პირველი ლიგა | ‘არმია’ ერთპიროვნულად გალიდერდა

პირველი ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური ავჭალაში, ‘არმიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრით დაიწყო. ფავორიტი ‘არმიელები’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ, მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს და დაგეგმილი პრემიაც უდტრტვინველად აიღეს  43:5.

ლაშა აზალაძის შეგირდები, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის დერეფანზე გაბატონდნენ და რამდენიმე ლელო სწორედ მოგებული აუტის შედეგად მძლავრი მოლით დადეს. „დუბლით“-‘არმიელთა’ მარბიელი გიორგი ქუთათელაძე პირველივე ტაიმში გამოირჩა. გურულების მარცხს წერტილი შუამარბ ვიტო კირინის ლელომ დაუსვა. ‘არწივებმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისგან თავის დაღწევა გოჩა ჯიქიას ლელოს წყალობით მოახერხეს. გურულთა ფრთამ ჩინებული სოლო-რეიდი მოაწყო. საკუთარი 22-მეტრიანიდან წამოღებული ოვალი სწრაფი და ოსტატური ხერხით ლელოდ აქცია.

ელიტას საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი ‘ყაზბეგი’ თელავის ‘ჭადარს’ ნავთლუღში, „შევარდენზე“ დაუხვდა და რთული გამარჯვება მოიპოვა  17:10. მოხევეთა დამრიგებელმა გოჩა ჩქარეულმა გადამწყვეტი შეხვედრების წინ ლამის მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა / მათ შორის ბორჯღალოსნები მეკო კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი / და კახელებს სენსაციამდე მცირედი დააკლდათ.

‘ყაზბეგმა’ ტაიმი კაპიტან იაგო მარსაგიშვილის ლელოთი 2-ქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. მოხევეთა მხრიდან მხტომელი იაგო გელაძე, კახელთაგან კი მღლეტელი გიორგი ღვედაშვილი გამოირჩნენ. მარცხის საშიშროების წინაშე მდგარმა ფავორიტმა გადამწყვეტ მომენტში ძალთა კონცენტრაცია შეძლო და ბოლო წუთზე ბურჯ რეზო მარგალიტაძის ლელოთი რთული გამარჯვება მოიპოვა. ბონუსის გარეშე დარჩენილი მოხევეები ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერებულ ‘არმიას’ 1 ქულით ჩამორჩნენ. ‘ჭადარმა’ კი მოპოვებული ნუგეშით, მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი საცხრილო ქულის აღება მოახერხა.

‘ხვამლი’, ასპინძაში ‘ტაოს’ ესტუმრა და უნიჭიერეს დავით ნინიაშვილის არყოლის მიუხედავად / 18 წლის ჭაბუკმა მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა გუნდის თავკაცობა იმედოვნებს რომ, ქართული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს ქომაგი მორიგ ტურში ‘ყაზბეგთან’ შეხვედრაში იხილავს/ დამაჯერებლად  36:3  იმარჯვა, რამაც მუხიანელებს ცხრილში მესამე ადგილი ვადამდე გაანაღდებინა. დებიუტანტი მიღწეულით არ კმაყოფილდება და მიზნად დიდი 10-ის საგზურის მოპოვებას ისახავს, რისი თეორიული შანსი მუხიანელებს ჯერ კიდევ შერჩათ. საწადელის მისაღწევად ‘ხვამლს’ დარჩენილ 2 ტურში მაქსიმალური შედეგის ჩვენება მართებს და თან ‘ყაზბეგმა’ საკუთრივ ორივე მატჩი მარცხით უნდა დაასრულოს.

მატჩის დებიუტში მესხებმა მეტად მოინდომეს და მგეზავ ოთარ ტალახაძის ჯარიმით ანგარიშშიც დაწინაურდნენ. ‘ხვამლი’ კი დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად სწრაფი იერიშებითაც გამოირჩა, რასაც დავით ცხვედიანის შეგირდთა 5 უპასუხო ლელო მოჰყვა. მარქაფადან ჩართულმა მუხიანელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ბურჯმა ლუკა პეტრიაშვილმა მეორე ნახევარში „დუბლი“ შეასრულა, დანარჩენი ლელოები კი აქტივში ხაზის მოთამაშეებმა მიითვალეს.

ქვედა ექვსეული

მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში დარჩენაზე  რეალურად ბრძოლა ‘ბაგრატსა’ და ‘დინოზავრს’ შორის მიმდინარეობს, მეტოქენი ფავორიტებს ტოლს არ უდებენ და ხშირად სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიან. მეოთხე ტურში რიონისპირელებმა პრემიალური ქულა მატჩის მიწურულსღა გამოიმუშავეს, წყალტუბომ კი სულაც „ბეწვის ხიდზე“ გაიარა და შეხვედრა „ქამბექით“, ბონუსის გარეშე მოიგო. რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ქულათა სხვაობა ლიდერ ‘დინოზავრსა’ და მდევარ ‘ბაგრატს’ შორის მინიმუმამდე შემცირდა.

‘ბაგრატი’, ჭიათურაში ‘იმერეთს’ სტუმრობდა და დაგეგმილი პრემიის აღება დიდი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ზემო იმერლებმა მგეზავ ნიკა კობიაშვილის წყვილი ჯარიმით ტაიმის მოგება მოახერხეს. მეორე ნახევარში კი რიონისპირელებმა ტემპს უმატეს, ოვალზე კონტროლი გაამკაცრეს, მასპინძლებს 3 უპასუხო ლელო დაუდეს / მღლეტელი რუსლან გიგაშვილი, მხტომელი გიორგი კიკვაძე, ფრთა ზურაბ ჩხობაძე/ და მატჩი  19:6  მოიგეს.

წყალტუბოს ‘დინოზავრს’ მეტოქის შეუფასებლობა „ოქროს“ ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ‘დინამომ’ ქუთაისში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, იმერლებს 3 ლელო გაუტანა და ‘დინოზავრი’ პრემიის გარეშე დატოვა. მეორე ტაიმის შუაწელს ‘დინამოელები’ ფრთა ლუკა ქამუშაძის ლელოთი  6 ქულით დაწინაურდნენ. მოახლოებული მარცხის საფრთხემ ზაზა ჩირგაძის შეგირდები დროულად გამოაფხიზლა, რასაც დარჩენილ დროში წყალტუბოელთა მხრიდან სამი უპასუხო ლელო მოჰყვა, თუმცა ‘დინოზავრი’ პრემიის გარეშე დარჩა  36:21. მასპინძელთა რიგებში „დუბლით“  გოგა ნემსიწვერიძე გამოირჩა. ‘დინოზავრის’ მარცხენა ფრთამ შეხვედრის პირველი და ბოლო ლელოს გატანა მოახერხა.

მერვე ტური „შევარდენზე“, ‘ივერიასა’ და ‘დევების’ შეხვედრით დასრულდა. ვაჟა პაიჭაძის ბიჭებს ღრმა აუტსაიდერის ძლევა არ გაჭირვებიათ. ვარკეთილელებმა ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ სამოყვარულო კლუბ ‘დევებს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანეს და მატჩიც პრემიის თანხლებით „მშრალი“ ანგარიშით  43:0 მოიგეს. ‘ივერია’ სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მოედნის მონაკვეტებზე შექმნილ რიცხობრივ უპირატესობასაც კარგად იყენებდა.სეზონში მეხუთე გამარჯვების შედე ვარკეთილელთა წარმატებას სათავე ფრთა ბექა ბარამიძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ბურჯ ილია ტაბატაძის ლელომ დაუსვა.

‘ივერიას’ ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი შემორჩა. ვარკეთილელებს დარჩენილი ორივე შეხვედრის ბონუსით მოგება მართებთ და თან კონკურენტმა ‘ბაგრატმა’ და ‘დინოზავრმა’ დაუგეგმავი ქულები უნდა დაკარგონ.