პირველი ლიგა | გურულები და არმიელები დაწინაურდნენ

პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მდევარ ‘არმიასთან’ 3-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. ლიდერთა ორეული მეტოქეებს ცხრილში ქულათა სოლიდური ოდენობით მოწყდა. მართალია, ‘ტაო’ მესამე პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა მესხები „არმიელებს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩნენ და მე-7 ადგილზე ანაცვლებულ ‘ბაგრატს’ მხოლოდ 6 ქულით უსწრებენ. პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში აქტიურად ‘არმაზი’, ვეფხვები’ და ‘ბაგრატიც’ ჩაერთვნენ. კარგი დებიუტის მიუხედავად, ჭიათურას ‘მათე’ მიჯრით მეოთხე მარცხმა გასავარდნ ზონაში დააქვეითა. ცხრილის ბოლო საფეხურზე კი კვლავ ‘ბორჯომი’ იმყოფება.

პირველი ლიგის მეშვიდე ტურს, ‘არმაზი’-‘ტაოს’ ჩაშლილ შეხვედრაზე  სრკ-ს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება უძღვოდა. კავშირის ტრიბუნალმა მატჩის შედეგი გააბათილა და ორივე გუნდს ცხრილში ნულოვანი ქულა გაუფორმა. გარდა ამისა, მეტოქეთა რამდენიმე მორაგბეს სხვადასხვა ვადით დისკვალიფიკაცია განუსაზღვრა და თან ხსენებული შეხვედრის მასპინძელ გუნდს (’არმაზი’) მიმდინარე კალენდარული წლის ბოლომდე საშინაო შეხვედრათა გამართვა „დახურულ კარს მიღმა“, უმაყურებლოდ დაევალა.

‘არმია’-ტაოს’ ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, „არმიელებმა“ მესხებს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენაზე უმასპინძლეს და პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. შეხვედრის დებიუტში მესხები შუამარბ ვახტანგ ყიფიანის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც „არმიელებმა“ მხტომელ ლაშა აზალაძისა და შუამარბ გიორგი ხარშილაძის ლელოები დაუპირისპირეს და ლევან ობოლაძის შეგირდები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში უკეთესი ფიზიკური კონდიციების მქონე ‘არმიამ’ სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და პირველი ნახევრის მონაგარს კიდევ 3 ლელო წაუმატა. მესხთა რიგებში თავი იჩინა დისკვალიფიცირებულ მორაგბეთა არყოფნამ და სრულფასოვანი მარქაფას სიმწირემ. მატჩის ბოლო წუთებზე მარქაფადან ჩართული მხტომელის ნიკა წივწივაძის ლელომ „არმიელებს“ შეხვედრა ბონუსით მოაგებინა – 34:20.

გურიაში, გვიან შემოდგომაზე ტრადიციულად მოძალებული ნალექის გამო, პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ ფოთს მიაშურა, ნომინალური მასპინძლის სტატუსით „პარკი არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ‘იუნკერებს’ დაუპირისპირდა და კიკეთელები რაგბის ყველა სათამაშო კომპონენტში პირწმინდად დაჯაბნა. გია ამირხანაშვილის შეგირდებმა პრაქტიკულად „ცალკარა“ თამაშში მეტოქეს 11 ლელო დაუდეს. „პოკერით“ გურულთა ფიჯელი მღლეტელი ტუნი კოროიმატაიტინი გამოირჩა, სამხრეთ აფრიკელმა მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა კი წყვილ გატანილ ლელოს, 7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. კიკეთელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მეორე ტაიმში ფულბეკ ნიკა გაბედაურის ეული ლელოთი გადაურჩნენ – 71:7.

საკადრო პრობლემებთან ერთად, მატჩზე დამსწრე ქომაგის გარეშე დარჩენილმა  მარნეულის ‘არმაზმა’ ვაზისუბანში უშანსოდ ‘გორი’ დატოვა. ქართლურ დერბიში ქვემო ქართლელები პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მასპინძელთა 11 გატანილ ლელოში აისახა. „დუბლით“ ‘არმაზის’ მარბიელი დაჩი ჭუმბურიძე და მხტომელი ნიკოლოზ კარალაევი გამოირჩნენ. შიდა ქართლელები კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან გორელთა მარბიელ ამირან სახელაშვილის მეორე ტაიმში გატანილმა ერთადერთმა ლელომ იხსნა – 73:7.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ საშინაო შეხვედრა ჭიათურის ‘მათესთან’ რიხიანად დაიწყო, ზემო იმერლები პირველ ტაიმში კინკილა ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი სტატიკასა და დინამიკაში მოპოვებული უპირატესობა 4 გატანილ ლელოში ასახა და შესვენებაზე 25-ქულიანი უპირატესობით წავიდა. პირველ ნახევარში, გარე კახელთა რიგებში „დუბლით“ კვაჭი გიორგი გოგუაძე გამოირჩა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა მცირე მოდუნებით ‘მათემ’ კარგად ისარგებლა და 3 გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა გაანახევრა.  მატჩის დასკვნითმა ნაწილმა კვლავ ‘ვეფხვების’ უპირატესობით ჩაიარა. გარე კახელთა ერთ-ერთი ბოლო მიძალება ბურჯ ალექსი მუჩიაშვილის ლელოთი დაგვირგვინდა, რამაც ზვიად ცუხიშვილის შეგირდებს ბონუსით პირველობაზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოაგებინა – 40:20.

ქუთაისის ‘ბაგრატს’ საშინაო შეხვედრაში პირველობის აუტსაიდერ ‘ბორჯომის’ ძლევა არ გაჭირვებია. რიონისპირელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თორელებს 7 ლელო დაუდეს და რომ არა შეტევათა დამაგვირგვინებელ ფაზაში ნაჩქარევი ქმედებით გამოწვეული თერნოვერები, გაგა გურეშიძის ბიჭების სამატჩო მონაგარი გაცილებით სოლიდური იქნებოდა – 47:10. მასპინძელთა წარმატებას სათავე  მარბიელმა მიტრო სალდაძემ დაუდო, ვინაც „დუბლიც“ შეასრულა. თორელთა მხრიდან პრესტიჟის ლელო მეორე ნახევარში ფრთა თორნიკე ნარიკაშვილმა გაიტანა. ‘ვეფხვების’ მსგავსად, ‘ბაგრატმაც’ პირველობაზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და  სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გამოასწორა.