პირველი ლიგა | ‘გორი’ პლეი ოფში მოხვდა, ‘იუნკერები’ კი დარჩენაზე იბრძოლებს

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითმა ტურმა პლეი ოფისა და პლეი აუტის მონაწილენი გამოავლინა. ‘ვეფხვებთან’ აღებულმა ნუგეშ-ქულამ ‘არმაზს’ ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა. პლეი ოფის ბოლო, ვაკანტურის საგზურის მფლობელი, მარცხის მიუხედავად ‘გორი’ გახდა. აღსანიშნავია, რომ მე-6 ადგილისთვის ბრძოლაში შიდა ქართლელთა ორივე უშუალო კონკურენტს, ‘ბაგრატსა’ და ‘იუნკერებს’ ხელი მოეცარათ.

ჯგუფურ ეტაპზე შთამბეჭდავი შედეგით ოზურგეთის ‘არწივებმა’ იპირველა. გურულებმა პირველობის 18-ივე შეხვედრაში იმარჯვეს და მხოლოდ 3 მატჩში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება. გია ამირხანაშვილის შეგირდები მეორე ადგილზე გასულ ‘არმიასთან’ შესარჩევ ფინალს საკუთარ არენაზე, ოზურგეთში ითამაშებენ.

მესამედ ფინალებში, მარნეულის ‘არმაზი’ ვაზისუბანში ‘გორს’ დაუხვდება, პატარძეულის ‘ვეფხვები’ კი სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ შეხვედრას გარე კახეთში გამართავს. აღნიშნულ წყვილებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს გასავარდნ ფინალში დაუპირისპირდებიან.

იმერულმა გუნდებმა, ‘ბაგრატმა’ და ‘მათემ’ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. თეთრი წყაროს ‘იუნკერებს’ კი დარჩენაზე რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან 2-მატჩა რკენა მოუწევთ. ზემო იმერლებმა გარისელებს ცხრილში უკეთესი პირისპირ ბალანსით გაუსწრეს. პირველ ლიგას ‘ბორჯომი’ გამოეთხოვა, რომლის ადგილს მომავალ სეზონში რეგიონული ლიგის ჩემპიონი დაიკავებს.

რუსთავში, „ხარები არენაზე“ მასპინძლის როლში მყოფ პატარძეულის ‘ვეფხვებისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო ბრძოლით აღინიშნა. გარე კახელები პრაგმატულად მოქმედებდნენ და სამატჩო ქულათა დიდი ნაწილი მგეზავ ლაშა ბრეგვაძის ჩუბინობის ხარჯზე აიღეს (გარდასახვა+5 ჯარიმა). ‘ვეფხვები’ მესამე ადგილზე ასანაცვლებელ სასურველ ანგარიშს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა „გაწითლებულ“ დროში ‘არმაზის’ გამოცდილი მგეზავის ბახვა კობახიძის გატანილმა ჯარიმამ და აღებულმა ნუგეშმა მეტოქენი ცხრილში უცვლელ პოზიციებზე დატოვა. მატჩი პატარძეულმა 22:15 მოიგო.

ჭიათურას ცენტრალურ სტადიონზე ‘მათე’-‘ბაგრატის’ იმერულ დერბიშიც უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და მგეზავ ნიკა კობიაშვილისა და მღლეტელ ლევან ყაველაშვილის დადებული ლელოთა წყალობით 14-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ (კობიაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა). ტაიმის შუაწელს რიონისპირელებმა მღლეტელ გიგა ახალაძის გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა გაანახევრეს, თუმცა ბოლო წუთებზე კობიაშვილის გატანილმა ჯარიმამ ‘ბაგრატი’ საცხრილო ქულის გარეშე დატოვა – 17:7. აღსანიშნავია, რომ რიონისპირელებს პლეი ოფში მოსახვედრად ნუგეშ-ქულა არ ყოფნიდათ და ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ.

ასპინძაში, ‘ტაო’-იუნკერების’ შეხვედრის მსვლელობისას გარისელები მრავალმხრივ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოგებით ‘იუნკერები’ პლეი ოფში ხვდებოდა, მარცხით-პლეი აუტში, ნუგეშით წაგების შემთხვევაში კი ლიგაში ადგილს პირდაპირ ინარჩუნებდა. ბოლო ხანს კრიზისში მყოფმა მესხებმა სამართლიანი თამაშის პრინციპი სრულად დაიცვეს, ქომაგი არ გააწბილეს და მატჩის პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობა ფინალურ სასტვენამდე შეინარჩუნეს.

‘ტაომ’ მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხა. მესხთა წარმატებას სათავე მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად ჰავბეკ გიორგი ნოზაძის ეფექტურმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული ბურჯის გიორგი ჯღარკავას ძალისმიერმა ლელომ დაუსვა – 33:19.

გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენამ დასკვნითი ტურის 2 შეხვედრას უმასპინძლა. ტურის ერთადერთ უმოტივაციო შეხვედრაში ლიდერმა ‘არწივებმა’ აუტსაიდერ ‘ბორჯომს’ 3 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა, საკუთრივ კი თორელებს 12 ლელო დაუდო. გურულების ერთბაშად ორმა ფიჯელმა ლეგიონერმა: ფრთა ჯაბულანი მკულვანმა და მარბიელმა ილისონ გალალამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს – 78:17.

გაცილებით საინტერესო გამოდგა შიდა ქართლის დედაქალაქში ‘გორი’-‘არმიას’ დაპირისპირება. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და პოზიტიურ შედეგსაც გამორჩნენ. ფულბეკ დავით მთვარაძის ლელო მასპინძელთა პივოტმა გიორგი ჭავჭავაძემ გარდასახა, რის შემდგომ გატანილი ჯარიმით შესვენების წინ საკუთარი გუნდის 3-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ტაიმში ‘არმია’ გააქტიურდა, სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რაც ლევან ობოლაძის შეგირდთა დაგროვილ 50 უპასუხო სამატჩო ქულაში ნათლად აისახა. ფავორიტმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა. „არმიელთა“ შუამარბმა გიორგი გელაშვილმა, კვაჭმა გიორგი თედორაძემ და მის ნაცვლად მარქაფადან თამაშში ჩართულმა იმავე ამპლუის მორაგბე შაკო კეთილაძემ „დუბლი“ გაიფორმეს – 57:10.