პირველი ლიგა | ბორჯღალოსანთა ძალისხმევით

ქვეყანაში მკვეთრად გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, პირველი ლიგის მეხუთე ტურში ექვსივე შეხვედრის გამართვა მოხერხდა. პირველი ჯგუფური ეტაპის შუალედურ ფინიშზე ლიდერების გარდა ყურადღებას მოწინავე სამეულში ადგილის მოსაპოვებლად მებრძოლი გუნდების ურთიერთდაპირისპირებაც იპყრობდა.

 

„ა“ ჯგუფი     

პირველობაზე მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ‘არმიამ’ დედაქალაქურ დერბიში „შევარდენზე“, ‘დინამოს’ დამაჯერებლად 55:7 მოუგო და ჯგუფში ლიდერობას კვლავ მაქსიმალური შედეგით, 25 ქულით აგრძელებს და მდევარ ‘ხვამლს’ კვლავ 6 ქულით უსწრებს. მოუგებლად მყოფი ‘დინამო’ კი 2 ნუგეშ-ქულის ხარჯზე ცხრილში ოდენ ‘ბაგრატს’ უსწრებს, თუმცა რიონისპირელებთან გამოტოვებულ შეხვედრის ბონუსით მოგების შემთხვევაში ლევან რამიშვილის შეგირდები მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსს შეინაჩუნებენ.

ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა ფავორიტს გარკვეული წინააღმდეგობა მატჩის საწყისი ნახევარი საათის მანძილზე გაუწია. არმიელთა მარბიელ გიორგი ქუთათელაძისა და მხტომელ დავით თარხნიშვილის ლელოებს, დინამოელთა შუამარბმა ბექა დარბაიძემ საპასუხო ლელო შეაგება, თუმცა შემდგომში ლევან რამიშვილის ბიჭებმა ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლეს. ‘არმია’ სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას ხელდახელ თამაშსაც კარგად უხამებდა და ლაშა აზალაძის  შეგირდთა გატანილი 9 ლელოდან, 7- ხაზის გაჭრით დაიდო. მარქაფადან ჩართულმა ‘არმიას’ იმედისმომცემმა, 21 წლის მგეზავმა ვიტო კირინმა თავი ‘დუბლით’ გამოიჩინა.

ქუთაისში, ‘ბაგრატისა’ და ხვამლის’ შეხვედრაში ინტრიგა მხოლოდ პირველ ტაიმში ფიგურირებდა. მართალია ფავორიტი მუხიანელები უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე ფლობდნენ, თუმცა რიონისპირელთა მედგარი წინააღმდეგობა ცოტნე კვესალავას სადებიუტო შეხვედრაში დადებული ლელოთი და გატანილი ჯარიმით დაფასდა. ‘ხვამლის’ მხრიდან კი ფრთების ლაშა კაკაურიძისა და გიორგი ჯობავას ლელოთა წყალობით დავით ცხვედიანის შეგირდები შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ‘ხვამლმა’ ტემპს უმატა და თან ‘’ბაგრატს’ დაღლა დაეტყო. მუხიანელები ხაზს იოლად ჭრიდნენ და მასპინძლებს კიდევ 4 ლელო დაუდეს. კაკაურიძემ შეხვედრა ‘დუბლით’ დაასრულა, მუხინალთა მგეზავმა ნიკა ცინცაძემ კი უნარიან თამაშთან ერთად, თანაგუნდელთა ექვსივე ლელო გარდასახა. სეზონში მეოთხე გამარჯვებით, ‘ხვამლმა’ არმიას’ კვალ, მეორე ეტაპზე მოწინავე ექვსეულში თამაში პრაქტიკულად პირველივე წრის შემდეგ დაიბევა.

ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ‘შევარდენზე’ ‘ივერია’ და თელავის ‘ჭადარი’ დაუპირისპირდნენ. ცხრილში მეზობლად მყოფ მეტოქეთა თავკაცობა მიზნად მოწინავე ექვსეულში მოხვედრას ისახავს და ამად მოედანზე ბრძოლაც უშეღავათო გაჩაღდა.

მატჩის დებიუტში ხაზი კახელთა ჰუკერმა ნიკა მეტრეველმა გაჭრა და ‘ჭადარი’ 7-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. ‘ივერიელთა’ გააქტიურებას გუნდის ფრთის ლაშა სირაძის გატანილი წყვილი ჯარიმა მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა მარბიელმა გიორგი ფანჩვიძემ ხელდახელ თამაშში ლელოს გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა.

მართალია, მეორე ნახევარში ‘ჭადარი’ საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა უამრავმა უნებლიე შეცდომამ გამოუცდელ კახელებს შეხვედრის შემოტრიალების შესაძლებლობა არ მისცა და თელაველთა ტოპ-დამრიგებელი გია ჭუმბურიძეც შეგირდთა შეგონებით ამაოდ დაშვრა. მიუხედავად ამისა, მრავლისმნახველი ჭუმბურიძე იმედოვნებს, რომ ‘ჭადარის’ მოთამაშეთა არსებული რესურსით, კახელებმა სანუკვარ სამეულში მოხვედრა უნდა შეძლონ. ‘ივერიამ’ კი მეორე ნახევარში ლამის ერთადერთი შანსი გამოიყენა. ჰავბეკმა ლუკა მიშვიძემ ცენტრთან ჩაჭრილი ოვალი იოლ ლელოდ თავადვე აქცია. ივერიამ  18:7 მოიგო, ცხრილში მესამე პოზიცია დაიბრუნა და კონკურენტ კახელებს 1 ქულით გაუსწრო.

 

„ბ“ ჯგუფი

ჯგუფის და ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ‘ტაო’ ასპინძაში ‘ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ დაუხვდა და დიდი მონდომების მიუხედავად ვერაფერი გააწყო. მოხევეებმა 8  უპასუხო ლელო გაიტანეს, ბონუსით  46:3  იმარჯვეს და ლიდერ მესხებთან სატურნირო ცხრილში ჩამორჩენაც  2 ქულამდე შეამცირეს. ‘ყაზბეგს’ 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და მაქსიმალური შედეგის მქონე გოჩა ჩქარეულის შეგირდები ჯგუფის ფავორიტად და პოტენციურ ლიდერად რჩებიან.

‘ყაზბეგი’, მატჩის პირველივე წუთებიდანვე დომინირებდა და უპირატესობას გაშლილ, ხელდახელ თამაშს ანიჭებდა. მოხევეებმა მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს, რაშიც ლომის წილი უბერებელ ბორჯღალოსნებს მერაბ კვირიკაშვილსა და ირაკლი ყიასაშვილს მიუძღვით. ჩვეულ,მგეზავისა და ფულბეკის პოზიციებზე მყოფნი მეკო და ირაკლი სპორტულ შედეგთან ერთად, ახალგაზრდა თანაგუნდელების დაოსტატების საქმეშიც დიდ როლს თამაშობენ. პირველ ტაიმში ‘დუბლი’ მოხევეთა ფრთა ონისე ბაზალმა შეასრულა, მეორე ნახევარში კი ასევე წყვილი ლელოთი მხტომელი იაგო გელაძე გამოირჩა. ‘ტაომ’ მშრალი’ ანგარიშისგან თავის დაღწევა, პირველ ტაიმში მგეზავ ნიკა ჯანელიძის გატანილი კინკილა ჯარიმით მოახერხა.

ოზურგეთში, მიძალებულ უხვ ნალექს ადგილობრივი სარაგბო არენა კარგად მომზადებული შეხვდა. ხშირი და კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ადგილობრივი ‘არწივებისა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ თამაშის სანახაობრივი მხარე არ დაკნინებულა. უხვქულიან და თვალსასეირო შეხვედრაში მასპინძლებმა 36:17  იმარჯვეს, რამაც გურულებს სანუკვარ სამეულში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

იმერლები უპირატესობას სტატიკას ანიჭებდნენ და ზაზა ჩირგაძის შეგირდებმა შერკინებაში უპირატესობაც მოიპოვეს. ‘დინოზავრმა 3 ლელოს გატანა მოახერხა, სამივე  შერკინებით, თუმცა წყალტუბოელთათვის ბურჯ იონა ფირცხალავას შესრულებული ‘ჰეთ-თრიკი’ საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა. ‘არწივები’ კი დინამიკაში უკეთ გამოიყურებოდნენ, აქცენტს სწრაფ, ხელდახელ თამაშსზე აკეთებდნენ და კარგად მომზადებული კომბინაციებით მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. ლეგენდარული ‘ჩიჩმიას’ ბიჭებმა  ტაიმებში 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს /მარბიელი ნუკრი ფერსელიძე, ფულბეკი ლევან ხუროშვილი, მგეზავი შოთა ცეცხლაძე და მარქფადან ჩართული ფრთა მირზა შაინიძე/. ხუროშვილმა გატანილ ლელოს, 2 გარდასახვასთან ერთად  4 ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა.

სეზონში პირველი გამარჯვება ლიგის დებიუტანტმა ჭიათურის ‘იმერეთმა’ მოიპოვა. საბჭოური რაგბის კაშკაშა ვარსკვლავი ზურა ხარშილაძე შეგირდებმა ამჯერად არ გააწბილეს, ‘ზახარიჩის’ თითქმის ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს და ავჭალაში, ‘დევებს’ 41:10  მოუგეს. პრემიით მოგებული მატჩის მიუხედავად, ზემო იმერლები ცხრილში ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩებიან.

მართალია,‘იმერეთი’ აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და შერკინებაშიც სოლიდური უპირატესობა ქონდა, თუმცა მთლიანობაში დადებული 7 ლელოდან უმეტესობა ხაზის მოთამაშეების ანგარიშსზეა. მეორე ნახევრის შუაწელს ‘დევებმა’ გაიბრძოლეს, მიჯრით გატანილი 2 ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირეს 10:31, თუმცა ბონუსის დაკარგვის საშიშროებამ  ზემო იმერლები დროულად გამოაფხიზლა. თავი ჯერ ‘იმერეთის’ ფულბეკმა თემურ ვაშაძემ გამოიჩინა, მასპინძელთა მარცხს კი წერტილი შეხვედრის ერთადერთი ‘დუბლის’ ავტორმა, გარემარბმა დავით ჯაფარიძემ დაუსვა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი