პირველი ლიგა | ‘არმია’ პირველობას მაქსიმალური შედეგით აგრძელებს

პირველი ლიგის ჩემპიონატი ‘ა’ ჯგუფის ორი გადადებული შეხვედრით განახლდა. სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი ჯერ კალენდარს „გაასწორებს“, თებერვლის შუაწელამდე ყველა გადადებული მატჩი გაიმართება, რის შემდგომ გუნდები პირველი ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ.

დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი და ‘ა’ ჯგუფის ლიდერი  ‘არმია’ „შევარდენზე“ ‘ივერია ვარკეთილს’ დაუპირისპირდა და მატჩი დაგეგმილი პრემიით, 56:0 მოიგო. ‘არმია’ პირველობაზე მონაწილეთა შორის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა შეხვედრა ბონუსით მოიგო და მაქსიმალური შედეგით, 35 ქულით საკუთარ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.

‘ივერიამ’ ფავორიტს გარკვეული წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია და ‘არმიელები’ 3 ლელოს დააჯერა. მეორე ნახევარში ლაშა აზალაძის შეგირდებმა ტემპს უმატეს და ოვალის სწრაფი გათამაშებისა და მრავალსვლიანი კომბინაციების ხარჯზე კიდევ 5 ლელოს გატანა მოახერხეს. „დუბლით“ მარქაფადან ჩართული ფრთა გიორგი ბრაჭული და მგეზავი ვიტო კირინი გამოირჩნენ. კირინმა უნარიან, გააზრებულ თამაშთან ერთად, საკუთარი გუნდის საერთო მონაგარის ლამის ნახევარი, 26  ქულა პირად აქტივს შემატა. ხსენებულ ლელოებთან ერთად, ვიტომ  8-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ვარკეთილელებმა  ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა ქულებით გათანაბრებულ ‘ბაგრატს’ უკეთესი პირისპირ ბალანსითღა უსწრებენ და მომავალ უქმეებზე ქუთაისში, ‘ბაგრატისა’ და ივერიას’ შეხვედრა, ჯგუფში მოწინავე სამეულში მოსახვედრად ვინძლო გადამწყვეტი გამოდგეს. სამეულში მოხვედრის  შანსს თელავის ‘ჭადარიც’ ინარჩუნებს. კახელები, რიონისპირელებსა და ვარკეთილელებს კინკილა ქულით ჩამორჩებიან, თუმცა კონკურენტებზე 1 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.

‘ბაგრატი’ გამარჯვებათა იშტაზე მოვიდა. შალვა კიკვაძის ბიჭებმა მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს და თან ‘დინამოსთან’ პრემიალური ქულის აღებაც მოახერხეს.

მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას ‘ბაგრატი’ ფლობდა, დაცვაშიც საიმედოდ ირჯებოდა და 3 ლელოს წყალობით შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმის დებიუტში, მგეზავ სერგო კვერნაძის ლელოთი რიონისპირელებმა ანგარიშში უპირატესობა 26 ქულამდე გაზარდეს. ‘დინამო’ არ შედრკა,  შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მღლეტელმა ლუკა ქამუშაძემ მოლით დადებული წყვილი ლელოს წყალობით ქართული რაგბის უხნესს გუნდს თამაშის გადარჩენის შანსიც შეუნარჩუნა. მატჩის დასკვნით ნაწილში ‘ბაგრატმა’ უპირატესობის დაბრუნება მოახერხა და შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ფრთა ზურა ჩხობაძის ლელოთი, პრემიის მომტანი გამარჯვებაც დააფიქსირა – 33:14.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ბაგრატის’ ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე კვესელავას კარგი თამაში. რიონიპირელთა 22 წლის შუამარბი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და თანაგუნდელთა გატანილ ლელოებშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. კვესელავამ, თავადაც მოახერხა ლელოს გატანა (თავისივე დაკიდებული ოვალი ეფექტურ ლელოდ აქცია), რასაც მიჯრით 4 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი