წარიმართა, მაგრამ  სერგო რამიშვილის შეგირდებს გადამეტებული სიჩქარის გამო გადამწყვეტ მომენტში რამდენიმე თერნოვერი შეემთხვათ, რამაც ვაჟა პაიჭაძის ბიჭებს სასურველი ანგარიში შეუნარჩუნა  8:0. ‘ივერიამ’ 14 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე მყოფ ‘ბაგრატს’ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ქუთაისელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მომავალ უქმეებზე ‘ა’ ჯგუფის კალენდარი ‘დინამო’-‘ბაგრატის’ შეხვედრით გასწორდება. რიონისპირელები, გამარჯვების შემთხვევაში სანუკვარ სამეულს მკვეთრად მიუახლოვდებიან, ‘დინამოელთა’ მოგების შემთხვევაში კი მეორე ჯგუფური ეტაპის ზედა ეშელონისკენ გზა ‘ივერიას’ და ‘ჭადარსაც’ ეხსნებათ.