პირველი ლიგა | გურულების შეჩერება ‘არმიამაც’ ვერ შეძლო

პირველი ლიგის მე-14 ტურის შემდეგ ‘არწივებმა’ რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი თითქმის გაინაღდეს. დაუმარცხებელმა გურულებმა მეორე ადგილზე მყოფ ‘არმიასთან’ უპირატესობა 13-ქულამდე გაზარდეს. ლიდერმა პირველობის 14-ივე შეხვედრა მოიგო და ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 3 მატჩში ვერ მოახერხა. ‘არმაზმა’ უშუალო კონკურენტის ძლევით მესამე ადგილზე აინაცვლა. გამარჯვებათა იშტაზე მოსულმა ‘ვეფხვებმა’ მეხუთე ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა და თან მოწინავე კვარტეტში მყოფ მესხებთან ჩამორჩენა 1-ქულამდე შეამცირა.

‘იუნკერები’, სეზონში მეხუთე გამარჯვების შემდეგ პლეი ოფის ზონას დაუბრუნდა და მე-7 პოზიციაზე ჩანაცვლებულ ‘გორს’ 1 ქულით გაუსწრო. შიდა ქართლელებს ასევე 1 ქულით ‘მათე’ ჩამორჩება. ზემო იმერლებმა პლეი აუტის ადგილსაც დააღწიეს თავი და თან პლეი ოფში მოხვედრის არცთუ ურიგო შანსსაც ინარჩუნებენ. ცხრილის ბოლოსწინა, პლეი აუტის ადგილზე დაქვეითებული ‘ბაგრატი’ ზემო იმერლებს 4 ქულით ჩამორჩა. აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ კი მხსნელ ზონასთან უკვე 14 ქულა აშორებს.

ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ‘არმია’-‘არწივების’ დაპირისპირება იწვევდა. სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით „არმიელები“ (მატჩამდე მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩებოდნენ) პლეი ოფისთვის მზადებას ამთავითვე შეუდგნენ და ლიდერთან ბრძოლის დიდი ნაწილი ახალბედა ლეგიონერთა ადაპტაცია-შეთამაშებასა და კომბინაციათა დახვეწას დაუთმეს, რამაც მატჩის მსვლელობასა და მის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ლევან ობოლაძემ გუნდი 3-3 სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბით გააძლიერა. აფრიკელ ლეგიონერებს საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი სწორედ ლიდერთან განვლილ შეხვედრაში ქონდათ.

„ავჭალა არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ‘არწივები’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა. გია ამირხანაშვილის ბიჭები მასპინძლებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, მეტოქე აფრიკელი მგეზავის მერლინ პიტერსის ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი მხტომელ ბექა ბერსენაძის, კვაჭ გიორგი ბეჟანიძისა და ფრთა ჯაბულანი მკულვანის ლელოთა წყალობით შესვენებაზე 21-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში გურულებმა კიდევ 2 ლელო გაიტანეს და შეხვედრა ბონუსით – 39:17 მოიგეს. „არმიელთა“ აფრიკელმა შუამარბმა ტაის ქურიმ „დუბლი“ შეასრულა. არწივების’ რიგებში კი გამორჩეული ფიჯელი მგეზავი მარვინ ფრედერიკსი გახლდათ, ვინაც უნარიან თამაშთან ერთად, ლელო გაიტანა, რასაც 4 გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

„ავჭალა არენამ“ ‘იუნკერები’-‘ბაგრატის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. მატჩის დიდი ნაწილი კიკეთელები დომინირებდნენ და დასკვნითი 10-წუთეულის წინ 5 დადებული ლელოთი 28-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. „ჰეთ-თრიკით“-‘იუნკერთა’ ფრთა გიორგი ვასაძე გამოირჩა. გიორგი ნოზაძის შეგირდებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს, მცირედით მოდუნება მატჩის კალაპოტიდან ამოვარდნის ფასად დაუჯდათ, რამაც შეხვედრის დასკვნით ნაწილში რიონისპირელებს მიჯრით 3 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. მარქაფადან ჩართულმა ფრთა გაგა ოგანეზოვმა „დუბლი“ შეასრულა, ვისმა მეორე ლელომ კიკეთელები პრემიის გარეშე დატოვა, ხოლო ‘ბაგრატმა’ კი საკუთრივ ნუგეშ-ქულის მოპოვება მოახერხა – 34:27.

გორში, ჭალის დასახლებაში ადგილობრივმა კლუბმა პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. შიდა ქართლელებმა მატჩის მიწურულსღა მოახერხეს 2 გატანილი ლელოთი ანგარიშის მცირედით შემცირება. გარე კახელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც სტუმართა მხრიდან 7 გატანილ ლელოსა და ბონუსით გამარჯვებაში აისახა. პირველივე ნახევარში ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ „დუბლი“ შეასრულა, გორელთა მარცხს კი წერტილი შუამარბ დევი დევსურაშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია გარე კახელთა მგეზავ ლაშა ბრეგვაძის უნარიანი და შედეგიანი თამაში. ბრეგვაძემ გატანილ ლელოს, 6 გარდასახვაც დაურთო – 47:19.

‘მათე’-‘ბორჯომის’ შეხვედრას მაღაროელთა ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. მატჩის დებიუტში თორელები აქტიურობდნენ და კვაჭ აკაკი მიქანაძის ლელოთი ერთი ხანობა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა ზემო იმერლებმა სტატიკაში იძალეს და უპირატესობაც ხელთ მეთოდურად იპყრეს. ‘მათემ’ მთლიანობაში 5 ძალისმიერი ლელოს გატანა მოახერხა. მასპინძელთა ჰავბეკმა ზურაბ ლაბაძემ „დუბლი“ შეასრულა და სწორედ ლაბაძის მეორე ლელოს წყალობით ზემო იმერლებმა მატჩი საშური პრემიის თანხლებით მოიგეს და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანშიც აიღეს – 32:14.

ტურის დასკვნითი შეხვედრაც „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. ასპინძაში უამინდობის გამო, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ მარნეულის ‘არმაზსთან’ საშინაო შეხვედრის ჩატარება დედაქალაქში მოუხდა. პირველ წრეში, ვაზისუბანში ატეხილი გუნდური კინკლაობის გამო სრკ-ს ტრიბუნალმა მატჩი გააუქმა და მოშუღარ მეტოქეებს რეგულარული სეზონის ბოლომდე სატურნირო ცხრილში 1-ით ნაკლები თამაში ეწერებათ. ამჯერზე შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მეტოქეებმაც აქცენტი მატჩის სპორტულ მხარეზე გააკეთეს, სადაც ქომაგმა 2 დიამეტრალურად განსხვავებული ტაიმი და ქვემო ქართლელთა წარმოუდგენელი „ქამ-ბექი“ იხილა.

პირველ ტაიმში ‘ტაომ’ ზურგქარის ფაქტორი კარგად გამოიყენა და თან სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ‘არმაზს’ 4 ძალისმიერი უპასუხო ლელო დაუდო. ტექნიკურ ლელოსთან ერთად, მესხთა მხრიდან ლელოს გატანა ფრთა ლუკა ღოღელიშვილმა, მარბიელებმა – მათე გელაშვილმა და რატუ ნაკიკამ მოახერხეს და შესვენებაზე ‘ტაო’ 26-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში ‘არმაზმა’ ტემპს უმატა და სისწრაფეზე, კომბინაციურ სტილში 5 უპასუხო ლელოს გატანა და მატჩის შემოტრიალება მოახერხა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვემო ქართლელთა მგეზავ ბახვა კობახიძისა და ჰავბეკ ბიძინა სამხარაძის საუცხოო თამაში. ბორჯღალოსანმა სამხარაძემ დაბადების მე-40 წლისთავი „დუბლით“ აღნიშნა და „გაწითლებულ“ დროში გატანილი თავის მეორე ლელოთი ‘არმაზს’ მნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა – 29:26.