პირველი ლიგა | ‘არმია’ უძლეველი რჩება

პირველი ლიგის მერვე ტური არასრული გამოდგა. ასპინძაში გასამართი ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ტაოსა’ და ‘არწივებს’ შორის არ შედგა. სრკ-ს შესაბამისმა სამსახურმა, მოყინულ მინდორზე  მოთამაშეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით თამაშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია. სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი მესხებისა და გურულების ხელახალი დაპირისპირების თარიღს საზოგადოებას მოგვიანებით ამცნობს.

პირველი ლიგის ლიდერმა ‘არმიამ’ მერვე ტურში დაგეგმილი ბონუსით იოლად იმარჯვა და მონაწილეთა შორის ერთადერთმა წაუგებლად მყოფმა ცხრილის სათავეში პოზიცია განიმტკიცა და მდევარ ‘არწივებს’ ჯერჯერობით 6, ‘ტაოს’ კი 10 ქულით გაუსწრო. ‘ხვამლმა’ მიჯრით მეხუთე მოგებით მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა და მდევრებს, ცხრილში გატოლებულ დიდი 10-ის ყოფილ წარმომადგენლებს – ‘ვეფხვებსა’ და ‘არმაზს’ 3-3 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ მორიგ ტურში ‘არმაზი’ ვაზისუბანში გარე კახელებს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატის ლიდერი და დიდი 10-ის საგზურის მთავარი მაძიებელი ‘არმია’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ ესტუმრა და 7 დადებული ლელოთი დამაჯერებელი გამარჯვებაც ჰპოვა – 49:5. ფიზიკურად უკეთ მომზადებული „არმიელები“ უპირატესად სტატიკის ხარჯზე აღწევდნენ სასურველ შედეგს. სტუმართა წარმატებას სათავე ფრთა გიორგი გელაშვილის ლელომ დაუდო. აღსანიშნავია, რომ ‘ბაგრატის’ მხრიდან შერკინებაში დაფიქსირებული წესების დარევების გამო მსაჯმა ‘არმიას’ სასარგებლოდ 2 საჯარიმო ლელო დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთზე ფრთა გიზო ბენიძის გატანილმა ლელომ ‘ბაგრატი’ მხოლოდ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ‘ბაგრატმა’ მიჯრით მეოთხე შეხვედრა დათმო და ცხრილში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდა.

მოგებათა იშტაზე მოსულმა ‘ხვამლმა’ მორგი გამარჯვება ამჯერად აუტსაიდერ ‘ჭადართან’ თელავში გაიფორმა. მუხიანელები კახელებს თამაშის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, 8 ლელოს გატანა მოახერხეს და მასპინძლები ჰავბეკ ლუკა ნაყეურის 3 გატანილ ჯარიმას დააჯერეს – 45:9. ‘ხვამლის’ მარბიელმა გოგა იასაღაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა, ფრთა საბა ინალიშვილმა კი „დუბლი“ შეასრულა. მოუგებლად მყოფი ‘ჭადარი“ ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება და წინა პოზიციაზე მყოფ ‘ჯიქს’ უკვე 3 ქულით ჩამორჩება.

‘ბორჯომმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. თორელები, ნომინალური მასპინძლის როლში მარნეულის ‘არმაზს’ ნავთლუღში, „შევარდენზე“ დაუხვდნენ და გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ლიგის დებიუტანტი პირველ ნახევარში 2 დადებულ ლელოსთან ერთად მცირე უპირატეობას ფლობდა, თუმცა ქვემო ქართლელთა კვაჭის საბა კურატიშვილის გატანილმა წყვილმა ლელომ შესვენებაზე საყაიმო ანგარიში – 17:17 დააფიქსირა. მეორე ტაიმში ‘არმაზი’ ხისტად და სწრაფად ამოქმედდა, რის შედეგად ‘ბორჯომი’ ოდენ გატანილ კინკილა ჯარიმას გამორჩა, ქვემო ქართლელებმა კი 2 ლელოს გატანა შეძლეს და მარქაფადან ჩართული მგეზავის ოთარ მეტრეველის ლელოს წყალობით რთული გამარჯვება მოიპოვეს – 27:20. აღებული ნუგეშით, ‘ბორჯომი’ ლიგაში დარჩენაზე უშუალო კონკურენტ ‘ჯიქს’ კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს.

ნუგეშ-ქულის აღება გორის ‘ჯიქმაც’ მოახერხა. შიდა ქართლელებმა პატარძეულში, ‘ვეფხვებს’ დიდი ბრძოლა გაუმართეს. მართალია, ნიკო  ჭავჭავაძის შეგირდებმა ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, სანაცვლოდ თავიანთი დამრიგებლის ვაჟის, ფულბეკ გიორგი ჭავჭავაძის 4 გატანილი ჯარიმის წყალობით პირველი ნახევარი 2-ქულიანი სხვაობით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელამდე ანგარიშში თანაფარდობა ნარჩუნდებოდა.  სტუმრები სტატიკურ ფაზებში დაშვებულმა მრავალმა შეცდომამ დააღალატა. გარე კახელებმა აღნიშნული გარემოებით კარგად ისარგებლეს და მეორე ტაიმში მოლით მათი შეტევები კვაჭმა გოჩა დიასამიძემ ტყუპისცალივით მსგავსი წყვილი ლელოთი დააბოლოვა – 17:12. პირველ ნახევარში ლელო მასპინძელთა ფულბეკ საბა ცხვარიაშვილსაც ქონდა გატანილი, რამაც  მთლიანობაში 3 დადებული ლელოს მეოხებით ‘ვეფხვებს’ ბონუსით გამარჯვება არგუნა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერიაც შეაწყვეტინა.

პირველი წრის დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ‘ხვამლი’-‘ტაოს’ შეხვედრა იწვევს, რომელიც მუხიანში, „ხვამლი-არენაზე“ გაიმართება. პირველობის ლიდერი ‘არმია’ კი გამოცდას ლიგის დებიუტანტ ‘ბორჯომს’ ჩაუტარებს.