პირველი ლიგა | გურულები მოწინავე სამეულში დაბრუნდნენ

ქვეყანაში შექმნილი უაღრესად მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბოლო ორი კვირის მანძილზე პირველ ლიგაში სულ ორი შეხვედრის ჩატარება მოხერხდა.

ვირუსი მეტ-ნაკლებად ყველა გუნდს შეეხო. გარდა ამისა, სრკ-ს სამედიცინო სამსახურმა COVID-19-თან მიმართებაში პრევენციული ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. ერთი მორაგბის ინფიცირების შემთხვევაშიც კი, გუნდს თამაშის გამოტოვება უწევს. ქართული სარაგბო თემის პრიორიტეტი თითოეული მოთამაშის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და თან ყველაფერი კეთდება, რათა ჩემპიონატს ჩაშლის საფრთხე არ დაემუქროს.

ზემოთ ხსენებული პრობლემების გამო, 7-ე ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. „ბ“ ჯგუფის ლიდერი სტეფანწმინდას ‘ყაზბეგი’ ‘შევარდენზე’ ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ ‘დევებს’ დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა – 82:0.

მეტოქეთა შორის კლასში არსებულმა საგრძნობმა სხვაობამ, მოხევეთა დამრიგებელ გოჩა ჩქარეულს შემადგენლობის როტაციასთან ერთად, რამდენიმე კარგად დამუშავებული კომბინაციის რეალიზების შესაძლებლობაც მისცა.  ხელდახელ, გაშლილ თამაშში ‘ყაზბეგმა’ 12 ლელო გაიტანა. მარბიელმა თორნიკე ფანოზაშვილმა პირველივე ტაიმში „პოკერი“ გაახერხა. მარქაფადან თამაშში ჩართულმა შუამარბმა ლევან ქუშაშვილმა კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა. მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის დროებითი არყოფნის პერიოდში პივოტის ფუნქცია ‘ყაზბეგის’ მგეზავმა გიორგი ასათიანმა ითავა, ვის მიერ შესრულებული 8 გარდასახვიდან, ზუსტი 7 დარტყმა გამოდგა. ‘ყაზბეგმა’ სეზონის შვიდივე გამართულ შეხვედრაში იმარჯვა (6 ბონუსით) და 34 ქულით ჯგუფში პირველობა პრაქტიკულად გაინაღდა.

„ბ“ ჯგუფის მე-6-ე ტურის გადადებულ შეხვედრას ოზურგეთმა უმასპინძლა. ადგილობრივ ‘არწივებს’, ‘დევებთან’ დაპირისპირებაში დაგეგმილი პრემიით გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ – 98:0. გურულები სტუმრებს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, უპირატესობას ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ და მთლიანობაში 15 ლელოს გატანაც მოახერხეს. მატჩის გამორჩეული მოთამაშე ‘არწივების’ მგეზავი ლევან ხუროშვილი გამოდგა. შეხვედრის ერთადერთი ‘დუბლის’ ავტორმა თამაშის დებიუტში გატანილ ჯარიმას 10 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

კახა მაჩიტიძის შეგირდები 18 საცხრილო ქულით ჯგუფის მოწინავე სამეულს დაუბრუნდნენ და თან უშუალო კონკურენტ წყალტუბოს ‘დინოზავრზე’ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მეტოქეთა დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მეორე ჯგუფური ეტაპის მოწინავე ექვსეულის ბინადარი გუნდის ვინაობა დიდი ალბათობით პირველი ეტაპის ბოლო ტურში, ქუთაისში მეტოქეთა ურთიერთშეხვედრაში გაირკვევა.