პირველი ლიგა | ‘არმიამ’ რეგულარული სეზონი მოიგო

პირველი ლიგის დასკნითი ტურის წინ პლეი ოფში ადგილგანაღდებული გუნდები დაწყვილდნენ. ლიგის გამარჯვებული ‘არმია’ შინ ‘ტაოს’ დაუხვდება. მეორე 1/2-ში კი ‘ხვამლი’-არწივების’ შეხვედრის ლოკაციას დასკვნითი ტური გაარკვევს. ერთმატჩა პლეი ოფსა და ფინალში უკეთეს-ნომრიანი გუნდები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ.

ლიგის ბოლოსწინა, მე-17 ტურს ‘არწივები’-‘არმაზის’ გადადებული შეხვედრა უსწრებდა, რითაც კალენდარი სრულად „გასწორდა“. გურულებმა საშინაო შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ ჩაატარეს და ქვემო ქართლელები ბონუს-ქულის თანხლებით – 46:29 დაამარცხეს. ‘არმაზი, ბოლომდე იბრძოდა, მთლიანობაში 4 ლელოს გატანაც შეძლო, ბურჯ თორნიკე ჯიბლაძისა და გუნდის კაპიტან ლევან ბრაგვაძის დადებულ ლელოთა წყალობით მატჩის დებიუტში 12-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა ‘არწივების’ ჩინებულად მობურთავე ხაზს ვერაფერი მოუხერხა.

გურულთა დამრიგებელ გია ამირხანაშვილს სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები აშკარად წაადგნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯაბულანი მკულვანის კარგი თამაში. ‘არწივების’ აფრიკელმა ფულბეკმა მიჯრით მეორე შეხვედრაში „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა. ლელოს გატანა კიდევ ერთმა აფრიკელმა, შუამარბმა ჯასტინ ნაუდემაც მოახერხა. გურულების კვაჭმა იაგო წაქაძემ კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა. ‘არწივებმა’ 8-ვე ლელო ხელდახელ თამაშით, კომბინაციურ სტილში გაიტანეს.

გურულები კალენდარული ტურის შეხვედრაში მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ტაოსთან’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშს დაეშურნენ. შეხვედრა ოზურგეთის საფეხბურთო არენაზე გაიმართა და ხალხმრავალი მატჩი რაგბის ნამდვილ ზეიმად იქცა. მრავალრიცხოვანმა ქომაგმა ლაღი, შემტევი რაგბი, ორივე გუნდის მხრიდან 5-5 გატანილი ლელო და დრამატული ფინალი იხილა.

საათის მიწურულამდე ‘არწივები’ დომინირებდნენ. გურულები ხაზსშიც და სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ, რამაც მასპინძლებს 22-ქულიანი უპირატესობა მოუტანა, თუმცა გამარჯვების ადრეულმა რწმენამ გია ამირხანაშვილის ბიჭებს ცუდი სამსახური გაუწია. მატჩის კალაპოტიდან ამოვარდნილ ‘არწივებს’ მესხებმა მცირე მონაკვეთში 4 უპასუხო ლელო დაუდეს და ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს – 33:27. აღნიშნულ პერიოდში მესხთა შუამარბმა გიგი გიგინეიშვილმა „დუბლი“ გაახერხა, ფულბეკის პოზიციაზე მყოფმა უბერებელმა, 40 წელს მიტანებულმა ბორჯღალოსანმა გოშა შკინინმა კი კარგ თამაშთან ერთად, ლელოს დადება ამჯერზეც შეძლო.

მარცხის საშიშროებამ ‘არწივები’ დროულად გამოაფხიზლა. გურულების ერთ-ერთი ბოლო მიძალება თავის მეორე ლელოთი მხტომელმა კონსტანტინე გაზაშვილმა დააგვირგვინა, მგეზავმა ბახვა კობახიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს ზედრამატულ ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა – 34:33. მიჯრით მე-5 მოგების მიუხედავად, ‘არწივებმა’ ცხრილში მეორე პოზიცია ვერ შეინარჩუნეს, რამეთუ ქულებით გატოლებულმა ‘ხვამლმა’ გურულებს უკეთესი პირისპირ ბალანსით გადაასწრო.

‘ხვამლმა’ მუხიანში პირველობის აუტსაიდერ ‘ჭადარს’ 15 უპასუხო ლელო დაუდო და ასტრონომიული სხვაობით – 99:0 მოიგო. მუხიანელთა ფრთა გიორგი ჯობავამ 6 ლელოს გატანა მოახერხა. ‘ხვამლს’ სასურველი მეორე ადგილის შესანარჩუნებლად გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს. რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მუხიანელები სტუმრად ‘ტაოს’ დაუპირისპირდებიან. მართალია, მესხები მეოთხე ადგილს ვერ აცდებიან, თუმცა მუხიანელებთან პრესტიჟის შესანარჩუნებლად იოლად არაფერს დათმობენ. ‘ხვამლს’ კი დასახული მიზნის მისაღწევად ‘ტაოსთან’ მოგება ბონუსის თანხლებით ჭირდება. სეზონში მე-16 მარცხის მიუხედავად, „ჭადარს’ ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი მაინც დარჩა. კახელები დასკვნით ტურში, უმოტივაციო მდგომარეობაში მყოფ ლიდერ ‘არმიას’ უმასპინძლებენ.

‘არმიამ’ რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი, მის დამთავრებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა. „არმიელებმა“ ქუთაისის ‘ბაგრატს’ 5 ლელო დაუდეს და რიონისპირელები კვაჭ შალვა ჯაჯაიას ეულ ლელოს დააჯერეს – 35:5. ‘არმიას’ ორივე ფრთის მოთამაშემ, გიორგი გელაშვილმა და ბექა მაჭარაშვილმა „დუბლი“ შეასრულეს. გუნდის კაპიტანმა და ჰავბეკმა რამაზ ჯინაშვილმა 5-ივე რეალიზაცია გამოიყენა. მართალია, დასკვნით ტურში ლიდერს შესაძლოა ‘ხვამლი’ და ‘არწივები’ ქულებით გაუტოლდნენ, თუმცა „არმიელებს“ ორივე კონკურენტთან დადებითი პირისპირ ბალანსი გააჩნიათ და შესაბამისად მეტოქენი ბექა სხულუხიას ბიჭებს პირველობას ვეღარ შეეცილებიან.

ლიგაში დარჩენაზე მებრძოლმა გორის ‘ჯიქმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ჭალის დასახლებაში დიდი ბრძოლა გაუმართა, 5 ლელოს გატანაც მოახერხა, თუმცა სამატჩო ქულის აღება ვერ შეძლო. მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა ‘ჯიქმა’ გარე კახელთა მოთამაშის სინბინით კარგად ისარგებლა და მეორე ტაიმის შუაწელს მიჯრით 3 ლელოს დადება მოახერხა / ფულბეკი ბექა ბრეგვაძე-„დუბლი“/, თუმცა ბოლო წუთებზე ‘ვეფხვებმა’ მოლით-მეოთხე, მატჩში კი თავიანთი მეექვსე ლელო გაიტანეს და შიდა ქართლელები ნუგეშის გარეშე დატოვეს – 38:29. გადამწყვეტი ლელოთი და შესრულებული „დუბლით“, ‘ვეფხვების’ რიგებში ბურჯი გიორგი ლაფერიშვილი გამოირჩა. ‘ბორჯომთან’ უარყოფითი პირისპირ ბალანსის ქონის გამო, ‘ჯიქი’ მეცხრე ადგილს ვეღარ აცდება და უკეთეს შემთხვევაში ლიგაში ადგილის შენარჩუნებას რეგიონული ლიგის მეორეადგილოსანთან პლეი აუტში, 2-მატჩიან დაპირისპირებაში ეცდება.

ლიგის ბოლოსწინა ტური ‘არმაზი’-ბორჯომის’ შეხვედრით დასრულდა. სატურნირო ცხრილის მხრივ შეხვედრა თორელთათვის აღარაფერს წყვეტდა, ქვემო ქართლელებს კი მოწინავე კვინტეტში ადგილის შესანარჩუნებლად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. შეხვედრას მეტოქეთა მხრიდან უმარავი ტექნიკური წუნი ახლდა და მატჩის სანახაობრივი მხარეც მოიკოჭლებდა. ამის მიუხედავად ‘არმაზი’ უპირატესობას ფლობდა, თორელებზე სამით მეტი, 4 ლელო გაიტანა (ფრთა ოთარ მეტრეველი-„დუბლი“), მატჩი ბონუსით – 28:13 მოიგო, რამაც ქვემო ქართლელებს ცხრილში 43 ქულით მე-5 ადგილი შეუნარჩუნა.