პირველი ლიგა | ‘არმიელთა’ პირველი მარცხი და ‘ბაგრატის’ აღზევება

პირველი ლიგის ორივე ჯგუფში 2-2 გადადებული შეხვედრა გაიმართა. ‘ყაზბეგმა’ მორიგი გამარჯვებით პულში პირველობა დაიბევა, თუმცა დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთ მთავარ მაძიებელს, მეორე ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალური ქულებით გადასასვლელად, დარჩენილ შეხვედრებში მოტივაცია შერჩა.

‘ა’ ჯგუფი 

პირველი ჯგუფური ეტაპის საკულტო შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ხვამლმა’,  ‘არმიას’ დრამატულ ბრძოლაში 21:15 აჯობა, პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და ლიდერს სეზონში პირველ მარცხთან ერთად, პირველი ქულებიც დააკარგინა. დათო ცხვედიანის ბიჭებმა აღნიშნული გამარჯვებით ნათლად ცხადყვეს, რომ ლიგის დებიუტანტის როლში ყოფნის მიუხედავად, მუხიანელებს ელიტას საგზურის მოსაპოვებლად პოტენციაც და ცოცხალი რესურსიც უხვად გააჩნიათ.

‘ხვამლი’  შესაშურ ბრძოლისუნარიანობასთან ერთად, მაღალი სათამაშო დისციპლინითა და სწორად შერჩეული ტაქტიკით გამოირჩა. მუხიანელებმა ‘არმიელებს’ მთავარი კოზირი – სტატიკაში ჩვეული სიმძლავრე გარკვეულწილად გაუნეიტრალეს და თამაშიც ქულა-ქულაში წარიმართა.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო ‘ხვამლის’ ფულბეკმა დათო ნინიაშვილმა, ვინაც წყვილ ლელოს 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდის წარმატებაშიც ლომის წილი დაიდო. ფიზიკურად კარგად მომზადებული მუხიანელთა 18 წლის ჭაბუკი მაღალ სისწრაფეზე მოქმედებს, პირად ორთაბრძოლებსაც ხშირად იგებს და თან სხარტი აზროვნებითა და არაორდინალური გადაწყვეტილებებითაც გამოირჩევა. მართალია ‘არმიამ’ მეორე ნახევარში ფრთა გიორგი ბრაჭულის ლელოთი ანგარიშში ერთი ხანობა დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა სწორედ ნინიაშვილის ინდივიდუალური გარღვევის შედეგად დადებულმა ლელომ, მატჩის ბედის სასწორი მასპინძელთა მხარეს გადაწონა. ლიდერის მარცხს წერტილი ‘ხვამლის’ მგეზავის, ბესო თაყნიაშვილის გარდასახვამ დაუსვა. პირველი დაკარგული ქულების მიუხედავად, ‘არმია’ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს და მდევარ ‘ხვამლს’ 8  ქულით უსწრებს.

ქუთაისის ‘ბაგრატმა’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და მიმდინარე სეზონში ჯგუფის მოწინავე სამეულში პირველად აღზევდა. რიონისპირელებმა საკუთარ არენაზე უშუალო კონკურენტი ‘ივერია ვარკეთილი’ ბონუსით, 27:14  დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის შალვა კიკვაძის არყოფნაში, წარსულში ცნობილი მორაგბე თორნიკე აშვეთია ‘ბაგრატს’ ერთობ ნაყოფიერად უძღვება.

მატჩის პირველ ნახევარში ‘ბაგრატი’ სრულ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით ხაზსა და დერეფანში და ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა (ფულბეკი საბა ხელაძე, ფრთა ზურა ჩხობაძე, კვაჭი ლაშა ჭელიძე, შუამარბი ცოტნე კვესელავა)  და შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში ‘ივერიას’ ორი გარდასახული ლელოთი შეხვედრის შემოტრიალების შანსი გაუჩნდა, თუმცა ‘ბაგრატის’ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ცოტნე კვესელავას შესრულებულმა ‘დუბლმა’ მასპინძლებს ანგარიშში უპირატესობაც შეუნარჩუნა და თან  3 ლელოს სხვაობის წყალობით, საშური პრემიალური ქულაც არგუნა.

‘ბ’ ჯგუფი

ჯგუფის ლიდერმა ‘ყაზბეგმა’ კალენდარული წელი იოლი გამარჯვებით დაიწყო. ‘შევარდენზე’, მოხევეებმა პირველობაზე მონაწილეთა შორის ერთადერთ სამოყვარულო და უქულოდ მყოფ ‘დევებს’ 14 ლელო დაუდო და 88:0 იმარჯვა. სტეფანწმინდელებმა, მიჯრით მერვე მოგებით 39 საცხრილო ქულა დააგროვეს და მდევართათვის მიუწვდომელიც შეიქნენ.

‘ყაზბეგი’ მატჩის პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მეტოქეს ლაღ, ხელდახელ თამაშთან ერთად, გუნდის დამრიგებელმა გოჩა ჩქარეულმა რამდენიმე ახალი კომბინაციის დახვეწაც სცადა, რამაც შეხვედრის სანახაობრივ მხარეს გარკვეული ელფერი მისცა. ‘დუბლით’ მარბიელი ლუკა ჩქარეული, მგეზავი გიორგი ასათიანი და ჰავბეკი მათე ჩქარეული გამოირჩნენ. მათეს შემცვლელმა ლუკა ალიბეგაშვილმა ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა.

გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ჭიათურას ‘იმერეთის’ დაპირისპირება. გურულები, ჯგუფის მოწინავე სამეულში ადგილის გამყარებას ლამობდნენ და ზემო იმერლებსაც მაქსიმალურად მობილიზებულნი დაუხვდნენ. ‘არწივებმა’ 7 უპასუხო ლელოს წყალობით 42:0  იმარჯვეს. მართალია, ‘იმერეთი’ ბოლომდე იბრძოდა და მასპინძლებს დიდი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევდა, თუმცა კახა მაჩიტიძის შეგირდები მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩნენ და  დაცვაში საიმედი თამაშთან ერთად, მეტოქის ლამის ყველა შეცდომიდან სარგებელი ჰპოვეს. გურულთა წარმატებას საფუძველი ლევან ხუროშვილმა ჩაუყარა. ‘არწივთა’ მგეზავმა პირველ ნახევარში გატანილ წყვილ ლელოს, გარდასხვა და ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაურთო, რამაც შესვენების წინ მასპინძლებს 20-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

‘არწივებმა’ აღებული ბონუსის წყალობით 23  ქულა დააგროვეს, ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს და ‘ტაოს’ 1 ქულით გადაასწრეს. მიუხედავად ამისა, გურულებს სანუკვარ სამეულში მოსახვედრად დიდი ძალისხმევა მართებთ, რამეთუ დარჩენილ შეხვედრებში მაჩიტიძის ბიჭებს ლიდერ ‘ყაზბეგთან’ დაპირისპირების გარდა, უშუალო კონკურენტებთან (’ტაო’, ‘დინოზავრი’) ბრძოლა სტუმრად  მოუწევთ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე