პირველი ლიგა | დრამა მესხეთში

პირველ ლიგაში სატურნირო ცხრილი 3 დარჩენილი გადადებული შეხვედრით გასწორდა. სამივე მატჩი თვალსასეირო და შედეგიანი გამოდგა, ასპინძაში კი ქომაგი სულაც სარაგბო ‘თრილერის’ მომსწრე გახდა.

‘ა’ ჯგუფი

ბოლო ხანს გამარჯვებათა იშტაზე მოსული ქუთაისის ‘ბაგრატი’ დედაქალაქში, ‘შევარდენზე’ ‘დინამოს’ ესტუმრა. რიონისპირელებმა დაძაბულ ბრძოლაში ჯგუფის აუტსაიდერი 26:18 დაამარცხეს, თუმცა სასურველი პრემიის აღება ვერ მოახერხეს, რამაც მიჯრით მეოთხე შეხვედრის მომგები ‘ბაგრატის’ მოწინავე სამეულში მოხვედრა, შესაძლოა, პრობლემატური გახადოს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გამარჯვების მცდელობაში მყოფმა ‘დინამომ’ ტაიმი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში ‘ბაგრატმა’ ჩვეული შერკინება ძალუმად აამოქმედა და მიძალებით 3 ლელოს გატანაც მოახერხა. თავი ბურჯებმა: ალეკო გიგაშვილმა, ოთარ ქემოკლიძემ და მარქაფადან ჩართულმა გივი უფლისაშვილმა გამოიჩინეს. ‘დინამომ’ ბოლომდე მედგრად იბრძოლა და მატჩის მიწურულს მარბიელის პოზიციაზე მყოფი მოთამაშე-მწვრთნელის, ლევან რამიშვილის ‘დუბლით’ სტუმრებს ბონუსით მოგება არ დაანება.

‘ბაგრატს’ სამეულში მოსახვედრად კონკურენციას ‘ივერია’ და ‘ჭადარი’ უწევენ. რიონისპირელები დარჩენილ შეხვედრებს ჯგუფის ლიდერებთან (’არმია’, ‘ხვამლი’) გამართავენ და უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, მესამეადგილოსანის ბედი, შესაძლოა, ბოლო ტურში თელავში, ‘ჭადარისა’ და ‘ივერიას’ დაპირისპირებამ გაარკვიოს.

‘ბ’ ჯგუფი

ჭიათურაში, ზემო იმერულ დერბიში წყალტუბოს ‘დინოზავრს’ ადგილობრივი ‘იმერეთის’ ძლევა არ გაჭირვებია, თუმცა ზაზა ჩირგაძის შეგირდებს მატჩის მიწურულს მცირე მოდუნება მნიშვნელოვანი პრემიის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ‘დინოზავრმა’ 40:30  მოიგო და მოწინავე სამეულში მოხვედრის გარკვეული შანსიც შეინარჩუნა. დასახული მიზნის მისაღწევად, წყალტუბოს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგის დადება მართებს /ბონუსების თანხლებით/ და  იმავდროულად ‘არწივებმა’ ქულის აღება ვერ უნდა შეძლონ.

‘დინოზავრი’ მასპინძლებს სტატიკაშიც და დინამიკაშიც აღემატებოდა, კომბინირებულად უკეთ მოქმედებდა და ‘ზახარიჩის’ ბიჭებს ტაიმებში 3-3 ლელოც გაუტანა. ზემო იმერლებმა ფავორიტს თავდადებული და აგრესიული თამაში დაუპირისპირეს, 4 ლელოს გატანაც მოახერხეს, მართალია სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ შეძლეს, თუმცა მხტომელ ვარლამ შუბითიძის მეორე ტაიმში შესრულებული ‘დუბლით’ მეტოქეს ‘ოქროს’ ფასის მქონე ბონუსი არ დაანებეს. გურულებმა მიჯრით მესამე მოგებით 27 ქულა დააგროვეს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს და სანუკვარ სამეულში მოსახვედრად დარჩენილ 2 შეხვედრაში /’ყაზბეგი’, ‘არწივები’/ ხელს 1 ქულის მოპოვებაც აძლევთ ან ოზურგეთში, უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში, ‘არწივებს’ ბონუსის აღების შესაძლებლობა არ უნდა მისცენ.

ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრაში ქომაგმა სარაგბო ‘თრილერის’ თანხლებით 2 მკვეთრად განსხვავებული ტაიმი იხილა. მეორე ნახევრის დებიუტში მესხების უპირატესობა ანგარიშში 20 ქულას შეადგენდა, მიუხედავად ამისა მატჩი ‘არწივებმა’  33:28  მოიგეს. პანდემიის გამო, ‘ტაომ’ სრულფასოვანი წვრთნების გამართვა ვერ მოახერხა და სასურველი ფიზიკური კონდიციების უქონლობა და შეუთამაშებლობა, გურულებთან განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა. გურულთა რიგებში ფრთა გოჩა ჯიქია ‘დუბლით’ გამოირჩა. ბოლო წუთებზე კი მარქაფადან ჩართული ‘არწივების’ მხტომელ შოთა ცეცხლაძის ლელომ დრამატულ ბრძოლაში სტუმრებს ზემნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა. მართალია ‘ტაოს’ მარცხს, მესხების მესამე პოზიციაზე დაქვეითება მოჰყვა, თუმცა მორიგ ტურში ‘იმერეთთან’ საშინაო შეხვედრაში ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში მალხაზ ჭეიშვილსა და სანდრო ესაკიას შეგირდები მოწინავე სამეულში ადგილს ვადამდე დაიბევებენ.